მორატას აგენტმა Casa Milan-ში შეხვედრა გამართა
Aa
Aa

მორატას აგენტმა Casa Milan-ში შეხვედრა გამართა

Sky Italia-ს ინფორმაციით, ესპანელი შემტევის, ალვარო მორატას აგენტი, ჯუზეპე ბოცო დღეს Casa Milan-ში იმყოფებოდა, სადაც "მილანის" ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. ბოცოს, "როსონერის" სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკო ფასონემ უმასპინძლეს.

მორატას ტრანსფერი დაახლოებით 60 მილიონ ევროდ ფასდება, უეფას ფინანსური ფეარ-პლეის გამო კი "მილანს" ამ თანხის გადახდა არ შეუძლია, ამიტომაც მხარეებმა იჯარასა და გამოსყიდვის უფლებაზე ისაუბრეს.

მორატა "ჩელსიში" გასულ ზაფხულს გადავიდა და კლუბში გატარებულ პირველ სეზონში საუკეთესო თვისებები აშკარად ვერ გამოავლინა. მან პრემიერ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 24 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჯამში 11 გოლი გაიტანა. 

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მორატა იტალიაში დაბრუნებაზე ფიქრობს, მისი ოჯახური მდგომარეობაა. ესპანელი შემტევის მეუღლე, ალის კამპელო იტალიელია და იგი მორატასგან პირველ შვილს ელოდება. როგორც იწერება, ალისი ინგლისს მაინცდამაინც ვერ შეეწყო და სამშობლოში დაბრუნება ურჩევნია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუზეპე ბოცო "მილანის" ინტერესთა სფეროში მყოფი კიდევ ერთი ფეხბურთელის, სიმონე ძაძას აგენტია. ბოცომ და ძაძამ თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

ძაძამ ლა ლიგის გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა, თუმცა მისი "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და რამდენად მოინდომებს 26 წლის ფორვარდი "მილანთან" ერთად ევროპა ლიგაზე თამაშს, ძნელი სათქმელია.

იტალიელ თავდამსხმელს "ღამურებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო თანხა 20-25 მილიონი ევროა.

მილანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ნიკოლა კალინიჩის გაყიდვას აპირებენ, რომელსაც ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბებისგან წინადადებები აქვს. საუბარია კარლოს ბაკას "სან სიროზე" დაბრუნებაზე, რომელიც "ვილიარეალში" იჯარის წესით თამაშობს.

მორატასთან ერთად, "შავ-წითელთა" მთავარ სატრანსფერო სამიზნეებად ანდრეა ბელოტი და ჩირო იმობილე სახელდებიან. "სკუადრა აძურას" ცენტრფორვარდები ევროპულ ბაზარზე მოთხოვნადი ფეხბურთელები არიან და მათი გადაბირება რთული საქმეა, მაგრამ ლომბარდიელთა ბოსები მათ "მილანში" გადასაყვანად აქტიურ მუშაობას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები