სეზონის შეჯამება და სამომავლო გეგმები - ვალვერდეს დაუგეგმავი 4-4-2 და მიუტევებელი შეცდომა
Aa
Aa

სეზონის შეჯამება და სამომავლო გეგმები - ვალვერდეს დაუგეგმავი 4-4-2 და მიუტევებელი შეცდომა

„ბარსელონაში“ დიდი ცვლილებები იგეგმება. ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ კლუბს რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება მოუწევს, რომ შემადგენლობა დააბალანსოს და ნახევარდაცვამ თავისი როლი შეინარჩუნოს.

როგორც უკვე ცნობილია, კატალონიელთა მთავარი სამიზნე ანტუან გრიზმანია და „ბარსას“ ფრანგის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

მართალია „ატლეტიკო“ თავისი ლიდერის გასხვისების სასტიკი წინააღმდეგია, თუმცა ისინი წესებს ვერ მაინც დაარღვევენ. როგორ? გრიზმანის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებულია და ის 100 მილიონ ევროს შეადგენს, თუ ფეხბურთელი „როხიბლანკოს“ ახალ წინადადებას არ მიიღებს, „ბლაუგრანა“ მის შეძენას ძალიან მარტივად შეძლებს.

ჯერ კიდევ იანვარში გახდა ცნობილი, რომ კატალონიელებმა 7 ნომრიანი მაისური შეინახეს და კოუტინიოს მისი აღების უფლება არ მისცეს. ყველაფერი იმთავითვე ნათელი იყო - შვიდიანს გრიზმანი მოირგებს.

რამდენი ფორვარდიც არ უნდა შეიძინოს ვალვერდეს გუნდმა, ინიესტას შეცვლა ამ გზით მაინც ვერ მოხდება.

„ბარსას“ ბურთთან შენობით მოსაუბრე ნახევარმცველი სჭირდება. ფეხბურთელი, რომელიც კლუბის დეენემის მატარებელია.

დიახ, უკვე ცნობილია, რომ კატალონიელებს „გრემიოს“ 21 წლის ბრაზილიელი შაუხაზელის არტურის გამოსყიდვის უფლება აქვთ და როცა მათი სურვილი იქნება, ფეხბურთელი „კამპ ნოუსკენ“ გაემგზავრება.

მაგრამ ვის ნაცვლად უნდა ითამაშოს არტურმა? მას ბუსკეცისა და რაკიტიჩის პოზიციაზე თამაში თანაბრად კარგად შეუძლია.

ართმევაზე თამაში, ბურთის ფლობა და შეტევებში ჩართვა - ეს, არტურის დადებითი თვისებებია, თუმცა ის ინიესტას პოზიციასთან არაფერ შუაშია.

ვალვერდეს დაუგეგმავი 4-4-2 - უცნაური სეზონი და მიუტევებელი შეცდომა

ბასკმა სპეციალისტმა 2017-2018 წლების სეზონის სტარტზე ქომაგებს სიახლე შესთავაზა და გუნდი 4-4-2 სქემაზე გადააწყო, მაგრამ ეს არ ყოფილა მისი თავდაპირველი გეგმა და არჩევანი.

ვინც ვალვერდეს კარგად იცნობს, ეცოდინება, რომ ის უპირატესობას 4-2-3-1 სქემას ანიჭებს.

ნეიმარის გუნდიდან წავსლამ ვალვერდეს გეგმები არია და მასაც ახალი ტაქტიკის შემუშავება მოუწია.

4-4-2-მა შედეგი გამოიღო და გუნდი დაუმარცხებელი გახდა.

დაცვაში ასე მწყობრად მოთამაშე „ბარსა“ ნამდვილად ძნელი გასახსენებელია.

დემბელეს ხშირმა ტრავმიანობამ და კოუტინიოს ზაფხულში ვერშეძენამ ვალვერდე აიძულა, რომ 4-4-2 ხშირად გამოეყენებინა.

ფეხბურთელები ამ ტაქტიკას შეეჩვივნენ და როდესაც მათ 4-3-3-ით თამაში უწევდათ, დაცვაში სერიოზული პრობლემები იქმნებოდა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს წლევანდელ სეზონში პაულინიოს როლი გუნდში უდიდესი იყო.

ვალვერდეს ამ ფორმაციის „ბარსას“ მთავარი პლიუსი აქტიური პრესინგი, ბურთის ფლობა და დაცვაში უშეცდომო თამაში იყო. დიახ, ჩვენ "ბარსელონაზე" ვსაუბრობთ და არა ალეგრის "იუვენტუსზე". ამ სტილის "ბლაუგრანა" მართლაც უცნაური სანახავი იყო.

სეზონის გადამწყვეტი მატჩი კატალონიელებმა რომში გამართეს, სადაც ვალვერდემ მოულოდნელად პაულინიოს გარეშე თამაში გადაწყვიტა.

„რომას“ მაღალ პრესინგსა და ტრიბუნებზე შექმნილ ზღაპრულ ატმოსფეროს „ბარსა“ ვერ გაუმკლავდა. გუნდს ნახევარდაცვაში ორთაბრძოლების მოგება ძალიან უჭირდა, რაც ბურთის კონტროლს ართულებდა.

ვალვერდეს მთავარი აღმოჩენა პაულინიო ნახევარდაცვას ძალიან აკლდა და გასაკვირია, რომ მწვრთნელმა მისი გამოყენება არ გადაწყვიტა.

ბრაზილიელი შუახაზელის გოლის ალღო და მოედნის ცენტრში მისი მებრძოლი სტილი, „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ბლაუგრანას“ აშკარად გამოადგებოდა.

როდესაც ანგარიში 0:2 იყო, ყველა ელოდა, რომ ვალვერდე შეტევას გააძლიერებდა და გუნდი გატანაზე ითამაშებდა, თუმცა...

ვალვერდემ ინიესტას ნაცვლად მოედანზე ანდრე გომეში შეუშვა, რომ გუნდს თავდაცვა გაეძლიერებინა. შედეგად, „ბარსამ“ მე-3 გოლი გაუშვა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

ეს იყო ერნესტო ვალვერდეს ყველაზე დიდი შეცდომა წლევანდელ სეზონში. მისი გადაწყვეტილება, რომელიმე საშუალო დონის გუნდის შეშინებული მწვრთნელის ტაქტიკურ სვლას ჰგავდა - მეტი არ გავუშვათ და ანგარიში შევინარჩუნოთ. „ბარსა“ ასე არასდროს თამაშობს და არც მისი მწვრთნელი იღებს ამ სტილის გადაწყვეტილებებს.

ვალვერდეს ეს შეცდომა კლუბის ბორდმა აპატია და მას ახალი სეზონისთვის სრული ნდობა ექნება.

ბეზერას (პაულინიო) როლი კიდევ ერთხელ „ელ კლასიკოში“ გამოჩნდა. „ბარსას“ მოედნის ცენტრის გაკონტროლებას ისე ვერ ახერხებდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.

„რეალი“ ორთაბრძოლებს ხშირად იგებდა და კატალონიელთა საჯარიმომდე მარტივად აღწევდა, თუმცა პაულინიოს მოედანზე გამოჩენის შემდეგ ნახევარდაცვა გამოცოცხლდა და გაცილებით აგრესიული გახდა.

როგორ ითამაშებს ვალვერდე ახალ სეზონში? გრიზმანი და ახალი სისხლი

2018-2019 წლების სეზონში მოსალოდნელია, რომ ერნესტო ვალვერდე თავის ფავორიტ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას გამოიყენებს.

დაცვის ხაზი კითხვებს არ ბადებს. ტერ შტეგენის წინ ალბა, უმტიტი, პიკე და სერხი რობერტო ამ ეტაპზე ხელშეუხებლები არიან.

ვალვერდეს მთავარი საზრუნავი ნახევარდაცვის ხაზია. გრიზმანის შეძენის შემთხვევაში „ბარსას“ ტაქტიკა შესაძლოა 4-3-1-2-ზე გადაეწყოს.

ინიესტას წასვლა გუნდისთვის ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს. კოუტინიო არ არის ის მოთამაშე, რომელიც ანდრესის მსგავსად მოედნის სიღრმიდან ითამაშებს და მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს გააკონტროლებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი უფრო შეტევებზეა ორიენტირებული. ბურთთან ერთად ყოფნის დროს კოუტინიო ყოველთვის გამწვავებაზე ფიქრობს. ინიესტა კი უფრო დინჯია და გუნდის სათამაშო რიტმს მუდამ აკონტროლებს.

წარმოიდგინეთ, რომ „ბარსელონა“ არის მანქანა, რომელსაც მექანიკური სიჩქარის გადაცემათა კოლოფით მართავ, ინიესტა ზუსტად სიჩქარის გადამრთველია. კოუტინიოს ეს ყველაფერი არ შეუძლია, თუმცა მას თავისი პლიუსები აქვს, რომლის გამოყენებასაც ვალვერდე აუცილებლად შეეცდება.

„ბარსას“ სჭირდება ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ბუსკეტსთან ერთად მოედნის ცენტრის გაკონტროლებას მოახდენს, ბურთს დაიჭერს და შეტევების დროს ფორვარდებს გადაცემებით მოამარაგებს.

კატალონიელებს რამდენიმე სატრანსფერო სამიზნე ჰყავთ. კრისტიან ერიკსენი, ანდერ ერერა და ტიაგო ალკანტარა სიაში ყველაზე ვარსკვლავური ტრიოა და მათ „ბლაუგრანას“ ნახევარდაცვის გაძლიერება ნამდვილად შეუძლიათ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ინიესტას სრულფასოვნად ვერცერთი მათგანი შეცვლის.

სწორი როტაცია - ის, რაც ვალვერდეს აუცილებლად დასჭირდება

როდესაც გრანდს წვრთნი, გყავს უძლიერესი ძირითადი შემადგენლობა და არანაკლებ ძლიერი სათადარიგო სკამი, მაგრამ სასტარტოში თამაში ყველას არ უწევს. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელს სწორი როტაცია მართებს.

თავისი სათამაშო დრო მეტწილად ყველამ უნდა მიიღოს და გუნდში უკმაყოფილო მოთამაშე არ უნდა გყავდეს.

ზინედინ ზიდანმა გასული ორი სეზონის განმავლობაში ამ ყველაფერს თავი იდეალურად გაართვა და „რეალმა“ საკმაოდ ღრმა შემადგენლობის ხარჯზე უამრავი ტიტული მოიგო.

ვარსკვლავური შემადგენლობის როტაციის ნამდვილი დიდოსტატი გახლდათ ვისენტე დელ ბოსკე, რომელმაც თავისი შესაძლებლობები „რეალსა“ და ესპანეთის ნაკრებში მუშაობის დროს დაამტკიცა.

„ბარსელონა“ ღრმა სათადარიგოთა სკამით არასდროს გამოირჩეოდა და მითუმეტეს ბოლო წლებში.

კატალონიელები ძირითადად 14-15 მაღალი დონის მოთამაშით გადიან ფონს, თუმცა შესაძლოა გაისად ეს ყველაფერი შეიცვალოს.

როგორ უნდა მოიქცეს ვალვერდე, თუ მას შემადგენლობაში მესი, სუარესი, გრიზმანი, კოუტინიო, დემბელე, რაკიტიჩი, არტური, პაულინიო და ბუსკეცი ეყოლება? პლიუს ამას, სავსებით შესაძლებელია „ბარსამ“ კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიმატის, რაც ბასკი სპეციალისტის თავსატკივარს კიდევ უფრო გაზრდის.

აქტიური როტაციის ფონზე, სავარაუდოდ მესის გარდა ყველა დაისვენებს.

ბუნებრივია როტაცია დაცვის ხაზსაც შეეხება. ნელსონ სემედუ, იერი მინა და ტომას ვერმალენი სავარაუდოდ გუნდში დარჩებიან. ლუკა დინი კი დიდი ალბათობით ტრანსფერზე დადგება და „ბარსა“ მის შემცვლელს შეიძენს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზედმეტად შემტევი შემადგენლობითა და პაულინიოს გარეშე მოთამაშე „ბარსას“ თავდაცვის დროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნება.

სავარაუდოა, რომ სუარესი და გრიზმანი აქტიური როტაციის ფონზე ითამაშებენ.

ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ყველაზე მეტი ბრძოლა უსმან დემბელეს მოუწევს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ვალვერდეს მთავარი კოზირი იქნება და სასტარტოში ეტაპობრივად მოგვევლინება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემადგენლობის ერთ-ერთ ვარიანტად ეს თერთმეტეული მოსჩანს.

შემაჯამებელი დასკვნა

ამჯერად, ვალვერდეს ახალი სეზონიდან წინასწარ ეცოდინება, თუ რა კონტიგენტი იქნება მის განკარგულებაში და ტაქტიკურ მონახაზსაც შესაბამისად აირჩევს.

ამ ეტაპზე, წინასწარ საუბარი მაინც ძალიან რთულია, რადგან მთელი სატრანსფერო ფანჯარა წინ არის და პლიუს ამას მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც უამრავი ახალი ვარსკვლავი იბადება.

„ბარსა“ წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზეც საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვას გეგმავს და წინ დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

ფაქტი ის გახლავთ, რომ 2018-2019 წლების სეზონში პრაგმატულ 4-4-2-სა და გადამწყვეტ მატჩებში ანდრე გომეშის გამოჩენას ვეღარ ვნახავთ.

ხელმძღვანელობა ვალვერდეს გაისად ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოსთხოვს და ბასკმა სპეციალისტმა ეს თავადაც კარგად იცის.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები