Aa
Aa

ბუფონი: "შაბათს იუვენტუსის" ფორმით ბოლოჯერ ვითამაშებ"

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც საკუთარ მომავალზე ისაუბრა. 

"ამაყი ვარ, რომ დღემდე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინე. ეს ყველაფერი ჩემთვისაც და კლუბისთვისაც სასარგებლო იყო. გადაწყვეტილებას მშვიდ გონებაზე ვიღებ, რაც სპორტსმენის კარიერაში იშვიათად ხდება.

შაბათს "იუვენტუსის" ფორმით ბოლო მატჩს ვითამაშებ. მოგებული ორი თასი, პრეზიდენტისა და მსოფლიოს მასშტაბით "იუვეს" გულშემატკივრების მხარდაჭერა - ეს ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობის განსაკუთრებული დასასრულია.

მოხარული ვარ, რომ ბევრი შეთავაზება მივიღე და ჩემს ხასიათშია, რომ ნებისმიერ ახალ გამოწვევას დიდი თავდადებით მივუდგე. ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება ჩემს ფიზიკურ კონდიციებზე იქნება დამოკიდებული. ეს სწორედ ისაა, რაზეც კარგად უნდა დავფიქრდე. არ მინდა, რომ რომელიმე დაბალ ლიგაში აღმოვჩნდე.

თუ ჩემი მომავალი მოედნის გარეთ ყოფნას დაუკავშირდება, მაშინ აუცილებელია, სავარჯიშო კურსი გავიარო, რათა სწორი გზა უკეთ დავინახო და ჩემი როლი სრულად გავითავისო. ყველაზე ამაღელვებელი იყო, როცა "იუვეს" პრეზიდენტმა კლუბში დარჩენა და ერთ-ერთი თანამდებობის დაკავება შემომთავაზა. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის შემდეგ მივიღებ და აუცილებლად ჩემს ინტინქტებს დავეყრდნობი". - განაცხადა "ჯიჯიმ" პრესკონფერენციისას.

 

ჯანლუიჯი ბუფონი "ვეკია სინიორას" რიგებში 2001 წელს "პარმადან" გადავიდა და მას შემდეგ კლუბთან ერთად 11-ჯერ სერია A, 4-ჯერ იტალიის თასი, 5-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი მოიგო, 3-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

40 წლის მეკარემ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 639 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პაოლო მალდინის ყველა დროის რეკორდთან (647 მატჩი) ძალიან ახლოს იყო. სერია A-ში ბუფონს გოლი ზედიზედ 974 წუთის განმავლობაში არ გაუშვია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

საერთო ჯამში ჯიჯიმ 875 საკლუბო მატჩში ითამაშა, 729 გოლი გაუშვა და 383-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები