ჟოზე მოურინიო:
Aa
Aa

ჟოზე მოურინიო: "გუნდში ბევრი დაბალი დონის ფეხბურთელი მყავს"

ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ „იუნაიტედში“ ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც მანჩესტერული კლუბის სტანდარტებს არ შეესაბამება. სეზონის განმავლობაში ჟოზემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ზაფხულში გუნდის გაძლიერებას და „სიტისთან“ „ჩამორჩენის“ შემცირებას გეგმავს. თუმცა პორტუგალიელი ეგუება იმ ფაქტს, რომ ყველა „დაბალი დონის“ ფეხბურთელს გუნდიდან ვერ გაუშვებს. ჯერჯერობით მოუს წამსვლელთა ვინაობა არ გაუმხელია, მაგრამ სეზონის მანძილზე რამდენჯერმე ენტონი მარსიალი და ლუკ შოუ გააკრიტიკა. ექსპერტთა ვარაუდით ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მანჩესტერული გუნდი სწორედ ამ ორ ფეხბურთელს შეელევა.

ჟოზემ აღიარა, რომ „პრემიერ ლიგაში“ კლუბების უმრავლესობას იდეალური შემადგენლობის შედგენის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს, თუმცა მეორე მხრივ, პორტუგალიელმა ხაზი „სიტის“ სატრანსფერო პოლიტიკასაც გაუსვა.

კითხვაზე, რა სჭირდებოდა უფრო მეტად ჟოზეს , ხარისხი თუ უკეთესი დამოკიდებულება პორტუგალიელმა ასეთი პასუხი გასცა: „ ორივე! რამდენი ქულაა „იუნაიტედსა“ და „სიტის“ შორის სხვაობა? ერთი?! ორი?! სამი?! არა! ჩვენ „ქალაქელებს“ ბევრით ჩამოვრჩებით და სწორედ ამიტომ ზემოთხსენებული ორივე რამ გვჭირდება. „იუნაიტედის“ ზოგიერთ ფეხბურთელს სტაბილურობა მართებს და ბუნებრივია გუნდში მაღალი დონის მოთამაშეების ყოლაც აუცილებელია“.

„ფეხბურთელთა ამ ჯგუფთან წლების მანძილზე ვმუშაობდი და მათ ჩემზე უკეთ არავინ იცნობს. ზუსტად ვიცი, რომელი მათგანის ნდობა შეიძლება და კონკრეტულ შეხვედრაში მათგან რას მივიღებ".

„თუ იმის შესაძლებლობა გაქვს, რომ ახლახანს ნაყიდი გოლკიპერი და ცენტრალური მცველი ახლით ჩაანაცვლო, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს, მაშინ შანსი გაქვს იდეალური შემადგენლობა დააყენო. თუ ამის საშუალება არ გეძლევა, იძულებული ხდები, ის ფეხბურთელები შეინარჩუნო, რომლებიც დაბალი დონის მოთამაშეები არიან“.

„პრემიერ ლიგის მწვრთნელთა უმრავლესობაც ამ აზრზეა. თუმცა არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ. ფაქტია, რომ გუნდში ბევრი ისეთი მოთამაშე მყავს, რომელთა ჩანაცვლებაც აუცილებელია“.

მოურინიომ აღიარა, რომ საუკეთესო 6 კლუბთან მოპოვებული გამარჯვება და შემდეგ „ნიუკასლთან“, „ბრაიტონთან“, „ჰადერსფილდთან“ და „ვესტ ბრომვიჩთან“ განცდილი მარცხი სათადარიგო სკამის არქონის ბრალია და ეს სწორედ ის პრობლემაა, რომელიც მომავალ სეზონში აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

„როდესაც „ჩემპიონშიპიდან“ გადმოსულ სამივე გუნდთან მარცხდები, რაღაც კარგად ნამდვილად არაა“.

„სუსტ გუნდებთან წაგების და ძლიერ კლუბებთან მოგების შემდეგ ხვდები, რომ ცვლილებები აუცილებელია. იგივე ხდება, როდესაც ძლიერ გუნდებთან აგებ და სუსტებთან იგებ“.

„სეზონის შუაწელს ჩავარდნა ყველა კოლექტივს აქვს და ეს აბსოლუტურად გასაგები მოვლენაა. ძლიერი კლუბების წინააღმდეგ იმიტომ აგებ, რომ მათი გეშინია, ხოლო სუსტ კლუბებთან მოწინააღმდეგის დაუფასებლობის გამო მარცხდები“.

„ზაფხულში მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველა მოთამაშეს ჩემნაირი მენტალიტეტი ჩავუნერგო! მე ძლიერი კლუბების არ მეშინია და სუსტებს პატივს ვცემ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები