Aa
Aa

არგენტინულ „სიქსტეს კაპელაში“ „ღმერთის ხელი“ ლეო მესის "ეხება"

არგენტინულმა კლუბმა „სიქსტეს კაპელის“ ნაწილი საკუთარი სავარჯიშო დარბაზის ჭერზე გამოსახა. ნახატში ღმერთი დიეგო მარადონაა, ანგელოზები მარიო კემპესი, სერხიო აგუერო, არიელ ორტეგა, ხუან რომან რიკელმე, კლაუდიო კანიჯა, რიკარდო ბოჩინი და გაბრიელ ბატისტუტა არიან, ხოლო ადამის „წოდება“ ლეო მესის ერგო.

ნახატი, რომელიც ბუენოს აირესის გუნდ „ბარაკასის“ დარბაზშია გამოსახული 20000 დოლარი დაჯდა და მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკის რეპლიკაა.

„სიქსტეს კაპელას“ არგენტინული ვერსია გულშემატკივრების შემოწირულობის შედეგად დაიხატა და მისი მთავარი მიზანი, როგორც წარსული ლეგენდების გახსენება, ასევე მომავალი თაობისთვის მოტივაციის მიცემაა. ბავშვები დარბაზში უფასოდ ვარჯიშობენ და კლუბის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ჭერზე გამოსახული კუმირები მათ დამატებით მოტივაციას მისცემენ.

სებასტიან გარსია (გუნდის პრეზიდენტი) აცხადებს: „ბავშვობაში ფეხბურთი ყველას გვიყვარდა და ვოცნებობდით, რომ  ჩვენი კერპების მსგავსად გვეთამაშა. ბავშვებს, რომლებიც ახლა აქ ვარჯიშობენ, საყვარელ მოთამაშეებად ლეო მესი, კუნ აგუერო ან რიკელმე ჰყავთ და ვფიქრობ, რომ მათი ყოველდღიური ნახვა დამატებით მოტივაციას მისცემს. როდესაც რაღაც არ გამოგდის ცაში იხედები და დახმარებას ღმერთს თხოვ. ჩვენს დარბაზში კი იმდენი ღმერთია ბავშვებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ“.

მარადონამ არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ინგლისის ნაკრებს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლი გაუტანა, რომელიც ისტორიაში „ღმერთის ხელი“-ს სახელით შევიდა. არგენტინაში ლეგენდარულ დიეგოს ხშირად “El Dios“- „ღმერთის“ ზედმეტსახელით მოიხსენიებენ. რაც შეეხება მესის, ლეომ საკლუბო დონეზე ბევრი ჯილდო მოიპოვა, თუმცა მუნდიალი ჯერჯერობით არ მოუგია.

ფრესკის ავტორი, სანტიაგო ბარბეიტო აცხადებს: „სურათი შესაძლოა გრაფიკულ ხუმრობად აღექვათ, მაგრამ ის ფაქტი, რომ იგი იმ დარბაზშია დახატული, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ, უდიდეს მნიშვნელობას აძლევს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები