გუარდიოლა ინიესტას
Aa
Aa

გუარდიოლა ინიესტას "სიტიში" იწვევს - ანდრესი მოთამაშე მწვრთნელად?

როგორც უკვე ცნობილია, ანდრეს ინიესტა "ბარსელონურ" კარიერას ასრულებს და სათამაშოდ ევროპის მიღმა მიემგზავრება.

34 წლის ფეხბურთელის გადარწმუნებას "ბარსა" არაერთხელ შეეცადა, თუმცა ინიესტას წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

დღეს BBC-იმ Yahoo Sports-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პეპ გუარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" ანდრეს ინიესტას მიწვევა სურს.

ინიესტა "ქალაქელებში" მოთამაშე მწვრთნელი იქნება. სადამდეც თავად გადაწყვეტს, ის "სიტის" რიგებში ითამაშებს და პარალელურად გუარდიოლას თანაშემწეც იქნება - ასეთია ინგლისური კლუბის წინადადება.

უკვე ცნობილია, რომ "სიტის" მალე პეპის ამჟამინდელი თანაშემწე მიკელ არტეტა დატოვებს და დიდი ალბათობით "არსენალს" ჩაიბარებს.

როგორც თავად ინიესტამ განაცხადა, ის არჩევანს ჩინეთსა და იაპონიას შორის გააკეთებს და ამის შესახებ საზოგადოებას სულ მალე გაუმხელს.

მიუხედავად გუარდიოლას მაცდური და მომხიბვლელი წინადადებისა, მაინც ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ანდრეს ინიესტამ ევროპაში სხვა გუნდის მაისურით ითამაშოს.

ყველაფერი უახლოეს რამდენიმე დღეში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები