დომინირება გრძელდება! ესპანური კლუბების დაუჯერებელი სტატისტიკა
Aa
Aa

დომინირება გრძელდება! ესპანური კლუბების დაუჯერებელი სტატისტიკა

„ფეხბურთის თამაში მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში ურთულესია“, ეს სიტყვები ლეგენდარულ იოჰან კრუიფს ეკუთვნის და რა თქმა უნდა, ის მართალი იყო.

ფეხბურთში და მითუმეტეს თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევა ურთულესი გახლავთ.

თუ, ყველაფერი წინასწარ არ დაგეგმე და 10, 15, ან 20 წლიანი გეგმა არ შეიმუშავე და ყველაფრის მიღება ხვალ მოისურვე, მაშინ ისეთ დღეში აღმოჩნდები როგორშიც დღეს ქართული ფეხბურთია.

ესპანელები ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ შედეგები არასდროს ჰქონდათ.

ესპანეთის ნაკრებს მუდამ „რაღაც“ აკლდა. მათი მაქსიმუმი ყოველთვის მეოთხედფინალი იყო.

მადრიდის „რეალის“ მიერ 50-ან წლებში მოგებული თასების შემდეგ ესპანეთმა საკლუბო დონეზეც უკანა რიგებში გადაინაცვლა.

ესპანეთი ვერ დომინირებდა...

და რა ხდება დღეს? ესპანეთის ნაკრებმა 2008 წლიდან მოყოლებული ისეთი ეპოქა შექმნა, როგორიც არცერთ ნაკრებს არ ჰქონია. „ფურია როხამ“ 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2010 წელს მსოფლიოც მიაყოლა და 2012 წელს კვლავ ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

სამი დიდი სანაკრებო ტურნირი ზედიზედ აქამდე არავის მოუგია. ესპანელებს წლევანდელ მუნდიალზეც საკმაოდ ძლიერი ნაკრები ეყოლებათ...

ამხელა წარმატება ასე უბრალოდ, კარგი თაობის ყოლის გამო არ მოდის. ესპანელებმა ფეხბურთის განვითარების გეგმა დიდი ხნის წინ შეიმუშავეს და შედეგები სახეზეა.

კლუბების დიდი ნაწილი და პრაქტიკულად ყველა ნაკრები, იქნება ეს ასაკობრივი, თუ ეროვნული ყველა ერთ სტილში თამაშობს - ისინი დომინირებენ, კომბინირებენ და ბურთს აკონტროლებენ - ესპანელები იგებენ და თან ამას ლამაზად აკეთებენ.

სანაკრებო დონეზე 10 ან მეტი წლის განმავლობაში ერთ დონეზე ყოფნა, თუ წარმოუდგენლად მოსჩანს, იგივეს ვერ ვიტყვით საკლუბოზე.

ესპანურმა კლუბებმა უკანასკნელ 15 წელიწადში ევროპა ლიგა (უეფას თასი) 9-ჯერ მოიგეს.

„ვალენსიამ“ 2004 წელს ლა ლიგასთან ერთად უეფას თასიც აღმართა.

2006 წელს კი „სევილიას“ ჯერი დადგა, რომელმაც უეფას თასის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო.

7 წლიანი შესვენების შემდეგ ანდალუსიელებმა 2013-14, 2014-15 და 2015-16 წლებში ევროპა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგეს და შეიძლება ითქვას ტურნირს აზრი დაუკარგეს.

2010 წელს, სახელისა და ფორმატის შეცვლის შემდეგ ევროპის ლიგის პირველი გამარჯვებული მადრიდის „ატლეტიკო“ გახდა.

2012 წელს „როხიბლანკომ“ ევროპა ლიგა მეორედ მოიპოვა და წლევანდელი სეზონიც ტრიუმფით დაასრულა.

ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოს“ ბედი ნამდვილად არ სწყალობს. მათ ანგარიშზე ორი წაგებული ფინალია.

სამაგიეროდ ლიგაზე „რეალი“ და „ბარსელონა“ დომინირებენ, რომლებმაც ბოლო 15 წელიწადში ტურნირი 8-ჯერ მოიგეს და სამეფო კლუბი წელსაც ფინალში იმყოფება.

ესპანელებმა ასევე უეფას ბოლო 15 სუპერ თასიდან 10-ის მოგება მოახერხეს.

აღსნიშვნის ღირსია ერთი ფაქტი. კერძოდ, ბოლო 12 ევროთასიდან  ესპანელებმა მხოლოდ ერთის მოგება ვერ შეძლეს და ეს შარშანდელ სეზონში იყო, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგა მოიგო.

ესპანურმა კლუბებმა ბოლო 13 ფინალი, რომელიც ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე არაესპანურ გუნდებთან ჩაატარეს, ყველა შემთხვევაში გამარჯვება მათ დარჩათ.

უკანასკნელი ესპანური კლუბი, რომელმაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან ფინალი წააგო „ვალენსია“ გახლდათ. „ღამურებმა“ 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მიუნხენის „ბაიერნთან“ პენალტების სერიაში დასანანი მარცხი იწვნიეს.

ფინალების მოგება ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც ამას ლამაზ სტილში აკეთებ, ეს ორმაგად დასაფასებელია.

„რეალი“, „ბარსელონა“ და „სევილია“ შემტევი ფეხბურთის მქადაგებლები არიან. თავის დროზე იგივე სტილში თამაშობდა „ვალენსიაც“.

რა ფეხბურთსაც კლუბები თამაშობენ, იგივე ფილოსოფიას მისდევს ეროვნული ნაკრებიც და შეიძლება ითქვას, რომ ესპანური ფეხბურთი ერთი დიდი ორგანიზმია.

დიახ, მადრიდის „ატლეტიკო“ გამონაკლისია და ხშირად მათი შეხვედრების ხილვა სიამოვნებას ნაკლებად გვანიჭებს, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდსაც აქვს თავისი ხიბლი.

„როხიბლანკომ“ სიმეონეს ხელმძღვანელობით ჩატარებულ 372 შეხვედრიდან 200-ში კარი მშრალად შეინახა! 53,1% - ეს უბრალოდ არაადამიანური შედეგია!

ესპანური ფეხბურთი დომინირებას განაგრძობს. მადრიდის „რეალი“ წელს შეეცდება, რომ წარმოუდგენელი რეალობად აქციოს - ზიდანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებას შეეცდება.

წინ მუნდიალია და ხულენ ლოპეტეგის გუნდი ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები