ბენიტესმა „ლივერპულის“ 2005 წლის საოცარი ქამბექი გაიხსენა
Aa
Aa

ბენიტესმა „ლივერპულის“ 2005 წლის საოცარი ქამბექი გაიხსენა

რაფა ბენიტესის მეთაურობით „ლივერპულმა“ 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი შემოგვთავაზა. ინგლისელებმა პირველი ტაიმი 3-0 წააგეს, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი დაისაკუთრეს.

სტამბულში გამართული ფინალის შემდეგ ბენიტესის მეგობრები წვეულებაზე შემოსვლას ვერ ახერხებდნენ და ესპანელი პრობლემის მოსაგვარებლად გარეთ გავიდა. საინტერესოა, რომ რაფამ დაბრუნება ვერ მოახერხა, მას ხელი დაცვის თანამშრომელმა შეუშალა, რომელმაც მწვრთნელი გააჩერა და უთხრა: „აქ ვერ შეხვალთ. კერძო წვეულება იმართება“. როგორც ბენიტესი იხსენებს, მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა მცველს ასეთი ფრაზით მიმართა:“იცი ეს კაცი ვინაა? მცველმა უარის ნიშნად მხრები აიჩეჩა. მან კითხვა გაუმეორა და რამდენიმე წამში თავად უპასუხა - იგი ღმერთია გაიგე?! იგი ღმერთია“!

დღესდღეობით ბენიტესი ლივერპულში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ადგილობრივი მოსახლეობის კერპია. „წითლების“ ყოფილმა მწვრთნელმა იურგენ კლოპს ასე მიმართა: „გაიმარჯვე და შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება!“

„ხალხი ამბობს, რომ კლოპი კარგი მწვრთნელია, მაგრამ საკუთარ სტატუსს მაშინ ამტკიცებ, როდესაც რეგულარულად იმარჯვებ. გადახედეთ ჩემს კარიერას, „ვალენსიაში" უეფას თასი მოვიგე, მაგრამ „ლივერთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვება აბსოლუტურად სხვა მოვლენა იყო! კლოპი ქომაგების კერპია, მაგრამ წარმატების მიღწევის შემთხვევაში იგი გაცილებით მაღალ სტატუსს მოიპოვებს“.

„ლივერპულის გულშემატკივრებს ყველგან ნახავთ და მათ საუბარი მხოლოდ სტამბულის ფინალის შესახებ სურთ“. როდესაც ქალაქში მატარებლით მოვდივარ, ერთ მხარეს სტამბულზე მოლაპარაკე  „წითლების“ გულშემატკივრებს, ხოლო მეორე მხარეს „კაჭკაჭების“ მატჩზე დასასწრებად ჩამოსულ ნიუკასლელ ქომაგებს ვხედავ,

„მახსოვს ერთხელ შვილი სკოლიდან გამომყავდა და უეცრად მისმა თანაკლასელებმა სიმღერა მომიძღვნეს. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა“.

ბენიტესმა შვილების უცნაურ ინგლისურ აქცენტზე იხუმრა, თუმცა სიმბოლურია ის ფაქტი, რომ სტამბულში მისი მთავარი პრობლემა სწორედ ინგლისური ენა იყო.

„როდესაც მეორე გოლი გავუშვით, იმ საკითხებს ვინიშნავდი, რომლებზეც შესვენებაზე ვისაუბრებდი. უეცრად მესამე ბურთიც მივიღეთ და კატასტროფის წინაშე დავდექით...“

„შესვენებაზე ინგლისურად საუბარი მომიწია. 13 წლის წინ ეს ენა არც თუ ისე კარგად ვიცოდი და დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ფეხბურთელებისთვის მოტივაციის მისაცემად რა მეთქვა. საბოლოოდ მათ ასე მივმართე - თუ გოლს გავიტანთ, თამაშში დავბრუნდებით, დასაკარგი არაფერი გვაქვს“.

„ასისტენტს მოედანზე ჰამანი შეეყვანა ვთხოვე და თამაშის 3 მცველით გაგრძელება გადავწყვიტე. დიტმარმა საყრდენის პოზიცია დაიკავა და ჯერარდს წინ წასვლის საშუალება მისცა“.

ლეგენდარულმა სტივენმა 54 წუთზე სათავე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ქამბექს დაუდო და თავური დარტყმით სხვაობა 2 გოლამდე შეამცირა. თამაშის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და მატჩიც ასე დასრულდა. საბოლოოდ „მერსისაიდელებმა“ პენალტების სერიაში დუდეკის საოცარი თამაშის წყალობით იმარჯვეს.

„სტამბული ჩვენი საოცარი ქამბექის გამო, ისტორიაში ყველაზე ემოციურ ფინალად დარჩება. საშინელი სტარტის მიუხედავად გულშემატკივრები ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგნენ, რამაც მოთამაშეებს დამატებითი მოტივაცია მისცა“.

„ხალხი თვლის, რომ გაგვიმართლა...თუმცა ფაქტია,რომ ფინალამდე დამსახურებულად მივედით! ისეთი გუნდები გამოვაგდეთ, როგორებიც: „ლევერკუზენი“, „იუვენტუსი“ და „ჩელსი“ არიან. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანების სერიას, დუდეკმა ზუსტად იცოდა „მილანის“ ფეხბურთელები სად დაარტყამდნენ, იერჟი ამისთვის დიდხანს ვარჯიშობდა. მაშინდელი „მილანი“ ევროპის საუკეთესო გუნდი იყო, მაგრამ სტამბულში უკეთესი შეხვედრა ჩავატარეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ,“.

ორი წლის შემდეგ, ათენში, „მილანმა“ რევანში აიღო და რაფას უსიამოვნო მოგონებები დაუტოვა...

„ვიცოდით, რომ ათენში ცხელი საღამო გველოდა, ამიტომ კონდიციებთან შესაგუებლად მურსიაში წავედით და იქ ვივარჯიშეთ. მიუხედავად ამისა, ათენმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, გასახდელში ყველა გაგრილებას და პირსახოცებს ითხოვდა და ჩემი მოსმენის თავი არავის ჰქონდა“.

ბუნებრივ პირობებს სხვა გართულებებიც მოჰყვა...

„დასაძინებლად საკმარისი ოთახები არ გვქონდა, რადგან სასტუმროების უმრავლესობა დაჯავშნული წინასწარ იყო. იძულებული გავხდი ჩემი ცოლი ერთ-ერთ სკაუტის მეუღლესთან დამეტოვებინა და ჩვენ ორმა 7 საათამდე ქუჩაში ვიხეტიალეთ. რაზე ვსაუბრობდით?! რა თქმა უნდა ახალ ფეხბურთელებზე“.

ბენიტესი ფინალურ დაპირისპირებასაც შეეხო და პროგნოზის გაკეთებაზე უარი განაცხადა

„ხალხი სტამბულის ფინალის შესახებ დღემდე საუბრობს, თუმცა კლოპის „ლივერპული“ აშკარად უკეთესი გუნდია. ჩვენ ჯერარდი, ალონსო და ჰამანი გვყავდა, თუმცა თამაშში გარდატეხის შეტანა მხოლოდ სტივენს შეეძლო. შეხედეთ დღევანდელ „ლივერპულს“ მათ შემტევ ტრიოს შეხვედრის შემოტრიალება ნებისმიერ მომენტში შეუძლია“.

„განსხვავება პრემიერ ლიგასა და სხვა ჩემპიონატებს შორის ინტენსიურობა და სიძლიერეა. „ლივერპულმა“ მშვენიერი „სკოლა“ გამოიარა და მათ საოცარი შეტევა, დაცვა და ნახევარდაცვა ჰყავთ. მეორეს მხრივ „რეალის“ რიგებში ბევრი გამოცდილი მოთამაშე თამაშობს, თუმცა მჯერა, რომ „ლივერპულს“ გამარჯვების მიღწევა შეუძლია“.

„შუძლებელი არაფერია! ფინალში თითოეულ შეცდომას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები