რატომ არ შედგა რონალდუს ტრანსფერი ''არსენალში''? - ვენგერი პორტუგალიელის ჩაშლილ ტრანსფერს ნანობს
Aa
Aa

რატომ არ შედგა რონალდუს ტრანსფერი ''არსენალში''? - ვენგერი პორტუგალიელის ჩაშლილ ტრანსფერს ნანობს

ლონდონის “არსენალში’’ 22-წლიანი მუშაობის შემდეგ არსენ ვენგერი ნანობს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი “მეთოფეთა’’ შემადგენლობაში არ შედგა. ამ თემაზე ვენგერი ''არსენალის'' ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

ვენგერის მთავარი მწვრთნელობისას ''არსენალმა'' რამდენიმე  ძალიან გამორჩეული ფეხბურთელი შეიძინა. მათ შორის იყვნენ ტიერი ანრი, რობერტ პირესი, ცესკ ფაბრეგასი და მესუთ იოზილი, მაგრამ 2003 წელს ფრანგმა სპეციალისტმა პორტუგალიელი რონალდუს გადაბირების შანსი ხელიდან გაუშვა.

ვიდრე კრიშტიანუ “სამეფო კლუბს’’ შეუერთდებოდა, “მანჩესტერ იუნაიტედთან’’ სამჯერ მოიგო პრემიერლიგა, ასევე ინგლისის ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. 2009 წელს ლისაბონის “სპორტინგის’’ ყოფილი შემტევი პრემიერლიგიდან ლა ლიგაში გადავიდა და დღემდეგ მადრიდის ''რეალისთვის'' ასპარეზობს.

“მანჩესტერ იუნაიტედმა’’ ლისაბონის “სპორტინგის’’ წინააღმდეგ ითამაშა. რონალდუ საოცარი იყო.
მე კრიშტიანუსა და ფეხბურთელის დედას შევხვდი. ჩვენ 4,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს ვიხდიდით და მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მაგრამ “იუნაიტედმა’’ 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა და არ შეგვეძლო რონალდუს გადაბირებისთვის ბრძოლის გაგრძელება. ძალიან ახლოს ვიყავით რონალდუს შეძენასთან, მაგრამ მოულოდნელად ''იუნაიტედმა'' ლისაბონურ კლუბს გაცილებით დიდი თანხა შესთავაზა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ტიერი ანრი და კრიშტიანუ რონალდუ ერთ გუნდში. მათი “არსენალში’’ ყოფნის შემთხვევაში ჩემი მოღვაწეობის ისტორია შეიცვლებოდა’’ - აღნიშნა ვენგერმა “არსენალის’’ ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

ფრანგმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაში აქტიურად მონაწილეობდა კარლოს კეირუში, რომელიც იმ პერიოდში სერ-ალექს ფერგიუსონის ასისტენტი იყო, ამჟამად კი ირანის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობს.

კრიშტიანუ რონალდუმ ''რეალში'' გადაბარგების შემდეგ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ''რეალი'' ''ლივერპულს'' შეხვდება. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში რონალდუ მესამედ გახდება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული. ასევე აღსანიშნავია, რომ რონალდუმ ხუთჯერ მოიგო ოქროს ბურთი.

შეგახსენებთ, არსენ ვენგერის ''არსენალში'' მოღვაწეობის 22-წლიანი ხანა დასრულდა. პრემიერლიგის 2017-18 წლების სეზონის დასკვნით ტურში ''არსენალმა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა ''ჰადერსფილდი.'' ეს იყო ვენგერის უკანასკნელი შეხვედრა ''არსენალის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე (საერთო ჯამში 1 235 მატჩი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები