„ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი მსაჯის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს...
Aa
Aa

„ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი მსაჯის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს...

იტალიური „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი მსაჯ ლუკა პაირეტოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

გასპერინის თქმით, პაირეტო მას „ჯენოასთან“ მატჩისას დაემუქრა და უთხრა, რომ ისინი რომში შეხვდებოდნენ და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

პაირეტო „რომასთან“ 6 იანვარს გამართულ შეხვედრაში მე-4 არბიტრი იყო. იმ თამაშის 45-ე წუთზე მარტენ დე რუნი გააძევეს, რასაც რამდენიმე წუთში ჩემი გაძევებაც მოჰყვა. თუმცა ვაღიარებ, რომ მაშინ ზედმეტი მომივიდა და მსაჯმა ფეხბურთელის გაძევებისას სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

29 აპრილს ჯენოასთან“ შეხვედრისას პაირეტო დამემუქრა და მითხრა, რომ რომში შევხვდებოდით და იქ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ასეთი საქციელი ყოვლად მიუღებელია. ამასთანავე, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან იცოდა, რომ შემდეგ ტურში კონკრეტულ მატჩზე ვიდეო ასისტენტ რეფერი იქნებოდა.

რომში, „ლაციოსთან“ თამაშის დასრულების შემდეგ ვიდეო რეფერის გადაწყვეტილებას ველოდით და სასაცილოა, რომ ფეხბურთელებს გასახდელიდან მოედანზე დაბრუნება მოუწიათ. ვიდეო ასისტენტ რეფერის გადაწყვეტილებით, რა ფუნქციასაც სწორედ პაირეტო ასრულებდა, ჩემთვის დამამცირებელი დისკვალიფიკაცია მივიღე ეპიზოდის გამო, რომელიც არავის შეუმჩნევია.

ისეთი არაფერი მითქვამს, რისი დამტკიცებაც შეუძლებელია. მზად ვარ გამოძიებისთვის და კარგი იქნება თუ ის დაიწყება. მათი პრობლემაა, რომ მსაჯმა წინასწარ იცოდა, მომდევნო ტურში რომელ თამაშს განსჯიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არასწორი არაფერი მითქვამს და იმედია არსებობს ჩანაწერი, რომელიც ამ ყველაფერს დაადასტურებს“.

გასპერინიმ ამ დისკვალიფიკაციის გამო, გასულ ტურში „მილანთან“ სატურნირო კუთხით უმნიშვნელოვანეს მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა. მისმა გუნდმა ბოლო წუთებზე ქულის გადარჩენით ევროპა ლიგაზე თამაში თითქმის გაინაღდა.

 

ლომბარდიელები ევროტურნირებზე იმ შემთხვევაში ვერ გავლენ, თუკი ბოლო ტურში „კალიარისთან“ წააგებენ და მათი კონკურენტი „ფიორენტინა“ სტუმრად „მილანს“ დიდი სხვაობით მოუგებს. ამ წუთისათვის ბერგამოელთა ბურთების შეფარდების მაჩვენებელი +19-ია, ხოლო ფლორენციელებისა +12.

La Gazzetta dello Sport-მა ჯან პიერო გასპერინი 2017 წლის იტალიის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. „ატალანტამ“ მისი ხელმძღვანელობით სერია A-ში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ბერგამოელებმა წლევანდელ ევროპა ლიგის ფლეი-ოფშიც გააღწიეს და იქ „დორტმუნდთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ.

 

რაც შეეხება ლუკა პაირეტოს, იგი 34 წლისაა და სერია A-ს შეხვედრებს 2016 წლიდან უძღვება. მან ამ ტურნირის გასულ სეზონში 21 თამაში განსაჯა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს პაირეტო Sportilia-ს მიერ სპეციალური სამსაჯო პრემიით დაჯილდოვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები