Aa
Aa

რობენის ახალი კონტრაქტი - ჰოლანდიელი გერმანულ გრანდში დარჩა

გერმანიის თასის ფინალამდე მიუნხენის ''ბაიერნმა'' 34 წლის არიან რობენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა  2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

რობენი 2009 წლის აგვისტოში მადრიდის ''რეალიდან'' გადავიდა მიუნხენურ გუნდში. არიენმა ბავარიულ კლუბთან ერთად შვიდჯერ მოიგო გერმანიის ბუნდესლიგა და ოთხჯერ გერმანიის თასი.  2013 წელს რობენი მიუნხენის ''ბაიერნის'' ისტორიაში შევიდა, როცა ''უემბლიზე'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაუტანა ''დორტმუნდს.''

''იმედი მაქვს შემდეგ სეზონში გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნები. გულნატკენი ვარ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარცხით. იმედი მაქვს შემდეგი სეზონი ძალიან წარმატებული იქნება. ახალ სეზონს მოუთმენლად ველი'' - აღნიშნა რობენმა კლუბის ოფიციალურ ვებგვედთან საუბარში.

19 მაისს გერმანიის თასის ფინალში მიუნხენის ''ბაიერნი'' ''აინტრახტს'' შეხვდება. შეხვედრა ბერლინის ''ოლიმპიაშტადიონზე'' გაიმართება. რობენს შესაძლებლობა აქვს მეხუთედ მოიგოს გერმანიის თასი.

ჰოლანდიელის პროფესიული კარიერა 2000 წელს ''გრონინგენში'' დაიწყო. 2002 წელს რობენმა პსვ-სთან გააფორმა კონტრაქტი. რობენი 2004-07 წლებში ''ჩელსის'' შემადგენლობაში გამოდიოდა. ინგლისში გატარებული პერიოდის შემდეგ 2007-09 წლებში მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელი იყო. 2009 წლიდან ''ბაიერნისთვის'' თამაშობს. ჰოლანდიის, ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონმა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა. 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალიდან რობენი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები