''ლიპარტელიანს არ აქვს არგუმენტი თუ რატომ უნდა გადავდგე'' - ქევხიშვილი ლიპარტელიანს პასუხობს
Aa
Aa

''ლიპარტელიანს არ აქვს არგუმენტი თუ რატომ უნდა გადავდგე'' - ქევხიშვილი ლიპარტელიანს პასუხობს

ძიუდოს ფედერაციის ყრილობის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა მედიასთან ვრცლად ისაუბრა. პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი პოსტის დატოვებას არ აპირებს და დაპირისპირებულ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს.

''ამ პროცესების უკან დგანან ჯგუფები. ცხადია პროცესი მართულია. დეტალებში შესვლა არ მინდა. მე მოვუწოდებ ლიპარტელიანს როგორც გუნდის კაპიტანს, გადავიტანოთ ყველაფერი მაგიდის ფორმატში. მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი. რეალურად შესაძლებელია რომ მე დავრჩე პოსტზე და მათ განაგრძონ ნაკრებში ვარჯიში. ყველანაირი საშუალება არსებობს რომ მათ წარმატებას მიაღწიონ. მე დიდ პატივს ვცემ ყველა სტრუქტურას, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძიუდოს ფედერაციის ყრილობას. ვალდებული ვარ ყრილობის გადაწვეტილებას დავემორჩილო, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურისგან რეკომენდაცია მისაღებია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თანამდებობას არავინ მისტირის. მე მაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა. არსებობს ცხოვრებაში მარცხი და გამარჯვება, მაგრამ თუკი მე ყველა პირობა შევუქმენი სპორსტმენს, შედეგებზე არ ვარ პასუხისმგებელი.

ნაკრების ყველა წევრი არასოდეს არ ყოფილა თავისი ფულით. ლიპარტელიანმა გვიან განაცხადა ტურნირზე წასვლის შესახებ და ამიტომ ვერ მოხერხდა თანხის დროულად გამოყოფა. სპორტსმენები თავისი ფულით არ დადიან.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, მე კარგად ვიცოდი რომ შედეგი არ იქნებოდა იდეალური, რადგან ჩემი აზრით სპორტსმენთა ნაწილს ტრავმა ხელს შეუშლიდა წარმატების მიღწევაში. ასე იყო მაგალითად პაპინაშვილის შემთხვევაში. მე პაპინაშვილს ვესაუბრე, მაგრამ  მან მითხრა რომ ევროპის ჩემპიონატი ჩაივლიდა და შემდეგ ვისაუბრებდით. მწვრთნელების გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერ ვაგებ.

დღემდე ვერ მოვისმინე არგუმენტი თუ რატომ უნდა გადავდგე. მე მზად ვარ პასუხი ვაგო. თუკი ნებისმიერი უწყება თუ ნებისმიერი პირი დამიდასტურებს რატომ უნდა გადავდგე, მზად ვარ პოსტი დავტოვო, მაგრამ ჯერ არგუმენტი არ მომისმენია. დღეს ყრილობაზე ვთქვი, რომ ნაკრების სპორტსმენები თავისი ფულით არ დადიან შეკრებაზე.

სამწვრთნელო პროცესში არ ჩავრეულვარ. ჩემი აზრი არ გაუთვალისწინებიათ მწვრთნელებს, მათ სხვა არჩევანი გააკეთეს. მწვრთნელთა გადასაწყვეტია ვინ იქნება პირველი ნომერი.

სპორტსმენის მოთხოვნაზე პრეზიდენტის გადადგომა არასწორი მგონია. მე არ მივტირი თანამდებობას, მაგრამ სამომავლოდ ეს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. მე ვიცავ არა დავით ქევხიშვილს, არამედ პრეზიდენტის პოსტს, როგორც ინსტიტუტს.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას, გადაწყვეტილებას უახლოს პერიოდში მივიღებთ'' - დაასრულა დავით ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო ''ბილტმორში'' საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, სადაც ორი საკითხი განიხილეს: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესები.

ამ თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ:

''ჩვენ კითხვები გვაქვს პრეზიდენტთან'' - ძიუდოისტები ყრილობაზე შეუშვეს

''ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები და მიუკერძოებლები'' - გიორგაძის განცხადება ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით

''ფედერაციის პოლიტიკა გამართლებულია'' - ქევხიშვილის მხარდამჭერები ფედერაციასთან შეიკრიბნენ

 

ცხელი ამბები