Aa
Aa

"მას ბოლოს 1 კვირის წინ შევხვდი" - ვენგერი, გუარდიოლა, კონტე და კლოპი ფერგიუსონის შესახებ...

ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი ალექს ფერგიუსონი შაბათს საღამოს სასწრაფოდ საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა. სერ ალექსს ტვინში სისხლჩაქცევა აქვს და ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

76 წლის ფერგიუსონის შესახებ არსენ ვენგერმა, პეპ გუარდიოლამ, ანტონიო კონტემ და იურგენ კლოპმა ისაუბრეს.

ვენგერი: “ის ძლიერი და ოპტიმისტი ადამიანია. ვუსურვებ, მალე გამოჯანმრთელდეს. გასულ კვირას მასთან ერთად საფეხბურთო მოედანზე ვიყავი და იგი ბედნიერი იყო, თუმცა ყველაფერი ხდება...

თამაშის შემდეგ მის სანახავად ლოჟაში შევედი. მითხრა, რომ ბევრს ვარჯიშობდა და შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც კარგად გამოიყურებოდა“.

გუარდიოლა: „ჩემი ფიქრები ახლა მის მეუღლე კეტისთან და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდ ოჯახთანაა.

მოხარული ვარ, რომ 2 კვირის წინ სერ ალექსთან ერთად ვისადილე. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდება“.

კონტე: „ძალიან ვწუხვარ. მქონდა საშუალება, ის და მისი მეუღლე გამეცნო და მივხვდი, რომ ისინი განსაკუთრებული ადამიანები არიან. სერ ალექსი ჩვეულებრივი ადამიანი არაა, ისაა მწვრთნელი, რომელმაც კარიერაში ბევრი ტიტული მოიგო.

ამ ამბის გაგებამ ჩემი დღე შეცვალა, ამიტომაც მის გამოჯანმრთელებასა და მალე ნახვას ვისურვებ. რთული მდგომარეობაა, თუმცა ყველას გვინდა, რომ ის კვლავ ჩვენს გვერდით იყოს“.

კლოპი: „როცა ეს ამბავი გავიგე ლონდონისკენ მივემგზავრებოდით. დაჯერება გამიჭირდა, რომ ეს შეიძლებოდა ჩვენს თავს მომხდარიყო.

მისთვის და მისი ოჯახისთვის მთელი გულით ვილოცებ და მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სერ ალექსი კვლავ კარგად იქნება და მის ნახვას მოუთმენლად ველოდები“.

ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1986-დან 2013 წლამდე წვრთნიდა და მასთან ერთად 38 ტიტული მოიგო, მათ შორის 13-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა.

„ფერგის“ ყველაზე წარმატებული სეზონი 1998-1999 წლებში იყო, როცა მან „წითელ ეშმაკებს“ ე.წ. „ტრებლი“ შეასრულებინა, რაც ქვეყნის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას გულისხმობს.

ფერგიუსონი ამჟამად სალფორდის სამეფო ჰოსპიტალში იმყოფება, რომელიც 1882 წლის შემდეგ ფუნქციონირებს და ბრიტანეთის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგიურ ცენტრად ითვლება.

ექიმების განცხადებით, "თრომბი" საკმაოდ დიდი ზომის იყო და არსებობდა ალბათობა, რომ მას ტვინის ნაწილი დაეზიანებინა, შესაბამისად, სასწრაფო ოპერაციის ჩატარება ამიტომ გადაწყვიტეს.

მათივე თქმით, ამ დაავადების დროს პირველ დღეებსა და კვირებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო თუკი პაციენტმა რამდენიმე თვეში გაუმჯობესების ნიშნები არ გამოავლინა, საეჭვოა, რომ იგი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ფერგიუსონის შემთხვევაში, ბრძოლას აზრი აქვს, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება და რეაბილიტაციას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

სტატისტიკური მონაცემებით, მსგავსი პრობლემის მქონე პაციენტთა დაახლოებით ნახევარი სიცოცხლეს ასრულებს, დანარჩენ ნახევარს კი სხვადასხვა გართულებები შეიძლება განუვითარდეს, მაგალითად, მეტყველების დაქვეითება, მეხსიერების დაკარგვა, ეპილეფსია და პარალიზება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები