Aa
Aa

"ჩვენ ჰამბურგი ვართ! თქვენ არა!" გერმანიამ "უკანასკნელი დინოზავრი" დაკარგა

1963 წელს, ანუ მას შემდეგ რაც გერმანიის ბუნდესლიგა ჩამოყალიბდა, "ჰამბურგმა" საუკეთესოთა რიგები პირველად დატოვა.

"ჰამბურგი" დღემდე ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც 55 წლის განმავლობაში ბუნდესლიგა ერთხელაც არ ჰქონდა დატოვებული.

როგორც მოგეხსენებათ, "ვოლკსპარკშტადიონზე" არის საათი, რომელიც "ჰამბურგის" ბუნდესლიგაში ყოფნის დროს ითვლიდა, თუმცა მალე ეს საათი ნულოვან საწყისს დაუბრუნდება.

ბუნდესლიგა "დინოზავრებმა" დატოვეს...

შეიძლება ითქვას, რომ "უკანასკნელი დინო" გადაშენების პირას უკვე დიდი ხანი იდგა. ბოლო სეზონებში "ჰამბურგი" ცეცხლს ეთამაშებოდა და მუდამ გადარჩენისთვის იბრძოდა. პლეი-ოფები უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად, გადამრჩენელი გოლი 91-ე წუთზე და ა.შ.

შეცდომებზე სწავლა ალბათ "ჰამბურგის" ხელმძღვანელობისთვის უცხო ხილია, რადგან მათ იმდენი მაგალითი და გაფრთხილება ჰქონდათ, რომ აქამდე ქმედითი ნაბიჯები ნამდვილად უნდა გადაედგათ.

კლუბის პრეზიდენტმა ბერდ ჰოფმანმა შემდეგი განაცხადა: "მთელი ჰამბურგისთვის ეს ძალიან მტკივნეული მომენტია.

კლუბმა ერთ-ერთი უნიკალური რამ დაკარგა. ის, რაც ჩვენ გამორჩეულს გვხდიდა. ჩვენ კვლავ გავძლიერდებით და სამომავლოდ ძალებს ისევ მოვიკრებთ".

ლეგენდარულმა უვე ზეელერმა შემდეგი განაცხადა: "მე ვაპირებ, რომ მეორე ბუნდესლიგაში "ჰამბურგის" მატჩებს ვუყრო.

მიმაჩნია, რომ გუნდი გაცოცხლდება და დავინახავთ, თუ როგორ აღზევდებიან ისინი".

"ჰამბურგმა" ბოლო ტურის მატჩი შინ "გლადბახის" წინააღმდეგ გამართა და 2:1 გაიმარჯვა. საბოლოოდ, ამ მოგებამ ვერაფერი შეცვალა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე გუნდის ქომაგებმა აქამდე არნახული აგრესია გამოიჩინეს და სტადიონის დაწვა სცადეს.

შეხვედრა შეწყდა და მინდორზე სპეცრაზმი შეიჭრა, რათა ვითარება განემუხტა.

"ვოლკსპარკშტადიონზე" ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.

პოლიციამ და სპეცრაზმმა სიტუაციის განმუხტვა დროულად ვერ შეძლეს. ქომაგები პეტარდების სროლას არ წყვეტდნენ.

მოედანზე ცხენოსანი პატრულიც კი გამოჩნდა. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა ქომაგებმა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეუთების შესახებ შეიტყვეს.

გულშემატკივრები ტრიბუნებიდან სკანდირებდნენ: "ჩვენ ჰამბურგი ვართ! თქვენ არა!"

შეხვედრა 17 წუთის განმავლობაში იყო შეჩერებული, რის შემდეგაც სიტუაცია ჩაწყნარდა.

"ჰამბურგის" ხელმძღვანელობის მაგალითზე ყველა კლუბმა უნდა ისწავლოს. როგორ არ უნდა მართო კლუბი - "დინოს" ბორდმა ეს "იდეალურად" გვაჩვენა.

საბოლოოდ, გერმანიამ "უკანასკნელი დინოზავრი" დაკარგა...

მიუხედავად ყველაფრისა, "ჰამბურგის" ერთგული ქომაგები ტრიბუნებზე ერთხმად მღეროდნენ: "ჩემო ჰამბურგო მე შენ მიყვარხარ. მაშინაც კი, როდესაც რთული დრო დგას. მე აქ გავიზარდე, მე აქ ვთამაშობდი როგორც ბავშვი. ქუჩები, რომლებიც ჩემს სახლად მიმაჩნია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები