Aa
Aa

ზიდანი კრიშტიანუზე: "არ მგონია, რამე სერიოზული იყოს"

"ბარსელონასა" და "რეალის" გუშინდელი მატჩისას კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

პორტუგალიელს მე-14 წუთზე, თავისივე გოლისას ფეხი გადაუბრუნდა, რის შემდეგაც გადაადგილება უჭირდა და შესვენებისას მწვრთნელმა მისი მარკო ასენსიოთი ჩანაცვლება გადაწყვიტა.

"სამეფო კლუბის" გულშემატკივრები შიშობენ, რომ შესაძლოა, რონალდუს ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამოტოვება მოუწიოს, თუმცა ისინი ზინედინ ზიდანმა დაამშვიდა.

"ის ახლა იდეალურად არაა, მაგრამ ვფიქრობ, მცირე დაზიანებაა. ეს მხოლოდ არასწორი წამიერი მოძრაობის შედეგია.

არ შემიძლია ვთქვა, კრიშტიანუ რამდენ ხანს ვერ ითამაშებს, მას სამედიცინო შემოწმება ხვალ ( უკვე დღეს - ავტ.) ჩაუტარდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მგონია, რამე სერიოზული იყოს. შესაბამისად, მის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის არ ვნერვიულობ".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 26 მაისს კიევში გაიმართება. უეფას მიერ დღეს გამოცხადდა, რომ თამაშს სერბი მილორად მაზიჩი იმსაჯებს.

კრიშტიანუ რონალდუმ "ელ კლასიკოში" თავისი მე-18 გოლი გაიტანა, რითაც ალფრედო დი სტეფანოს მაჩვენებელს გაუთანაბრდა. საინტერესოა, რომ კრიშტიანუმ უშუალოდ "ნოუ კამპზე" მე-12 გოლი შეაგდო, მაშინ როცა "კლასიკოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ლიონელ მესის (25 გოლი) ამ სტადიონზე "რეალის" კარი 11-ჯერ აქვს აღებული.

გარდა ამისა, რონალდუ "რეალის" მხრიდან "ბარსელონას" კარში გატანილი მე-400 გოლის ავტორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები