ოფიციალურად: ანჩელოტი
Aa
Aa

ოფიციალურად: ანჩელოტი "ნაპოლის" გაწვრთნის!

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. „პაპა კარლო“ ნეაპოლელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის რომში მდებარე სახლში იმყოფებოდა და მხარეებმა საფეხბურთო სამყაროს შეთანხმების შესახებ სწორედ იქიდან აცნობეს.

ანჩელოტის მედიის წინაშე პრეზენტაციას 9 ივლისს გაიმართება, როცა გუნდი ახალი სეზონისთვის შეიკრიბება.

„პაპა კარლომ“ სამხრეთელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, წლიურ ხელფასად კი 6.5 მილიონ ევროს მიიღებს.

კარლო ანჩელოტი იტალიურ ფეხბურთს 2009 წლის შემდეგ უბრუნდება. 58 წლის სპეციალისტისთვის "ნაპოლი" მე-5 აპენინური კლუბი იქნება - იგი "რეჯიანას", "პარმას", "იუვენტუსსა" და "მილანს" ავარჯიშებდა. 2009 წლიდან კი "ჩელსიში", "პარი სენ ჟერმენში", "რეალსა" და "ბაიერნში" მუშაობდა.

ამასობაში, ანჩელოტის ფავორიტები გამოიკვეთა და როგორც ირკვევა, მას სუსოსა და არტურო ვიდალის "სან პაოლოზე" მიყვანა სურს. "მილანის" შემტევის გამოსასყიდი თანხა 38 მილიონი ევროა და არაა გამორიცხული, რომ კლუბის დატოვება თავად ესპანელსაც სურდეს, მიზეზი მარტივია - "როსონერი" ევროპა ლიგაზე ითამაშებს, "ნაპოლი" კი - ჩემპიონთა ლიგაზე.

რაც შეეხება ვიდალს, "კარლიტო" ჩილელთან ერთად მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდა და მისით "ნაპოლის" ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჟორჟინიომ და ჰამშიკმა, შესაძლოა, ნეაპოლი დატოვონ. პირველ მათგანს "მანჩსტერ სიტი" ეპატიჟება, ხოლო ჰამშიკს ჩინეთის სუპერ ლიგიდან ექაჩებიან.

„ნაპოლის“ პრეზიდენტი მაურიციო სარის გუნდიდან წასვლას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და მას გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.

მაურიციო სარის მადლობას ვუხდი იმ უძვირფასესი სამუშაოსათვის, რაც კლუბისთვის გაიღო. ჩვენს გუნდს, როგორც ქალაქის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, უდიდესი პრესტიჟი შესძინა. შემოქმედებითი სტილისათვის, რომლითაც „ნაპოლიმ“ ყველა აღაფრთოვანა. ბრავო მაურიციო“.

სარის წარმომადგენლები „ჩელსის“ ხელმძღვანელებს დღეს ლონდონში შეხვდებიან. როგორც იტალიური პრესა წერს, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იტალიელი ტაქტიკოსი კარიერას „ლურჯების“ რიგებში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები