ბასილაშვილი ჯოკოვიჩის წინააღმდეგ!
Aa
Aa

ბასილაშვილი ჯოკოვიჩის წინააღმდეგ!

რომში მიმდინარე საჩოგბურთო მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.

26 წლის ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში კი ასევე წარმატებულ კვალიფიკანტ იტალიელ ფილიპო ბალდის დაუპირისპირდა და 6:4; 4:6; 6:4 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საერთო ჯამში 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 2 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. იგი პირველ მოწოდებას ხშირად იყენებდა და საერთო ჯამში 70%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, მათგან კი ქულების 69% მოიგო. რაც შეეხება მეორე მოწოდებას, მისით ნიკამ 27-დან 17 ქულა მოიპოვა, რაც 63%-ია. 

პირველი სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რასაც მეორე სეტის ბოლო გეიმში ბალდის ბრეიკი და პარტიებში ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. ერთი ბრეიკი შესრულდა გადამწყვეტ სეტშიც, როცა მე-5 გეიმში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის 1/16 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რაც ნიკას კარიერაში პირველად მოხდება. ქართველს აქამდე, რაფაელ ნადალის, როჯერ ფედერერის, ხუან მარტინ დელ პოტროს, გრიგორ დიმიტროვის, ტომაშ ბერდიხისა და დომინიკ ტიმის წინააღმდეგ უთამაშია.

ჯოკოვიჩმა, რომელიც დიდი სლემის ტურნირების 12 გზის გამარჯვებულია და ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე იმყოფება, გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, წელს კი არცთუ კარგ ფორმაშია და აქამდე ჩატარებული 15 მატჩიდან 7 წაგებული აქვს. მან ტურნირის პირველ რაუნდში უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს 6:1; 6:3 აჯობა.

ბასილაშვილისა და ჯოკოვიჩის მატჩი დღეს დაახლოებით 16 საათისთვისაა დაგეგმილი. შეხვედრა პიეტრანჯელის სახელობის კორტზე მე-3 მატჩად ჩატარდება. სერბი და ქართველი კორტზე, ჰალეპი-ოსაკასა და პლიშკოვა-საკარის თამაშების დასრულებისთანავე გამოვლენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები