Aa
Aa

„რეალი" VS „ბაიერნი" - მატჩის შემდეგ

ზედიზედ მესამედ მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. სანტიაგო ბერნაბეუზე დამსწრე გულშემატკივარი ძალიან დრამატული და ამავდროულად სანახაობრივი მატჩის მომსწრე გახდა.  1 კვირის წინ გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება სამეფო კლუბის გამარჯვებით 1:2 დასრულდა, რის გამოც მიუნხენელებს მადრიდში პირველივე წუთებიდან შესატევი ჰქონდათ.

რეკორდმაისტერებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყეს და მესამე წუთზე პირველი გოლიც გაიტანეს. ტოლისოს ჩაწოდებული ბურთი რამოსმა უხეიროდ მოიგერია, რითიც ჯოშუა კიმიხმა ისარგებლა და სტუმრები წინ გაიყვანა.

რეალმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა. მარსელომ მარცხენა ფლანგზე კიმიხი ჩამოიცილა და ბენზემას ბურთი თავზე დაასვა. ფრანგს ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია.

პირველი ტაიმის მიწურულს, კიმიხის ჩაწოდების შემდეგ მარსელოს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა ეპიზოდი გაატარა და სამეფო კლუბის კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

მეორე ტაიმის დებიუტში ბაიერნის მეკარე სვენ ულრაიხმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როდესაც ტოლისოს მიერ დაბრუნებული ბურთი არ მოიგერია და ვერავინ მიხვდა საერთოდ რა გააკეთა. ბენზემამ გერმანელ კიპერს არ აპატია და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

63-ე წუთზე რეკორდმაისტერებმა მეორე გოლი გაიტანეს. ზულეს ჩაწოდების შემდეგ კოლუმბიელის დარტყმული რამოსს მოხვდა, დამატებაზე კვლავ კოლუმბიელმა ითამაშა და ნავასის კარი დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გატანილი ბურთი არ აღნიშნა.

ამის შემდეგ რეკორდმაისტერი მთელი დარჩენილი თამაში გოლის გატანას ცდილობდა, რეალის უკანა ხაზი და განსაკუთრებით მეკარე კეილორ ნავასი კი მოწოდების სიმაღლეზე იყო და უშეცდომოდ თამაშობდა.

საბოლოო ჯამში გერმანელებმა არაერთი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და ტურნირს ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ. რაც შეეხება რეალს, სამეფო კლუბს აქვს უდიდესი შანსი, რომ 1976 წლის ბაიერნის მიღწევა გაიმეოროს და ზედიზედ სამჯერ აღმართოს ჩემპიონთა ლიგის თასი.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარები ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა გააკეთეს. ბრაზილიელმა მარსელომ აღიარა, რომ კიმიხის ჩაწოდების შემდეგ მას ბურთი ხელზე მოხვდა.

მარსელო - „ბურთი ხელზე მომხვდა. როდესაც საჯარიმოში ხელით თამაშობ ეს თერთმეტმეტრიანია.არ მინდა რომ მოვიტყუო, მე ნამდვილად ხელზე მომხვდა. არ მსურს რომ მთავარ არბიტრზე კომენტარი გავაკეთო. ხშირად ხდება, როდესაც ისინი ჩვენს წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამ დროსაც განცხადებას არ ვაკეთებ. მათ ძალიან რთული სამუშაო აქვთ. ჩაქირი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს უძღვებოდა და რათქმაუნდა ეს ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად რთული დავალებაა."

გამართულ დაპირისპირებაზე კომენტარი მიუნხენელთა დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმა გააკეთა.

იუპ ჰაინკესი - ორი მატჩის ჯამში აშკარაა, რომ ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა ამის მიუხედავად ფინალში გასვლა ვერ მოვახერხეთ. შედეგით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. რაც შეეხება თამაშს, ორივე გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა, ისეთი როგორიც ნახევარფინალს შეეფერებოდა.

მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა მადლობა კეილორ ნავასს უნდა გადაუხადონ. მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით კი თამაშის მიწურულს. ჩვენ არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ნავასმა წარმოუდგენელი სირთულის ბურთები აიღო.

შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და ძალიან სამწუხაროა, რომ მეორე ნახევრის დასაწყისშივე ასეთი უაზრო ბურთი გაუშვით. ეს იყო საჩუქარი, რომელიც მადრიდის რეალს გაუკეთეთ.

ულრაიხი დაიბნა, არ იცოდა შეეძლო თუ არა ბურთის ხელში აღება. ანერვიულდა და რაც შემდეგ მოხდა თავადაც ნახეთ. მსგავსი მომენტები ნებისმიერი მოთამაშისთვის რთული გადასატანია."

„რეალის“ ფრანგმა სპეციალისტმა „ბაიერნი“ შეაქო „სამეფო კლუბის“ გამოვლილი გზა გაიხსენა და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზინედინ ზიდანი - „დღეს ნამდვილად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. იგივე იყო მეოთხედფინალში, იუვენტუსთან და მერვედფინალში პსჟ-სთან. ბედნიერები ვართ, რომ სამი მაღალი დონის კლუბი დავამარცხეთ. ფინალამდე ძალიან ბევრი სირთულეები გამოვიარეთ, თუმცა ასეთ დონემდე სირთულეების გადატანის გარეშე ვერ მიაღწევ.“

„რეალის“ კაპიტანმა მატჩის შემდეგ განაცხადა.

სერხიო რამოსი - „ჩვენ ბოლომდე ბრძოლა სიხლში გვაქვს გამჯდარი და „ბაიერნთან“ მატჩი ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მიღწეული შედეგით ბედნიერები ვართ და ფინალის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ხალხი ხშირად გვაკრიტიკებს, თუმცა ჩვენ საკუთარ სათქმელს მოედანზე ვამბობთ. ვამაყობ ამ გუნდით. ადვილად ნამდვილად არაფრისთვის მიგვიღწევია და ეს შედეგი უდიდესი შრომის დამსახურებაა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო, რაც საბედნიეროდ მოვახერხეთ კიდეც.“

ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალის მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. რომში სტადიო ოლიმპიკოზე ადგილობრივი რომა ლივერპულს უმასპინძლებს. შეგახენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება მერსისაიდელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები