Aa
Aa

„რომა“ VS „ლივერპული“ - მატჩის შემდეგ

ლივერპულის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღიარა, რომ მის გუნდს გაუმართლა და შემდეგ ეტაპზე გასვლა სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა.

„მერსისადელებმა“ პირველ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და „ენფილდზე“ იტალიელები 5-2 დაამარცხეს.

ლივერპულელებმა „სტადიო ოლიმპიკოზე“ თავი ორჯერ გამოიჩინეს, თუმცა „რომას“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც ჰქონდა და საბოლოოდ მატჩი იტალიელების  გამარჯვებით 4-2 დასრულდა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარი საოცრად ჩაატარეს და რომ არა ბევრი გაფუჭებული მომენტი დიდი ალბათობით ფინალში რომაულ გუნდს ვიხილავდით. ლივერპულმა დაცვაში საშინლად გამოიყურებოდაა და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში პირველად დამარცხდა.

იურგენ კლოპი

„პირველ რიგში მინდა რომა შევაქო. მათ საოცრად ითამაშეს და შესანიშნავი ქამბექი შემოგვთავაზეს. რაც შეეხება ლივერპულს, ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ. პირველი გოლი უიღბლობის გამო საკუთარ კარში თავად გავიტანეთ. კონტრ შეტევებზე ბევრი შანსის გამოყენება შეგვეძლო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოთმინება გვაკლდა, რაც ასეთ დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. დაცვაშიც ცუდად გამოვიყურებოდით და მეტოქე გუნდის ნახევარმცველები მთელი მატჩის განმავლობაში თავისუფლები იყვნენ“.

„კარგად ნამდვილად არ გვითამაშია და რომ არა იღბალი შესაძლოა შემდეგ ეტაპზეც ვერ გავსულიყავით. თუმცა წლევანდელი სეზონიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლივერპულმა ფინალში გასვლა დაიმსახურა.

„ვფიქრობ დამატებითი დრო ორივე გუნდისთვის სიგიჟე იქნებოდა და კიდევ ორი 15 წუთიანი ტაიმი რომ გვეთამაშა წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება მომხდარიყო. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში 7-6 გავიმარჯვეთ, რაც ნახევარფინალისთვის გასაოცარი შედეგია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩავერთეთ და ფინალში გასვლა მოვახერხეთ. ბედნიერი ვარ რომ ამ შედეგს მივაღწიეთ. საოცარი გზა გამოვიარეთ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ღირსეულად დავასრულებთ“.

„ჯალოროსის“ მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის მებრძოლი სული კიდევ ერთხელ შეაქო. შეგახსენებთ, რომ „რომამ“ მეოთხედფინალში ასპარეზობას „ბარსელონა“ გამოთიშა და კიდევ ერთ სასწაულამდე სულ ცოტა დააკლდა. დი ფრანჩესკო მსაჯის შეცდომებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ვიდეო რეფერი ამ შეხვედრაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

 ეუსებიო დი ფრანჩესკო

„ვიდეო რეფერის არ არსებობამ მატჩის განვითარებაზე დიდი როლი ითამაშა. თითოეული ფეხბურთელი განსაკუთრებით მოტივირებული და მიზანდასახული იყო და ჩვენ საოცარი შეხვედრა ჩავატარეთ. მართალია ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, რითაც ძალიან ვამაყობ“.

„ყველაზე მეტად გული ვიდეო რეფერის არ ქონაზე მწყდება. მატჩის  ქომაგების ემოციები ვნახე და საწყენია, რომ მათ ისეთი საოცარი შეხვედრა ვერ ვაჩუქეთ, როგორსაც ელოდნენ. თუმცა პირადად მე ვფიქრობ რომ დასამახსოვრებელი საღამო გამოდგა. ვნანობ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა თამაშის ნაცვლად რამდენიმე წუთი მსაჯთან კამათში დაკარგეს. საფეხბურთო მატჩისას თითოეული წამი ძვირფასია და მისი გაფლანგვა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ სულ მცირე ორი სადავო ეპიზოდი იყო და ვიდეო რეფერი რომ ყოფილიყო შესაძლოა მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულებულიყო“.

„ლივერპულმა შესანიშნავად ითამაშა და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. ინგლისელები განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში გამოიყურებოდნენ, თუმცა მეორე ნახევარი ჩვენი კარნახით წარიმართა. საბოლოოდ მერსისაიდელებმა იმ დეტალების ხარჯზე იმარჯვეს, რომლებისთვისაც ჩვენ ყურადღების მიქცევა დაგვავიწყდა“.

„ლივერპული“ ფინალში „მადრიდის რეალს“ 26 მაისს დაუპირისპირდება და „სამეფო კლუბის“ ჰეგემონიის დამხობას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები