ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია - ქართველი სპორტსმენი დააჯილდოვეს
Aa
Aa

ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია - ქართველი სპორტსმენი დააჯილდოვეს

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების გალა-დაჯილდოვება თბილისში რუსთაველის თეატრში ჩატარდა. 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანად ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დასახელდა, რომელმაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა 9804 ხმით მოიგო. მეორე ადგილზე ეგვიპტელი იჰაბ მაჰმუდი გავიდა, რომელმაც 8491 ხმა მიიღო. ტალახაძეს პრიზი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტომაშ აიანმა გადასცა.

შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძე პირველი ქართველია, რომელმაც აღნიშნული პრიზი მიიღო, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF) მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს 1982 წლიდან ავლენს.

''მინდა მივულოცო ჩემს მეგობარ ლაშას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და წარმატება ვუსურვო. მინდა რომ ყოველთვის აღვნიშნავდეთ მის წარმატებას და გამარჯვებას, რადგან ეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ნამდვილად მეამაყება ლაშა, ის საამაყო ქართველია. აქ ბევრი ჩემი მეგობარი სპორტსმენი იმყოფება ახლა, ამიტომ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგახსენოთ, რომ ჩვენ ახლო მომავალში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას, რათა ჩვენს ახალგაზრდებს ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. მაქვს იმედი, რომ თქვენც ჩაერთვებით და გადავარჩენთ ჩვენს მომავალ თაობას''- აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ასევე დაჯილდოვდა 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი ქალი ესპანელი ლიდია ვალენტინი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა, ტალახაძე კი პირველად გახდა გამარჯვებული.

ცხელი ამბები