დრამატული გამარჯვება ფინალში - ფეიქრიშვილმა ''ჩელენჯ ქაფი'' მოიგო
Aa
Aa

დრამატული გამარჯვება ფინალში - ფეიქრიშვილმა ''ჩელენჯ ქაფი'' მოიგო

ევროპის ''ჩელენჯ ქაფის'' ფინალში უელსურმა ''კარდიფმა'' 31:30 დაამარცხა ''გლოსტერი.'' ''კარდიფის'' შემადგენლობაში ქართველი მორაგბე ანტონ ფეიქრიშვილი ირიცხება, თუმცა ქართველი ბურჯი ფინალური შეხვედრის სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. სარაგბო დაპირისპირება ბასკეთში ''სან მამესზე'' გაიმართა.

ფინალის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ''გლოსტერი'' 2 ქულით ამარცხებდა ფეიქრიშვილის გუნდს, თუმცა ქართველის თანაგუნდელმა გარეთ ენსკომბმა  შედეგიანი ჯარიმა შეასრულა და ''კარდიფს'' გამარჯვება მოუტანა.

''ჩელენჯ ქაფის'' უკანასკნელი სამი გათამაშება ქართველი მორაგბეების გამარჯვებით სრულდება. 2016 წელს ''მონპელიე'' გახდა ჩემპიონი, რომლის წევები მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი იყვნენ. 2017 წელს აღნიშნულ თასს ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის ''სტად ფრანსე'' დაეუფლა.

''კარდიფმა'' ფინალში თამაშის უფლება ფრანგულ ''პოსთან'' გამარჯვებით მოიპოვა. უელსურმა გუნდმა 16:10 გაიმარჯვა. 30 წლის ქართველმა მორაგბემ ''პოს'' წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა და მეორე ტაიმში შეცვალეს.

2008 წლიდან ანტონ ფეიქრიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გამოცდილი მორაგბე ''კარდიფს'' 2016 წელს შეუერთდა. 2014-16 წლებში იცავდა ფრანგული ''ბრივის'' ღირსებას, ხოლო მისი პირველი პროფესიული კლუბი ფრანგული ''კასტრი'' იყო.

ცხელი ამბები