Aa
Aa

ბუფონის ცრემლები და უკანასკნელი მატჩი ''იუვენტუსში'' - ტურინი ლეგენდას დაემშვიდობა

სერია ა-ს 2017-18 წლების სეზონის დასკვნით ტურში ტურინის ''იუვენტუსის'' მაისურით ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. 40 წლის მეკარემ ''ვერონას'' წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა. 63-ე წუთზე ბუფონი კარლო პინსოლიომ შეცვალა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს თანაგუნდელები, მეტოქის ფეხბურთელები, მწვრთნელები და ქომაგები დაემშვიდობნენ. ბუფონის მოედნიდან გასვლის წუთები საკმაოდ ამაღელვებელი იყო.

 

მოედანს ტოვებს ჯიჯი ბუფონი - ბოლო მატჩი ''იუვეს'' მაისურით

 

საფეხბურთო დაპირისპირება ''იუვეს'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა. რუგანისა და პიანიჩის გოლებს ''ვერონამ'' ჩერჩის გოლით უპასუხა. ტურინულმა გრანდმა 34-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 95 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსში'' 2001 წელს "პარმადან" გადავიდა და მას შემდეგ კლუბთან ერთად 11-ჯერ სერია A, 4-ჯერ იტალიის თასი, 5-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი მოიგო, 3-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

40 წლის მეკარემ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 640 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პაოლო მალდინის ყველა დროის რეკორდთან (647 მატჩი) ძალიან ახლოს იყო. სერია A-ში ბუფონს გოლი ზედიზედ 974 წუთის განმავლობაში არ გაუშვია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

საერთო ჯამში ჯიჯიმ 876 საკლუბო მატჩში ითამაშა, 729 გოლი გაუშვა და 383-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები