Aa
Aa

"ბარსელონა" VS "რეალი" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

"ელ კლასიკოს" წინ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენცია ჩაატარეს და შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.

ერნესტო ვალვერდე: "უკვე ჩემპიონები ვართ, მაგრამ "ელ კლასიკო" მნიშვნელობას მაინც არ კარგავს. ეს მატჩი ქომაგებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ. დარწმუნებული ვარ "რეალიც" იგივეს გააკეთებს. მათ სურთ, რომ ჩვენი წაუგებელი სერია შეაჩერონ.

ლა ლიგის დაუმარცხებლად დასრულება ჩვენი მიზანია. ეს რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით მას მივაღწიოთ.

ქვეყნის ჩემპიონატი ასახავს იმას, თუ როგორ თამაშობს გუნდი მთელი წლის განმავლობაში. ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერი სხვაგვარადაა. დღეს ჩვენი მეტოქე სწორედ ის გუნდი იქნება, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე.

ლა ლიგაში 3-4 ფავორიტია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით მეტი. იქ შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ეს, წელს ჩვენს თავზეც გამოვცადეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში ორივე ტურნირის მოგება ურთულესი რამ გახლავთ.

ბოლო მატჩი ინიესტასთვის? არ ვიცი, ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და ალბათ ანდრესი მონაწილეობას სამივე მათგანში მიიღებს".

ზინედინ ზიდანი: "ჩემი გუნდი "ელ კლასიკოსთვის" მზად არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში დიდი დატვირთვა გვქონდა, სათამაშოდ მაინც მზად ვართ.

მერე რა, რომ ლა ლიგა უკვე დასრულებულია, მიუხედავად ამისა ჩვენ ამ მატჩის მოსაგებად ვიბრძოლებთ.

დანაკლისი გვაქვს და შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.

ინიესტა უდიდესი ფეხბურთელია. ხვალ მას აუცილებლად მივესალმები და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ.

მსაჯებზე საუბარი არ მსურს. მთელი სეზონია მათ შესახებ კითხვებს ვისმენ, ამაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ.
რისკი ფინალის წინ? არ ვაპირებთ, რომ "ბარსელონასთან" თავი დავზოგოთ.

100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ დერეფანი არ იქნება. კატალონიელებს ჩემპიონობა ჩვენ უკვე ოფიციალურად მივულოცეთ.

"კამპ ნოუზე" დიდი მოტივაციით გავალთ და მოსაგებად ვიბრძოლებთ. "ელ კლასიკო" და მატჩი "ლივერპულთან" - ეს ორი შეხვედრა ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობისაა".

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები