სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო! ორი ტოპ მოთამაშე გრიზმანის შესაცვლელად
Aa
Aa

სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო! ორი ტოპ მოთამაშე გრიზმანის შესაცვლელად

სეზონი პრაქტიკულად დასრულდა. ლა ლიგის მოწინავე 4 გუნდისთვის ყველაფერი გარკვეულია.

გუნდები ნელ-ნელა სატრანსფერო სამიზნეებზე ახდენენ კონცენტრაციას და ამ საქმეში ერთ-ერთი პირველი „ბარსელონა“ გახლავთ.

ესპანური Mundo-ს ცნობით, კატალონიელებმა „ატლეტიკოს“ უკვე ოფიციალურად მიმართეს, რომ ისინი გრიზმანის გამოსასყიდი თანხის 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

რამდენიმე დღის წინ, „ბარსას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ შემდეგი რამ განაცხადა: „დიახ, გასულ წელს გრიზმანთან შეხვედრა მქონდა, მაგრამ მე სხვა მოთამაშეებსაც შევხვდი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე ანტუანთან ერთად ვივახშმე სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ კონაქტი ბევრ სხვადასხვა მოთამაშის წარმომადგენელთან გვაქვს და მათ შორის გრიზმანიც შედის.

„ატლეტიკოსთან“ კარგი ურთიერთობა გვაქვს და არ გვსურს, რომ ის გავაფუჭოთ. ამ ეტაპზე სხვა გუნდის მოთამაშეზე მეტი საუბარი არ შემიძლია“.

„როხიბლანკოს“ გენერალურმა დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა კატალონიელთა გააქტიურების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი გრიზმანის გაყიდვას არ გეგმავენ.

„კატალონიელთა დამოკიდებულებამ დაგვღალა. ისინი საუბრობენ იმ მოთამაშესთან თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და ეს სრული უპატივცემულობის გამოხატვა მგონია ისევე როგორც ჩვენს მიმართ, ასევე „ატლეტიკოს“ ქომაგების მიმართაც.

ბართომეუს რამდენიმე თვის წინ შევხვდი და ვუთხარი, რომ გრიზმანის გაყიდვას არ ვგეგმავთ და მას არც „ბარსელონას“ დავუთმობთ“.

როგორც ხედავთ, „ბარსამ“ გრიზმანის თაობაზე უკვე ოფიციალურად განაცხადა და კონტრაქტის თანახმად, თუ ვინმე 100 მილიონ ევროს გადაიხდის, ფრანგი ფეხბურთელი ავტომატურად მის საკუთრებაში გადავა.

„ატლეტიკოს“ იმედი ჰქონდა, რომ გრიზმანს ახალ პირობებს შესთავაზებდა და ფრანგსაც დაიყოლიებდა, მაგრამ ფეხბურთელი მტკიცე უარზეა, რაც „ბარსას“ შანსებს საგრძნობლად ზრდის.

თუ, მადრიდელები გრიზმანთან ახალ კონტრაქტს ვერ გააფორმებენ, „ბლაუგრანა“ მის შეძენას მარტივად შეძლებს.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ატლეტიკო“ თავიანთი ლიდერის დაკარგვას უკვე შეეგუა და მისი შემცვლელის ძიება დაიწყო.

Marca-სა და Sport-ის ინფორმაციით, „როხიბლანკო“ ედინსონ კავანის გადაბირებას შეეცდება.

„პსჟ“-ს ურუგვაელ ფორვარდს პარიზიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს და მადრიდელები ამ ფაქტით სარგებლობას გეგმავენ.

31 წლის კავანის სანაცვლოდ „ატლეტიკოს“ არც დიდი თანხის გადახდა მოუწევს და მისი სტილიდან გამომდინარე ურუგვაელს გუნდთან ადაპტაციის პრობლემაც ნაკლებად ექნება.

Mundo იმასაც წერს, რომ „პსჟ“ ფინანსური ფეარ-პლეის თავიდან არიდების მიზნით რამდენიმე მოთამაშეს გაუშვებს.

წყაროს ცნობით, პარიზელებმა „ატლეტიკოს“ კავანისთან ერთად ანხელ დი მარიას შეძენაც შესთავაზეს. არგენტინელ შემტევს ლიგა 1-ის დატოვება გასულ სეზონშიც სურდა და მისი „ბარსელონაში“ ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა.

ბოლო ინფორმაციით, დი მარიას აგენტი უკვე მადრიდში იმყოფება.

მოლაპარაკებები გრძელდება და სავარაუდოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ანუ 14 ივნისამდე ყველაფერი გარკვეული იქნება.

ასევე იხილეთ

როგორ ითამაშებს "ბარსა" გრიზმანთან ერთად - ვალვერდეს ახალი საფიქრალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები