Aa
Aa

"ბარსელონა" VS "რეალი" - ტაქტიკური ანალიზი: ისტორია, სტატისტიკა და მოსალოდნელი ტაქტიკა

"კამპ ნოუ" სეზონის მეორე "ელ კლასიკოს" უმასპინძლებს და ეს იქნება ბოლო წლების ყველაზე უცნაური დაპირისპირება.

2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "კლასიკოს" მონაწილე ერთ-ერთი გუნდი უკვე ჩემპიონია და მატჩს სატურნირო თვალსაზისით მნიშვნელობა აღარ აქვს.

ხსენებული მატჩი ალბათ ფეხბურთის ქომაგებს კარგად ემახსოვრებათ, "ბარსამ" "რეალს" საჩემპიონო დერეფანი მოუწყო და შემდეგ 1:4 დამარცხდა.

ცნობისთვის, ამ მატჩში კატალონიელთა ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა კარიერაში თავისი ერთადერთი წითელი ბარათი მიიღო.

წლევანდელ სეზონში გამართული პირველი "ელ კლასიკო" ყველას კარგად ახსოვს. "ბლაუგრანამ" მადრიდში 3:0 მოიგო და სწორედ იმ დღიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ყველა ხვდებოდა, რომ ლა ლიგის ტიტულს ვალვერდეს გუნდი ხელიდან აღარ გაუშვებდა.

დერეფანი იქნება? მაგრამ არა საჩემპიონო...

ესპანურმა პრესამ ბოლო დღეებში გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმადაც მადრიდელები "ელ კლასიკოში" საპატიო დერეფანს გააკეთებენ, მაგრამ ეს საჩემპიონო არ იქნება.

საქმე ანდრეს ინიესტას ეხება, რომელიც კარიერაში თავის ბოლო და 38-ე "ელ კლასიკოს" ჩაატარებს.

"რეალიც" და "ბარსაც" ინიესტას საპატიო დერეფანს მოუწყობენ, რომელიც მატჩის დაწყებამდე უნდა შედგეს.
ხსენებული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

გუნდების დანაკლისი და ტაქტიკური მონახაზი

ბარსელონა

ერნესტო ვალვერდეს "ელ კლასიკოს" წინ შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ აწუხებს.

მცირე დაზიანება ჰქონდა ანდრეს ინიესტას, მაგრამ კაპიტანი უკვე მწყობრშია და ხვალ სასტარტოში ელიან.

"ბარსა" ლა ლიგაში ძირითადად 4-2-3-1 ტაქტიკით თამაშობს ხოლმე. ვალვერდემ ეს სქემა მას შემდეგ აირჩია, რაც გუნდმა ზამთარში ფელიპე კოუტინიო შეიძინა.

პრაგმატული 4-4-2 კატალონიელებს ჩემპიონატის წაუგებლად დასრულებაში ძალიან დაეხმარა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ამ სქემამ არ გაამართლა და გუნდმა კრახი განიცადა.

"ბლაუგრანა" ასე ითმაშებს: კარს ტერ შეტეგენი დაიცავს, მის წინ 4 მცველი განლაგდება - ალბა, უმტიტი, პიკე და სერხი რობერტო.

ნახევარდაცვის ცენტრს ბუსკეტსი და რაკიტიჩი გაამარგრებენ. მათ წინ ინიესტა-მესი-კოუტინიოს ტრიო იმოქმედებს,

რომლებიც პოზიციებს ხშირად გაცვლიან ხოლმე და მეტოქისთვის თავგზის აბნევას შეეცდებიან.

"ბარსელონას" ლა ლიგის დაუმარცხებლად დასრულება სურს და "რეალის" წინააღმდეგ გუნდი მთელი მოტივაციით ითამაშებს, რადგან ეს მათთვის სეზონის ბოლო რთული მატჩი იქნება.

რეალი

ზინედინ ზიდანს შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვს და პლიუს ამას გუნდი გადაღლილია, რადგან ერთი კვირის ინტერვალში მადრიდელებმა "ბაიერნთან" 2 ურთულესი შეხვედრა ჩაატარეს.

მართალია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე დაახლოებით 3 კვირა რჩება, მაგრამ ზიდანი მოთამაშეების დასვენებას მაინც გეგმავს.

მეორეს მხრივ "რეალს" არ სურს სეზონის მეორე "კლასიკოც" დამამცირებელი ანგარიშით წააგოს და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ბლანკოსის" შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე ცვლილება იქნება.

რაც შეეხება იძულებით ცვლილებებს, "რეალს" ტრავმების გამო დანი კარვახალი, რაფაელ ვარანი და ისკო ვერ დაეხმარებიან.

კეილორ ნავასის წინ დაცვის ხაზს მარსელო, რამოსი, ნაჩო და ვასკესი გაამაგრებენ. რა თქმა უნდა, ეს ოპტიმალური ვარიანტისგან ძალიან შორსაა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ზიდანს სხვა გზა არც რჩება.

ნახევარდაცვაში კაზემიროსა და კროოსის თამაში პრაქტიკულად გადაწყვეტილია. პრესა ვარაუდობს, რომ ზიდანი ლუკა მოდრიჩს დაასვენებს და მის ნაცვლად ძირითადში დანი სებალიოსი გამოჩნდება. ეს, უშუალოდ მატჩის დაწყების წინ გადაწყდება.

ვინც "ბაიერნთან" განმეორებით შეხვედრას უყურა აუცილებლად შეამჩნევდა, რომ ვასკესს მარჯვენა ფლანგზე ლუკა მოდრიჩი იდეალურად აზღვევდა. შეძლებს იგივეს სებალიოსი? რთული წარმოსადგენია...

თავდამსხმელთა დუეტს სავარაუდოდ კვლავ რონალდუ და ბენზემა დააკომპლექტებენ. მათ უკან მარკოს ასენსიო ითამაშებს, რომელსაც ისკოს ფუნქციების შესრულება მოუწევს.

შესაძლოა ზიდანმა შანსი გარეთ ბეილს მისცეს, რომელიც კლუბიდან წასასვლელად ემზადება. უელსელი დასვენებულია და აქედან გამომდინარე მისი ძირითადში მოხვედრის შანსები ნამდვილად არსებობს.

ფრანგი სპეციალისტი მეორე ნომრად თამაშს აირჩევს და კატალონიელთა შეცდომებს დაელოდება. კონტრშეტევებს "რეალზე" უკეთ ევროპაში ვერავინ იყენებს.

ელ კლასიკოს ისტორია - ურთიერთშეხვედრები და ბოლო დროინდელი მატჩები

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს "ბარსა" და "რეალი" "კლასიკოს" მოგებას უფრო ხშირად სტუმრად ახერხებენ, ვიდრე საკუთარ მოედანზე.

„ნოუ კამპზე“ გამართულ ბოლოდროინდელ შეხვედრებში უპირატესობა „რეალს“ აქვს, რომელმაც უკანასკნელი 5-დან 3 მატჩი მოიგო - 1 ფრე და 1 წაგება.

ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 15-დან 13 მატჩში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა.

ლა ლიგის ეგიდით "ბარსელონამ" და "რეალმა" სულ 175 მატჩი გამართეს, რომელთაგან მადრიდელებმა 72 მოიგეს, ხოლო კატალონიელებმა 70.

ბურთების შეფარდებაში "რეალს" მცირე უპირატესობა აქვს - 283-280-ზე.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ "ელ კლასიკოებს", ასეთი სულ 8 მატჩი იყო, რომელთაგან "რეალმა" 3 მოიგო, 3 ფრედ დასრულდა და 2-ჯერ "ბარსამ" გაიმარჯვა.

ბურთების ბალანში წინ აქაც "რეალია" - 13-10-ზე.

ესპანეთის სამეფო თასის ეგიდით სულ 33 მატჩი გაიმართა, რომელთაგან 14 "ბარსამ" მოიგო, 12 "რეალმა", 7-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.

ბურთების შეფარდებაში უპირატესოვა კვლავ "რეალს" აქვს - 64-63-ზე.

ესპანეთის სუპერ თასზე "ელ კლასიკო" სულ 13-ჯერ გაიმართა. აქედან, "რეალმა" 8 მოიგო, "ბარსამ" კი 4. 2 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

ბურთების შეფარდებით "რეალი" საგრძნობ უპირატესობას ფლობს - 30-18-ზე.

"ელ კლასიკო" ისტორიის მანძილზე უამრავჯერ გაიმართა და ეს სხვადასხვა ტურნირის ეგიდით ხდებოდა. ზოგიერთი მათგანი ახლა აღარ არსებობს, ზოგიერთი კი ამხანაგური იყო.

თუ, გავითვალისწინებთ ყველა ოფიციალურ და არაოფიციციალურ ტურნირს, მაშინ სულ მივიღებთ 269 კლასიკოს, რომელთაგან 111 შეხვედრა "ბარსამ" მოიგო, 99 კი "რეალმა".

ბურთების შეფარდებაში უპირატესობა "ბარსას" აქვს - 467-442-ზე.

მესი VS რონალდუ ციფრებში

მატჩები

მესიმ "რეალის" წინააღმდეგ სულ 37-ჯერ ითამაშა, რომლიდანაც 17 შეხვედრა მოიგო და 12-ჯერ დამარცხდა. 8 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

რაც შეეხება კრიშტიანოს, მის ანგარიშზე 29 კლასიკოა. პორტუგალიელს უარყოფითი ბალანსი აქვს - 8 გამარჯვება, 14 მარცხი და 6 ფრე.

გოლები

"რეალის" წინაარმდეგ ლეო მესის ანგარიშზე 25 გოლია. აღსანიშნავია, რომ აქედან 15 ბურთი არგენტინელმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიტანა.

მესის ყველა გოლი "რეალის" კარში.


 

კრიშტიანომ კი კატალონიელთა კარი 17-ჯერ დალაშქრა. რონალდუმ "ბარსას" ბოლოჯერ წელს, ესპანეთის სუპერ თასზე "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში (3:1) გაუტანა.

რონალდუს ყველა გოლი "ბარსელონას" კარში.


 

საგოლე გადაცემები:

სტატისტიკის მიხედვით, მესიმ გუნდელებს საგოლე მომენტი 65-ჯერ შეუქმნა, რომლებიდანაც გოლად 14 მათგანი იქცა.

რაც შეეხება რონალდუს, მისი შედეგი გაცილებით მოკრძალებულია. კრიშტიანომ თანაგუნდელებს გოლის გატანის 14 შანსი შეუქმნა, საბოლოოდ კი ბადეში მხოლოდ 1 მათგანი აღმოჩნდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რონალდუს მესიზე 8 კლასიკოთი ნაკლები აქვს ჩატარებული.

რას უნდა ველოდოთ მატჩისგან

"ბარსელონამ" ლა ლიგის ჩემპიონობა წინა ტურში იზეიმა. "რეალმა" კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ გააღწია და მის მოგებას ამჯერადაც გეგმავს.

გუნდებს საზეიმო განწყობა აქვთ, თუმცა მადრიდელებს ჯერჯერობით არაფერი მოუგიათ.

"რეალმა" პირველ წრეში "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:3 წააგო და ბუნებრივია, მათ კატალონიელთათვის სამაგიეროს გადახდა სურთ.

ზიდანის გუნდს აქვს შანსი, რომ "ბარსას" საჩემპიონო ზეიმი ჩაუშალოს.

მეორეს მხრივ, "ბლანკოსი" გადაღლილია, მათ აქვთ დანაკლისი და ამ ყველაფრის ფონზე "ბლაუგრანა" ბრწყინვალედ გამოიყურება.

მატჩი არ იქნება იმდენად დაძაბული როგორც ეს პირველ წრეში იყო. სამაგიეროდ, გუნდები უფრო თავისუფლად და ლაღად ითამაშებენ, რაც სანახაობრივი თვალსაზრისით ნამდვილად კარგი იქნება.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები