ზიდანმა და კლოპმა სამომავლო დაპირისპირებაზე ისაუბრეს
Aa
Aa

ზიდანმა და კლოპმა სამომავლო დაპირისპირებაზე ისაუბრეს

ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება სტარტს 26 მაისს აიღებს, მანამდე გუნდების მწვრთნელებმა ჟურნალისტებთან წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.

„მადრიდის რეალის“ მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს და უარყო ის ინფორმაცია, რომ ესპანელები ზედიზედ ორჯერ მიღწეული გამარჯვების შემდეგ „ლივერთან“ უმოტივაციოდ იქნებიან.

„ზიზუმ“ ხაზი გამოცდილებასაც გაუსვა და განაცხადა, რომ „რეალის“ ფეხბურთელებმა ბოლო 4 წელში 3 ფინალი ითამაშეს, „ლივერპულის“ არცერთ მოთამაშეს კი მსგავს დონეზე არასდროს უასპარეზია.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობას ზედიზედ მესამედ ვიღებთ და ვიღაცები ამის გამო თვლიან, რომ მოგების წყურვილი არ გაგვაჩნია. არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა. შანსი გვაქვს ლიგა ზედიზედ მესამედ მოვიგოთ და ეს ჩვეულებრივი მოვლენა ნამდვილად არაა. რა თქმა უნდა წარმატების მიღწევა მოწინააღმდეგესაც სურს, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ რომელიმე გუნდს გამარჯვების უფრო დიდი სურვილი აქვს სრული სისულელეა. მნიშვნელობა არც ჩვენს გამოცდილებას აქვს, რადგან ფინალი აბსოლუტურად სხვა მოვლენაა“.

„ლივერპულს, როგორც პრემიერ ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მშვენიერი სეზონი ჰქონდა. „ლივერი“ კარგი გუნდია, რომელსაც ხიფათის შექმნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. მათთან გამკლავება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ვფიქრობ ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს და სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ“.

ზიდანი კრიშტიანუ-სალაჰის „გაცვლასაც“ შეეხო და განაცხადა

„რა თქმა უნდა გუნდში კრიშტიანუს ყოლა უკეთესია. იგი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია და საკუთარ სტატუსს ყოველ წელს ამტკიცებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება, მატჩამდე მხოლოდ 4 ვარჯიშს ჩავატარებთ და იმედს დავიტოვებ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება“.

საუბრის დასასრულს ფრანგი სპეციალისტ "რეალის" შემტევ ტრიოს და საკუთარ სამწვრთნელო კარიერას შეეხო

 

„არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ნამდვილად არ ვარ. ამის ყოველდღე თქმა არ მჭირდება, რადგან ჟურნალსიტებისგანაც იგივეს ვისმენ და მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მე იმედითა და მოწოდებით ვცოცხლობ და ეს ყველაფერზე მაღლა დგას“.

„სამი ფეხბურთელი, რომელიც თქვენ ახსენეთ (რონალდუ, ბენზემა და ბეილი) ჩემთვის საუკეთესოები არიან. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ საკუთარი სიძლიერი უკვე რამდენჯერმე დაამტკიცეს. ყოველი დღე უნიკალურია და მათგან კარგ სათამაშო ფორმას მოვითხოვ. თუ ერთ-ერთმა ითამაშა არ ნიშნავს, რომ მატჩში მონაწილეობას სხვებიც მიიღებენ".

სამომავლო დაპირისპირებაზე იურგენ კლოპმაც ისაუბრა და საკუთარ ფეხბურთელებს სიმამაცის გამოვლენისკენ მოუწოდა. 

„შეუძლებელია მოედანზე გახვიდე და დამარცხებაზე არ იფიქრო. ცხოვრების მანძილზე მსგავსი შეგრძნება ბევრჯერ მქონია და მაინც ცოცხალი ვარ. თავს ბედნიერი ადამიანად ვგრძნობ და ცხოვრებაც გრძელდება. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ბიჭებმა შეხვედრა მამაცურად ჩაატარონ. სხვა შეხვედრებში ზუსტად ასე ვითამაშეთ. „სიტისთან“ და „რომასთან“ სიმამაცის გამოჩენა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ბიჭებმა დავალება წარმატებით შეასრულეს და იმედი მაქვს ფინალშიც იგივე მოხდება“.

„გამოცდილება უდავოდ დიდი უპირატესობაა, მაგრამ მისი გაბათილება გამარჯვების სურვილით, მატჩისათვის მზადყოფნით, კონცენტრაციით და სამუშაო რეჟიმით შეიძლება, რაც სიმართლე გითხრათ საკმაოდ კარგი რამაა da ფეხბურთი სწორედ ამიტომ მიყვარს".

გერმანელი სპეციალისტი მომავალ ოპონენტსაც შეეხო და განსაკუთრებული ყურადღება მის ძლიერ მხარეებზე გააკეთა.

„რეალი შეკრული გუნდია. მან უკანასკნელი 3 ფინალი თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით ჩაატარა, რაც უდავოდ მათ განსაკუთრებულობაზე მეტყველებს“.

„მადრიდელებს ძლიერი სასტარტო შემადგენლობა და მშვენიერი კოლექტივი ჰყავთ. სხვაგვარად არ შეიძლება. ფინალში დაპირისპირება მუდამ ძლიერ გუნდთან გიწევს. ცუდი გუნდი არც ლივერპულია, ჩვენ გამარჯვებისკენ სწრაფვა გვამოძრავებს და საკუთარი ოცნებების მისაღწევად ბევრს ვმუშაობთ. იმედი მაქვს ფინალში ყველაფერს იდეალურად წარმოვაჩენთ და წარმატების შანსი გვექნება“.

„იუვეს მსგავსად რომ გვეთამაშა ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდოდით. იგივე მოხდებოდა „რეალის“, „ბარსას“ ან „ბაიერნის“ სტილი რომ გადმოგვეღო. ჩვენ გამოუცდელობის გამო სხვებზე მეტი ყურადღება გვმართებს და ევროპულ გრანდებთან გათანაბრება მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება“.

დასასრულს კლოპი მატჩის მნივნელობას, რონალდუს განსაკუთრებულობას და ქომაგთა მხარდაჭერას შეეხო.

„ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. პირადი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ თასის მოგებაზე დიდხანს ვოცნებობდი და ვთვლი, რომ ახლა ყველაზე კარგი შანსი მაქვს“.

„ვიმედოვნებ რამდენიმე წლის შემდეგ შვილებს და ოჯახის წევრებს ვეტყვით, რომ ფინალში ყველაფერი გავაკეთეთ და თასი დავისაკუთრეთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს, გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ! ფეხბურთელები ფორმაში არიან და ერთი სული აქვთ ფინალი როდის დაიწყება“.

„რონალდუ, სალაჰი, მესი... აუცილებელია ამ ფეხბურთელებს პატივი ვცეთ. კრიშტიანუ 30 გოლის გატანას ყველაზე ცუდ სეზონშიც ახერხებს, რაც შთამბეჭდავი შედეგია. ჩვენ პორტუგალიელს აუცილებლად დიდ ყურადღებას დავუთმობთ“.

„ენფილდის“ გარშემო წითელი მაისურების ხილვა სასიამოვნო შეგრძნებაა. სამწუხაროა, რომ ქომაგებისთვის ფინალზე დასასწრები ბილეთების მიცემა არ შემიძლია, თუმცა დარწმუნებული, ვარ რომ გულშემატკივარები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გვიქომაგებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები