''კარიერის ''ბაიერნში'' დასრულება მსურს'' - რიბერიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

''კარიერის ''ბაიერნში'' დასრულება მსურს'' - რიბერიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

საფეხბურთო კლუბ მიუნხენის ''ბაიერნის'' 35 წლის ფეხბურთელმა ფრენკ რიბერიმ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. გერმანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა და ფრანგმა ფეხბურთელმა ისაუბრეს. 

''ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი რომ კარიერის ''ბაიერნში'' დასრულება მსურდა. მოხარული ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით. მიუნხენი ჩემი სახლია. ეს არის ძალიან დადებითი ვითარება როგორც ჩემთვის, ასევე კლუბისთვის. იმედი მაქვს შემდეგი სეზონი ძალიან წარმატებული იქნება და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებთ. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, 2 მატჩი დარჩა ჩასატარებილი. ორივე შეხვედრაში გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ'' - აღნიშნა რიბერიმ.

''ფრენკთან შეთანხმებით ძალიან მოხარულები ვართ. მან მიმდინარე სეზონში დაამტკიცა თუ რამდენად მაღალი დონის ფეხბურთელია, რამდენად მაღალი დონისაა მისი საფეხბურთო უნარები. ეს ყველა ტურნირზე გამოჩნდა, ჩემპიონთა ლიგაზე, გერმანიის თასსა თუ ბუნდესლიგაში. გარდა ამისა ის ჩვენი ქომაგების ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია'' - განაცხადა ბოსნიელმა სალიჰამიჯიჩმა, რომელიც 1998-2007 წლებში ''ბაიერნის'' მოთამაშე იყო.

ფრანგმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის 247 მატჩში 80 გოლი გაიტანა. 2013 წელს გერმანულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი მოთამაშე 2007 წელს ''მარსელიდან'' გადავიდა მიუნხენურ გრანდში და მას შემდეგ ''ბაიერნისთვის'' თამაშობს. 2013 წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების გარდა ''ბაიერნმა'' ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ტურნირი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები