ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "სუარესმაც იგივე სცადა და ჩვენ სიცილი დავიწყეთ...მათთან ერთად თამაში მენატრება"

როგორც მოგეხსენებათ, "პსჟ"-ს ბრაზილიელმა ათიანმა ტრავმა სრულად მოიშუშა და ვარჯიში განაახლა, თუმცა მისი მოედანზე დაბრუნების დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ნეიმარი ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ ზიკოსთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო.

როგორც გაირკვა, ნეიმარს მესისა და სუარესის გვერდით თამაში ენატრება.

"მესის შესანიშნავად ვუგებდი, შემდეგ გუნდში სუარესიც მოვიდა. ეს გუნდისთვის ძალიან კარგი იყო და ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდით.

მე, მესი და სუარესი ერთმანეთთან ძალიან დავახლოვდით და განუყოფელები გავხდით. მოედანზე ერთმანეთს იდეალურად ვუგებდით და ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა.

ერთხელ, ერთი მატჩის დროს ბურთი მივიღე და მცველებს გავცდი, შემდეგ მესის გადავაწოდე და მანაც იგივე გააკეთა.

შემდეგ სუარესმაც იგივე სცადა და ჩვენ სიცილი დავიწყეთ. ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. როცა ვინმეს რამე ისე არ გამოსდიოდა, ის მაშინვე დაცინვის საგანი ხდებოდა. სუარესი გვეუბნებოდა, რომ მან უბრალოდ ჩვენი მოძრაობების გამეორება სცადა.

ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ის, რაც "ბარსელონაში" მენატრება ეს მესისთან და სუარესთან თამაშია. ჩვენ ბედნიერები ვიყავით".

კატალონიური პრესა  ბოლო დღეებში ნეიმარის შესაძლო დაბურნებაზე აქტიურად წერდა. ამის შესახებ კლუბის ლეგენდამ ანდრეს ინიესტამაც ისაუბრა:

"ეს საკითხი მე არ მეხება. ნეიმარის აქ დარბუნებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, გულშემატკივრებში და გასახდელში ეს ცოტათი უცნაურ სიტუაციას შექმნის".

ნეიმარმა იგივე "პსჟ"-შიც სცადა, თუმცა კილიან მბაპესა და ედინსონ კავანისთან მას ისეთი მეგობრული ურთიერთობა ვერ ჩამოუყალიბდა როგორიც მესისა და სუარესთან ჰქონდა.

კავანისა და ნეიმარის რთული ურთიერთობის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება...

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საკუთარი twitter-ის გვერდზე "პსჟ"-ს ახალი ფორმა წარადგინა და დაწერა, რომ ის პარიზელთა ღირსების დაცვით ამაყობს.

"ვამაყობ, რომ ახალ მაისურს ვატარებ და თქვენთვის სიხარულის მინიჭებას განვაგრძობ".

ფრანგულმა პრესამ ნეიმარის ეს პოსტი მის საბოლოო გადაწყვეტილებად მიიღო და ჩათვალა, რომ ფეხბურთელი კიდევ მინიმუმ ერთი წლით გუნდში დარჩება.

Marca: "მან ასეთი რამ ერთი წლის წინაც გააკეთა". მადრიდულმა გამოცემამ საინტერესო რამ დაწერა. 2017 წლის ზაფხულში ნეიმარმა "ბარსელონას" ახალი ფორმა წარადგინა და დაახლოებით იგივე შინაარსის კომენტარი გააკეთა, რომლის შემდეგაც მან "ბარსა" მალევე დატოვა.

ნეიმარი 2017 წლის ზაფხულში: "ბარსას ახალი მაისურის პირველად მორგება სიამაყით მავსებს და ახალი სეზონის წინ ოპტიმისტურად განმაწყობს".

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ნეიმარის შესახებ რაიმე გადაჭრით თქვა. შენ არასდროს იცი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მის ირგვლივ.

მადრიდული გამოცემა იმასაც წერს, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "პსჟ"-ში თავის თანაგუნდელებს უკვე უთხრა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პარიზში დაბრუნებას აღარ აპირებს.

ამ შინაარსის ინფორმაციას მხოლოდ Marca ავრცელებს და ჯერჯერობით, სხვა არცერთ ავტორიტეტულ გამოცემას მსგავსი არაფერი დაუწერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები