Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. „გოლდენ სტეიტმა“ ტეხასში მოპოვებული მოედნის უპირატესობა ხელიდან გაუშვა და შინ „ჰიუსტონთან“ სამქულიანი სხვაობით დამარცხდა.

„როქეთსმა“პირველი ტაიმი 7 ქული სხვაობით მოიგო, თუმცა მესამე მეოთხედში 34-17 დამარცხდა და ბოლო პერიოდს 10 ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა. მიუხედავად ამისა ტეხასელებმა ბოლომდე იბრძოლეს და საოცარი დაცვის წყალობით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

„მეომრებმა“ წლევანდელი სეზონის ყველაზე ცუდი მეოთხე მეოთხედი ჩაატარეს. „უორიორსმა“ 18-დან 3 ტყორცნა გამოიყენა, კარი-დურანტის დუეტმა კი კალათში 13-დან მხოლოდ 2 ბურთი მოათავსა. გადამწყვეტ პერიოდში „გოლდენ სტეიტმა“ სულ რაღაც 12 ქულა დააგროვა და „ჰიუსტონს“ სერიაში დაბრუნების საშუალება მისცა.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში საუკეთესო 28 ქულით სტეფ კარი იყო. კევინ დურანტმა გუნდს ორმაგი დუბლი შესძინა და თავი 27 ქულასა და 12 მოხსნას მოუყარა. ტრადიციულად გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა დრეიმონდ გრინმა, 28 წლის მძიმე ფორვარდმა აქტივში 11 ქულა, 13 მოხსნა და 8 გადაცემა ჩაიწერა.

ტეხასელებს ჰარდენი-პოლის დუეტმა ულიდერა. „ჰიუსტონის“ უკანახაზელებმა ჯამში 57 ქულა მიითვალეს, დანარჩენმა მოთამაშეებმა კი გუნდს მხოლოდ 38 ქულა შესძინეს. ერიკ გორდონმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

სერიაში ანგარიში თანაბარია, 2-2 და შემდეგი შეხვედრა ტეხასში 25 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები