გარიგება შედგა! მხარეები ფასზე შეთანხმდნენ - ესპანური პრესა ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს
Aa
Aa

გარიგება შედგა! მხარეები ფასზე შეთანხმდნენ - ესპანური პრესა ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს

„ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის შეთანხმება შედგა და ანტუან გრიზმანი სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას „კამპ ნოუზე“ გააგრძელებს.

ესპანური AS-ი და Sport-ი იუწყებიან, რომ მხარეებს შორის მორიგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „ბარსა“ გრიზმანის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის 100 მილიონი ევროსა და დამატებით 20 მილიონის გადასახდელად მზადაა.

როგორც ცნობილია, 1 ივლისს გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონდან 100-მდე დაიწევს და მისი შეძენა ნებისმიერ გუნდს შეეძლება, ვინც ამ თანხას გადაიხდის.

წყაროს მტკიცებით, კატალონიელებს „ატლეტიკოსთან“ არსებული კარგი ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ და აქედან გამომდინარე მზად არიან მადრიდელებს 120 მილიონი გადაუხადონ.

მიუხედავად იმისა, რომ „ატლეტიკო“ გრიზმანს საოცარ პირობებს სთავაზობს, ფრანგს ფული არ აინტერესებს და „კამპ ნოუზე“ გადასვლა უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს.

შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შედგება და ოფიციალურად გაფორმდება. გრიზმანი ხელს 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს და 7 ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელსაც „ბარსა“ იანვრის შემდეგ ინახავს.

უშუალოდ პრეზენტაცია კი მუნდიალის დასრულების შემდეგ შედგება.

Cope-ს ესპანელი ჟურნალისტი ანტონიო რუისი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრანსფერი ჯერ კიდევ ოქტომბერში იყო შეთანხმებული და მხარეები მის გასაოფიციალურებლად სეზონის დასრულებას ელოდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 207 შეხვედრაში 110 გოლი და 40 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები