10 ხმაურიანი ტრანსფერი, რომელთა განხორციელების ალბათობა დიდია
Aa
Aa

10 ხმაურიანი ტრანსფერი, რომელთა განხორციელების ალბათობა დიდია

2017-18 წლების საფეხბურთო სეზონის დასასრულს ცნობილია კონკრეტული ფეხბურთელებით დაინტერესებული გუნდების შესახებ, რომლებიც ზაფხულში გუნდის გაძლიერებაზე იზრუნებენ. Mirror-მა გამოაქვეყნა სტატია ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებმაც გასული სეზონი ჩააგდეს და გუნდის შეცვლას გეგმავენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები  ერთ გუნდში ამოწურეს და ახალი გამოწვევისთვის ემზადებიან.

 

ენტონი მარსიალი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი

დაინტერესებული კლუბები: ტოტენჰემი, იუვენტუსი, ჩელსი, და ბევრი სხვა.

2015 წლის სექტემბერში ‘‘მანჩესტერ იუნაიტედთან’’ გააფორმა კონტრაქტი. სატრანსფერო თანხა 36 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. თინეიჯერ ფეხბურთელებს შორის მარსიალის სატრანსფერო თანხა დღემდე სარეკორდოა. მარსიალის ტრანსფერამდე სარეკორდო თანხად 27 მილიონი ფუნტი სტერლინგი ითვლებოდა. ეს თანხა გადაიხადა ‘‘იუნაიტედმა’’ ლუკ შოუს შესაძენად.

დღევანდელი ვითარებით ჟოზე მოურინიო მარსიალის გაშვებას დათანხმდება, თუმცა შეუძლებელია კმაყოფილი დარჩეს თუ ფრანგი პრემიერლიგის გუნდში გააგრძელებს კარიერას და “იუნაიტედის’’ მოწინააღმდეგის ფორმას მოირგებს.

ვილიანი

ამჟამინდელი კლუბი: ლონდონის ჩელსი

ასაკი: 29

დაინტერესებული კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი

‘‘შახტარში’’ თამაშის პერიოდში მუდმივად ზეიმობდა უკრაინის ჩემპიონობას. ბრაზილიელმა “ჩელსისთან’’ ერთად პრემიერლიგა ორჯერ მოიგო.''არისტოკრატების'' შემადგენლობაში ვილიანი მნიშვნელოვანი ფიგურაა. 2013 წელს უკრაინული გუნდიდან ''ჩელსიში'' გადავიდა და ევროპულ ფეხბურთში ყველას დაამახსოვრა თავი ტექნიკური მოძრაობებითა და ძლიერი დარტყმებით.

პრემიერლიგაში ჩატარებულ 166 მატჩში 25 გოლი შეაგდო და 20 საგოლე პასი შეასრულა. კონტეს ხელმძღვანელობით ლონდონური გუნდისთვის წარუმატებელი სეზონი გამოვიდა და საკადრო ცვლილებებს შესაძლოა ვილიანის გაშვება მოჰყვეს.

ტობი ალდერვეირელდი

ამჟამინდელი კლუბი: ტოტენჰემი

ასაკი: 29

დაინტერესებული კლუბები: ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ, ბარსელონა


ტობი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. მან გააძლიერი ლონდონური გუნდის დაცვის ხაზი. სამი წელია რაც ჩრდილოლონდონურ გუნდში თამაშობს და მის სიძლიერეს ყველა აღიარებს.

ტობის კლუბის ხელმძღვანელებთან აღარ აქვს კარგი ურთიერთობა, რადგან ბელგიელის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ. ალდერვეირელდს გაუმჯობესებული ფინანსური პირობები სურს. მას კონტრაქტი ორი წლის შემდეგ ამოეწურება, თუმცა სავარაუდოდ ზაფხულში მისი ტრანსფერი შედგება. სავარაუდო სატრანსფერო თანხა 60 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

 

ნაბილ ფეკირი

ამჟამინდელი კლუბი: ლიონი

ასაკი: 24

დაინტერესებული კლუბი: ლივერპული

‘‘ლივერპული’’ შეთანხმებას არ ადასტურებს, ფრანგული მედიის ცნობით კი ფეკირი შემდეგი სეზონიდან კლოპის გუნდში ითამაშებს.

ფეკირი გამოცდილი შემტევი ნახევარმცველია. მას ასევე შეუძლია ფორვარდის პოზიციაზე თამაში. მოქნილი სუპერვარსკვლავის ღირებულება 70 მილიონი ფუნტი სტერლინგია. “მერსისაიდელები’’ რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს გეგმავენ. მათ გეგმებში ფეკირის გადაბირება ნამდვილად შედის.

ჟორჟინიო

ამჟამინდელი კლუბი: ნაპოლი

ასაკი: 26

დაინტერესებული კლუბები: მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული

ნაპოლის ვარსკვლავისთვის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. ის მრავალმხრივი ნახევარმცველია. ჟორჟინიოს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას შეუძლია როგორც ჩაჭრა, ასევე შეტევის განვითარება. მას კარგად გამოსდის საჯარიმოდან საჯარიმომდე მოქმედება და ვითარების გაკონტროლება. მწვრთნელს ასევე აქვს საშუალება ჟორჟინიო მხოლოდ ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშოს ან შეტევაში ჩართვის მეტი დრო მისცეს და მისი კრეატივი გამოიყენოს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ჟორჟინიო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება.

სოკრატის პაპასტატოპულოსი

ამჟამინდელი კლუბი: დორტმუნდი

ასაკი: 29

დაინტერესებული კლუბი: არსენალი

ბერძენსა და ‘‘დორტმუნდს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ამოწურვამდე ერთი წელი რჩება. “არსენალის’’ დაკომპლექტების ხელმძღვანელი სვენ მისლინტატია, რომელმაც 2013 წელს ცენტრალური მცველის ‘‘ვერდერიდან’’ “დორტმუნდში’’ გადაიყვანა.

პაპასტატოპულოსმა “დორტმუნდთან’’ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა. მისი ‘‘არსენალში’’ გადასვლის შანსი დიდია, რასაც მისლინტატის ფაქტორიც განაპირობებს.

ვილფრიდ ზაჰა


ამჟამინდელი კლუბი: კრისტალ პალასი

ასაკი: 25

დაინტერესებული კლუბები: მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი


მან გაიტანა ხუთი გოლი პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო ექვს მატჩში. მთელ სეზონში ზაჰამ 10 გოლი შეაგდო. მას საფეხბურთო უნარებით, სისწრაფითა და ტექნიკით შეუძლია ოპონენტებს თავგზა აუბნიოს.“პალასი’’ ეცდება ფეხბურთელის შენარჩუნებას, თუმცა ზაჰას მიმართ დიდი ინტერესია. თუ კლუბი საინტერესო წინადადებას მიიღებს, ხელმძღვანელები ტრანსფერზე უარს ვერ იტყვიან.

ზაჰამ ერთხელ უკვე სცადა ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში თამაში, როცა 2013 წელს სერ-ალექს ფერგიუსონის ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადაბარგდა, თუმცა ''წითელ ეშმაკებში'' თავი ვერ დაიმკვიდრა.

 

აარონ რემსი


ამჟამინდელი კლუბი: არსენალი


ასაკი: 27

დაინტერესებული კლუბები: ჩელსი, ბარსელონა


უელსელს ''არსენალთან'' კიდევ ორი წელი აკავშირებს კონტრაქტი,  თუმცა მხარეები არ ფიქრობენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რაც საფუძველია რემსის სავარაუდო ტრანსფერის. აარონის შეძენა “ჩელსისა’’ და ‘‘ბარსელონას’’ სურთ, “არსენალს’’ კი დიდი თანხის მიღების შესაძლებლობა მიეცემა.

2011 წელს ცესკ ფაბრეგასის ''არსენალიდან'' ''ბარსელონაში'' გადასვლის შემდეგ უელსელს''მეთოფეთა'' შორის სათამაშო დრო გაეზარდა, შემდეგ  კი გუნდის ლიდერად იქცა. რემზიმ პრემიერლიგაში ჩატარებულ 234 მატჩში 36 გოლი შეაგდო და 40 საგოლე პასი შეასრულა.


ფრედი

ამჟამინდელი კლუბი: დონეცკის შახტარი

ასაკი: 25

დაინტერესებული კლუბები: მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, იუვენტუსი, პსჟ

ბრაზილიელმა უკრაინული გუნდის ხელმძღვანელებს აუხსნა, რომ ზაფხულში კლუბის შეცვლას გეგმავს. “შახტარი’’ ფრედის შენარჩუნებას ეცდება, მაგრამ მას ინგლისის პრემიერლიგაში თამაში სურს. ასე რომ მისი გადაბირებისთვის ბრძოლაში ფავორიტები ინგლისური კლუბები არიან.

მირჩა ლუჩესკუს მწვრთნელობისას ''შახტარმა'' არაერთი ბრაზილიელი გადაიბირა, რომლებმაც გუნდს დიდი დახმარება გაუწიეს შიდა ასპარეზზსა და თუ ევროთასებზე. გარდა ამისა დონეცკურმა გუნდმა ევროპულ ბაზარზე იაქტიურა და ფეხბურთელთა გაყიდვით დიდი შემოსავალი მიიღო. შესაძლოა ვილიანის მსგავსად ფრედიც პრემიერლიგაში აღმოჩნდეს და ''ნისლიან ალბიონზე'' დონეცკური გუნდის კიდევ ერთ ყოფილი შემტევი ვიხილოთ.


ალვარო მორატა


ამჟამინდელი კლუბი: ლონდონის ჩელსი

ასაკი: 25

დაინტერესებული კლუბი: იუვენტუსი

2017 წლის ზაფხულში მადრიდის ‘’რეალმა’’ მორატას სანაცვლოდ 58 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო, თუმცა ტრავმებისა და ინგლისურ ფეხბურთთან რთული ადაპტაციის გამო მორატამ მხოლოდ 11 გოლი გაიტანა. ესპანელი ფორვარდი იტალიაში დაბრუნებასთან ახლოსაა. 2014-16 წლებში ტურინის “იუვენტუსის’’ თავდამსხმელი იყო, შემდეგ კი ერთი სეზონით “სამეფო კლუბში’’ დაბრუნდა, რასაც პრემიერლიგაში ტრანსფერი მოყვა.

2017 წლის ზაფხულში მორატა ინგლისის მოქმედ ჩემპიონს შეუერთდა, თუმცა სეზონის ბოლოს შედეგები ძალიან უარყოფითია. ლონდონურმა გუნდმა საუკეთესო ოთხეულში შესვლა ვერ მოახერხა,  ალვარომ კი მოლოდინი ვერ გაამართლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები