''შეკრებაზე მივდივართ, მაგრამ პროტესტს ვუერთდებით'' - ძიუდოისტების განცხადება
Aa
Aa

''შეკრებაზე მივდივართ, მაგრამ პროტესტს ვუერთდებით'' - ძიუდოისტების განცხადება

ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრები ბექა ღვინიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი შეკრებაზე სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ. სამივე მათგანი აზიაში 9 ივნისამდე დარჩება. სპორტსმენებს თან ახლავს მწვრთნელი გურამ მოდებაძე, ექიმი გიორგი მგელაძე და მასაჟისტი რუსლან ღიბრაძე.

თორნიკე ნაგლიაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი იზიარებენ პროტესტს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მისამართით, თუმცა გუნდის კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანის რჩევით კორეაში წასვლა გადაწყვიტეს. სოციალურ ქსელში მათი განცხადებები გავრცელდა.

''მე თორნიკე ნაგლიაშვილი საქართველოს ნაკრების წევრი მივდივარ კორეაში შეკრებაზე, თუმცა ბოლომდე ვდგავარ ბიჭებისა და ნაკრების გვერდით. მათ პოზიციას ვიზიარებ. მე მესაუბრა კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და მთხოვა გამეგრძელებინა შეკრება, რადგან ვარ ახალგაზრდა სპორტსმენი და ჩემთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. ბოლომდე ვდგავარ ბიჭებისა და ნაკრების გვერდით'' - განაცხადა თორნიკე ნაგლიაშვილმა, რომელიც საქართველოს 2017 წლის ჩემპიონია.

''მე თამაზ კირაკოზაშვილი ვდგავარ ჩემს პოზიციაზე და ვიზიარებ ეროვნული გუნდის ყველა მოსაზრებას. კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანის თხოვნით კორეულ შეკრებაზე გამგზავრება გადავწყვიტეთ, თუმცა თუ გუნდს დასჭირდება, დავბრუნდები შეკრებიდან და დავდგები ბიჭების გვერდით'' - აღნიშნა კირაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, ძიუდოს ეროვნული ნაკრები ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვს. თუ ქევხიშვილი არ დატოვებს პოსტს, სპორტსმენები ვარჯიშსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

ცხელი ამბები