სერია A-ს ლიდერები ზაფხულში ანჩელოტისთვის იბრძოლებენ?
Aa
Aa

სერია A-ს ლიდერები ზაფხულში ანჩელოტისთვის იბრძოლებენ?

ტურინის „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავენ.

Tuttomercatoweb წერს, რომ მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემთხვევაში, ტურინელთა მთავარი სამიზნე სწორედ გამოცდილი სპეციალისტი იქნება, რომელიც შემოდგომიდან მოყოლებული თავისუფალია.

„ვეკია სინიორას“ წარმომადგენლები ალეგრისთან დალაპარაკებას სეზონის დასრულებისთანავე გეგმავენ, რის შემდეგაც 50 წლის მწვრთნელის მომავალი გაირკვევა. არის საუბარი იმაზე, რომ მან შესაძლოა კარიერა ლონდონის „არსენალში“ გააგრძელოს.

უნდა ითქვას, რომ ანჩელოტის მოყვანა „იუვეს“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სურვილია, რომლისთვისაც ბოლო წლებია ამოსავალი წერტილი „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებაა.

კარლო ანჩელოტი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1999-2001 წლებში მუშაობდა, თუმცა ამ პერიოდში გუნდს მხოლოდ „ინტერტოტოს თასის“ მოაგებინა.

რაც შეეხება „ნაპოლის“ ვარიანტს, სამხრეთელები მაურიციო სარის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელსაც თვალი „სან პაოლოდან“ აბარგებაზე უჭირავს. ანჩელოტი ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტული კანდიდატურაა. ნეაპოლელები თვლიან, რომ მათ „სკუდეტოს“ მოგებაში სწორედ „პაპა კარლო“ დაეხმარება.

ასე რომ, ანჩელოტის საქმე ასარჩევად ექნება და იმ წინადადებას მიიღებს, რომელიც უფრო მოხიბლავს. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ მისი გადაბირებით „ჩელსი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემიც“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები