ამირ ხანს შემდეგი ბრძოლის გამართვა სექტემბერში სურს
Aa
Aa

ამირ ხანს შემდეგი ბრძოლის გამართვა სექტემბერში სურს

ამირ ხანი კრივს 2 წლიანი პაუზის შემდეგ ფილ ლო გრეკოსთან დაუბრუნდა და კანადელი მოკრივის ნოკაუტში ჩასაგდებად მხოლოდ 39 წამი დასჭირდა. ხანი კარიერის გაგრძელებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ სექტემბერში ადრიენ ბრონერს დაუპირისპირდება. ამირი მზადაა ზუსტად იმ დღეს იასპარეზოს, როდესაც თავის ორთაბრძოლას კელ ბრუკი გამართავს, ხოლო შემდეგ შეხვედრაში კელთან ჩხუბს და მის სამუდამოდ გაჩუმებას გეგმავს.

 

“Sky Sports“-თან ინტერვიუში ხანმა განაცხადა: „შემდეგი ბრძოლის გამართვა სექტემბერში მსურს და იმედი მაქვს, რომ მოწინააღმდეგედ რომელიმე სერიოზული მოკრივე მეყოლება“.

„ორწლიანი პაუზის შემდეგ კრივს ისე დავუბრუნდი, როგორც ჩემი გულშემატკივრები ითხოვდნენ. ორთაბრძოლისთვის მზად ვარ და ჩემი სამომავლო გეგმები ჯერჯერობით მხოლოდ კრივთან ასოცირდება“.

კითხვაზე ბრუკთან ერთად დარბაზში გამოჩენა რაიმე პრობლემას ხომ არ შექმნიდა? ხანმა განაცხადა: „სულაც არა! ყველაფერი შეიძლება მოხდეს! რატომაც არა?! თუმცა ფაქტია, რომ მე ბრუკზე ცნობილი მოკრივე ვარ და მასზე გაცილებით მეტ ბილეთს „ვყიდი. თუ ედი ჰერნს სურს, რომ ერთ დღეს ვიჩხუბოთ, მე თანახმა ვარ. ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად მუდამ მზად ვარ. ზუსტად ამიტომ შემდეგი მატჩის გამართვას ძლიერ მეტოქესთან ვაპირებ. ბრონერი მშვენიერი ვარიანტია, ვარგასსაც არაუშავს. თუმცა ჩემს დონეზე არცერთი მათგანი დგას და რინგზე ორივეს გავანადგურებ“.

„ბრონერი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ცნობილი მოკრივეა და მისი ბრიტანეთში ჩამოყვანა ნამდვილად დიდი მიღწევა იქნება. ვფიქრობ კარგი ორთაბრძოლა გამოვა“.

ხანმა ლონდონში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ბოლო 5 წლის მანძილზე მისთვის ბრიტანეთში ჩატარებული ერთადერთი მატჩია, და განაცხადა:“ ბრიტანულ მიწაზე დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. საკუთარი გულშემატკივარის წინაშე ჩხუბი დიდი სიამოვნება და დამატებითი მუხტია. მსურს აქ დავრჩე და შემდეგი შეხვედრაც ლონდონში გავმართო“.

ხანი ბრუკთან შესაძლო ჩხუბსაც გამოეხმაურა და აღნიშნა: „ კელს აუცილებლად დავუპირისპირდები. მინდა ის სამუდამოდ გავაჩუმო და მსოფლიოს დავანახო, რომ მე მასზე უკეთესი, ჭკვიანი და ძლიერი მებრძოლი ვარ. ჩემს სიტყვებს რინგზე აუცილებლად დავამტკიცებ“.

ედი ჰერნმა, ხანთან მოლაპარაკებები გასულ კვირას დაიწყო და იმედი აქვს, რომ დაპირისპირება წლის ბოლომდე გაიმართება.

„ორივე მოკრივეს ჩხუბი ზაფხულში სურს, ამიტომ მათი შეხვედრა დიდი ალბათობით ნოემბერში ან დეკემბერში გაიმართება“.

ცხელი ამბები