მარიო ბალოტელი VS კენი უესტი - „ძმაო, სერიოზულად, ტვინი ვინ გამოგირეცხა?“
Aa
Aa

მარიო ბალოტელი VS კენი უესტი - „ძმაო, სერიოზულად, ტვინი ვინ გამოგირეცხა?“

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „ნიცას“ თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ამერიკელ ჰიპ-ჰოპ არტისტს, კენი უესტს დაუპირისპირდა. ფეხბურთელმა რეპერის კომენტარი გააკრიტიკა, რომელიც მონობის საკითხს ეხებოდა. კენი უესტმა განაცხადა, რომ საუკუნეების განმავლობაში აფრო-ამერიკელების მონობა მათივე „არჩევანი“ იყო. ეს კომენტარი უესტმა TMZ-სთან საუბრისას გააკეთა - „როდესაც 400 წლიანი მონობის შესახებ გესმის...400 წლიანი!!! ეს უკვე არჩევანია. როდესაც 400 წელი მონობაში იყავი ახლა კი რა...სულ ესაა? ეს უფრო გონებრივ ტყვეობას ჰგავს.“

ამ განცხადების შემდეგ უესტმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი სიტყვები უკან წაიღო - „რა თქმა უნდა ვიცი, რომ მონები გემებზე თავისი ნებით არ ადიოდნენ. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ მსგავს მდგომარეობაში დიდი ხანი ვიყავით, მიუხედავად იმისა რომ რიცხვობრივი უპირატესობა გვქონდა. ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩვენ გონებრივად დამონებულები ვიყავით.“

კენი უესტის ამ განცხადებას შავკანიანების მხრიდან ბევრი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის იყო ბალოტელიც, რომელმაც რეპერის ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა - „რა სისულელეები ამოდის შენი პირიდან?“ „მართლა?! მონობა არჩევანი იყო?“ „ძმაო, სერიოზულად, ტვინი ვინ გამოგირეცხა?“

ბალოტელი, რომელიც განაში დაიბადა შემდეგ კი იტალიელთა ოჯახმა იშვილა, კარიერის მანძილზე რასიზმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ბოლოს მის მიმართ რასისტული შეძახილები თებერვალში, „დიჟონის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაისმა.

აღსანიშნავია, რომ მონობასთან დაკავშირებული პოსტები კენი უესტის Twitter-ის ოფიციალური გვერდიდან უკვე წაშლილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები