Aa
Aa

რეალი VS ლივერპული - ურთიერთშეხვედრების ისტორია

„რეალი“ და „ლივერპული“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ეგიდით მეოთხედ გადაიკვეთნენ. აქამდე ჯამში 5 ურთიერთშეხვედრაა გამართული, რომელთაგან 3 ინგლისელებმა მოიგეს და 2 - ესპანელებმა.

2014-2015 წლების ჩემპიონთა ლიგა

გუნდები ბოლოს 2014-2015 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, როცა მათ ჯგუფში „ბაზელი“ და „ლუდოგორეციც“ იყვნენ.

პირველი თამაში „ენფილდზე“ გაიმართა, „ლივერს“ ბრენდან როჯერსი წვრთნიდა, „ბლანკოსს“ კი კარლო ანჩელოტი ავარჯიშებდა. მატჩი ესპანელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე 3:0 გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რასაც ბენზემას დუბლი მოჰყვა. „სამეფო კლუბმა“ სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.

ლივერპული: მინოლე; ჯონსონი; ლოვრენი; ჯერარდი (კაპ.); კოუტინიო (მარკოვიჩი, 68); ჰენდერსონი (ჯანი, 67); მორენო; ალენი; სტერლინგი; შკრტელი; ბალოტელი (ლალანა, 46).

რეალი: კასილიასი (კაპ.); ვარანი; პეპე; რონალდუ (ხედირა, 75); კროოსი (ილიარამენდი, 81); ბენზემა; ხამეს როდრიგესი; მარსელო (ნაჩო, 85); არბელოა; მოდრიჩი; ისკო.

შედარებით თანაბარი თამაში იყო „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც „ლივერს“ ისევ ბენზემამ გაუტანა და შეხვედრა 1:0 დასრულდა.

„რეალმა“ აღნიშნული ჯგუფური ეტაპი 6 მოგებით დაასრულა, ხოლო „ლივერპულს“ „ბაზელმა“ აჯობა და მერსისაიდელებს „ევროპა ლიგაზე“ გადანაცვლება მოუწიათ.

რეალი: კასილიასი (კაპ.); ვარანი; რამოსი; რონალდუ; კროოსი; ბენზემა (ჩიჩარიტო, 87); ხამეს როდრიგესი (ბეილი, 62); მარსელო; არბელოა (ნაჩო, 83); მოდრიჩი; ისკო.

ლივერპული: მინოლე; კოლო ტურე; მორენო; მანკილიო; ლალანა; ლუკას ლეივა (სტერლინგი, 69); ჯანი (კოუტინიო, 75); ალენი; ბორინი; შკრტელი (კაპ.); მარკოვიჩი (ჯერარდი, 69).

2008-2009 წლების ჩემპიონთა ლიგა

27 წლიანი პაუზის შემდეგ „ლივერპული“ და „რეალი“ ისევ შეხვდნენ და ამჯერად ეს 1/8 ფინალურ სტადიაზე მოხდა.

რაფაელ ბენიტესი თავის მომავალ გუნდს ხვდებოდა და მაშინ მისი ვიზავი ამ პოსტზე 2 თვის წინ ბერნდ შუსტერის გაშვების გამო დანიშნული ხუანდე რამოსი იყო.

„რეალს“ არცთუ საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, რაც ორივე მატჩში ნათლად გამოჩნდა. პირველი შეხვედრა ესპანეთში ჩატარდა და მისი ბედი იოსი ბენაიუნის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ინგლისელებმა საპასუხო მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს.

რეალი: კასილიასი; პეპე; რამოსი; კანავარო; რაული (კაპ.); გაგო; რობენი; მარსელო (გუტი, 46); ჰაინცე; იგუაინი; ლასანა დიარა.

ლივერპული: რეინა; ტორესი (ბაბელი, 62); რიერა (ჯერარდი, 88); ფაბიო აურელიო; ხაბი ალონსო; ბენაიუნი; არბელოა; კუიტი (ლუკას ლეივა, 90+2); მასკერანო; კარაგერი (კაპ.); შკრტელი.

მადრიდელთათვის კიდევ უფრო მძიმე ინგლისში გამართული დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც ისინი პირწმინდად განადგურდნენ. ფერნანდო ტორესმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, რასაც ჯერარდმა დუბლი მიაყოლა, ბოლო გოლი კი მერსისაიდელთა იტალიელმა მარცხენა მცველმა ანდრეა დოსენამ გაიტანა.

ლივერპული: რეინა; ჯერარდი (კაპ.); ტორესი (დოსენა, 84); ფაბიო აურელიო; ხაბი ალონსო (ლუკას ლეივა, 60); არბელოა; კუიტი; ბაბელი; მასკერანო; კარაგერი; შკრტელი.

რეალი: კასილიასი; პეპე; რამოსი; კანავარო (ვან დერ ვაარტი, 64); რაული (კაპ.); გაგო; სნეიდერი; რობენი (მარსელო, 46); ჰაინცე; იგუაინი; ლასანა დიარა.

1980-1981 წლების ჩემპიონთა თასი

ამ ტურნირის ეგიდით, მომავალი ფინალის მონაწილეების პირველი დაპირისპირება 1981 წლის „ჩემპიონთა თასის“ გადამწყვეტ შეხვედრაში შედგა.

პარიზში გამართული მატჩი „ლივერპულის“ გამარჯვებით დასრულდა, ერთადერთი გოლი ალან კენედიმ 81-ე წუთზე გაიტანა და ტიტული ინგლისელებს დარჩათ.

ლივერპული: რეი კლემენსი; ფილ ნილი; ალან კენედი; ფილ ტომპსონი (კაპ.); რეი კენედი; ალან ჰანსენი; კენი დალგლიში (ჯიმი კეისი, 85); სემი ლი; დევიდ ჯონსონი; ტერი მაკდერმოტი; გრემ სუნესი.

მთავარი მწვრთნელი: ბობ პეისლი.

რეალი: აგუსტინ როდრიგესი; რაფაელ კორტესი (ფრანსისკო პინედა, 87); ხოსე ანტონიო კამაჩო; ული შტილიკე; ანდრეს საბიდო; ვისენტე დელ ბოსკე; ხუანიტო; ანხელ დე ლოს სანტოსი; კარლოს სანტილიანა (კაპ.); ანტონიო ნავახასი; ლორი კუნინგემი.

მთავარი მწვრთნელი: ვუიადინ ბოსკოვი.

საინტერესოა, რომ „რეალი“ ამ ტურნირის ფინალში ბოლოს სწორედ ამ შეხვედრისას დამარცხდა. მას შემდეგ მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის 6 ფინალი მოიგეს - 1998; 2000; 2002; 2014; 2016 და 2017 წლებში.

დავამატოთ ისიც, რომ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე აქამდე გამართული 15 ფინალიდან 12 მოგებული აქვს, „ლივერპულმა“ კი გადამწყვეტ შეხვედრაში 7-ჯერ ითამაშა და ტიტულს 5-ჯერ დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები