''გენტი'' კრიზისშია - ჩაკვეტაძის მორიგი მარცხი და შანსი 89-ე წუთზე
Aa
Aa

''გენტი'' კრიზისშია - ჩაკვეტაძის მორიგი მარცხი და შანსი 89-ე წუთზე

საფეხბურთო კლუბმა ''გენტმა'' ბელგიის ჩემპიონატში მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი შინ 0:1 დამარცხდა ''შარლერუასთან.'' სტუმრებმა ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს.

62-ე წუთზე ''გენტის'' ქართველი შემტევი ჩაერთო თამაშში. 18 წლის ჩაკვეტაძეს 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება. საუკეთესო ექვსეულში ''გენტი'' 32 ქულით მე-5 ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან ''ანდერლეხტს'' მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების თეორიულ შანსს ინარჩუნებს. ''გენტმა'' ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.

გასულ ზაფხულში თბილისის ''დინამოდან'' ბელგიურ კლუბში გადასულმა ჩაკვეტაძემ ''გენტის'' მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.

 

MLS-ის მორიგ ტურში ''სან ხოსე'' შინ 0:1 დამარცხდა ''პორტლენდთან.'' ''გენტის'' მსგავსად აშკარა კრიზისშია ვაკო ყაზაიშვილის გუნდი, რომელმაც ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. 25 წლის ქართველმა შემტევმა ''პორტლენდის'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. 12-გუნდიან ლიგაში ''სან ხოსე'' 5 ქულით მე-11 ადგილზეა. უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ყაზაიშვილის გუნდს გამარჯვება არ მოუპოვებია.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ''ტობოლი'' საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა აუტსაიდერ ''ქაისართან.'' ''ტობოლის'' შემადგენლობაში გამოცდილმა ქართველმა საყრდენმა ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა. 12-გუნდიან ლიგაში ''ტობოლი'' 13 ქულით მე-5 ადგილზეა. ჯაბა კანკავას თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია და სავარაუდოდ ორ კვირაში დაუბრუნდება მინდორს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები