Aa
Aa

"ფორცა შონ"! - სოლიდარობა "ლივერპულის" კომაში მყოფ გულშემატკივარს

„რომას“ ფეხბურთელებმა გუშინდელი ვარჯიში სპეციალური მაისურებით ჩაატარეს, რომელთაც FORZA SEAN ეწერა. იტალიელები „ლივერპულის“ გულშემატკივარ შონ კოქსს სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებენ.

53 წლის კოქსს გასულ კვირას ინგლისში „რომას“ რამდენიმე ფანმა სასტიკად სცემეს, რის გამოც იგი საავადმყოფოში მოხვდა და ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია. კოქსს თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს და ხელოვნურ კომაში იმყოფება.

ამ საკითხზე კომენტარი რომაელთა პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ გააკეთა, რომელმაც ამ ფაქტის ჩამდენი ადამიანები სასტიკად გააკრიტიკა და მათ გონებაჩლუნგები უწოდა.

„რომას“ დიდი ისტორია აქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ რამდენიმე იდიოტს ამ ისტორიისა და ტრადიციის შებღალვა სურს. ისინი ჩვენს მემკვიდრეობასა და რეპუტაციას თავს ესხმიან.

აქ საქმე არც მხოლოდ „რომაშია“, ესაა იტალიისა და თითოეული ჩვენგანის რეპუტაცია. დროა ერთად დავდგეთ, გამოვიღვიძოთ და ის რეპუტაცია შევინარჩუნოთ, რაც გვქონდა. ჩვენ უბრალოდ კარგი არა, მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს, ვიღაც 2 გონებაჩლუნგის გამო „რომას“ ფანებს ცუდი იარლიყი არ უნდა მიერტყას.

საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთი აღმატებული თამაშია, თუმცა სიცოცხლე და სიკვდილი მასზე მაღლა დგას“.

დღევანდელი თამაშისთვის რომში „ლივერპულის“ 5000 გულშემატკივარია ჩასული, რომელთათვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

ინგლისელებს სპეციალური რუკა გადაეცათ, რომელშიც „სტადიო ოლიმპიკოს“ მიმდებარე ტეროტორიის მათთვის სახიფათო და უსაფრთხო ზონებია მონიშნული.

შონ კოქსი ირლანდიური კლუბის, „დუნბოინის“ წევრია. „ლივერპულის“ კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, მერსისაიდელთა სახელით, ირლანდიელებს სპეციალური წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ „ლივერის“ გასახდელში, ფირმინოსა და სალაჰის მაისურის გვერდით, კოქსის საპატივცემულოდ, „დუნბოინის“ მაისური ჩამოიკიდება.

„ეს სიტუაცია, რომელშიც ახლა შონი და მისი ოჯახი იმყოფება ფეხბურთსა და ფეხბურთის თამაშს უმნიშვნელო მომენტად აქცევს, თუმცა ჩვენი კლუბის წევრებს გვსურდა, რომ მისთვის მხარი დაგვეჭირა და ვიფიქრეთ, რომ „ლივერპულის“ გასახდელში შონის მაისური ჩვენი მაისურების გვერდით დაგვეკიდა.

მასთან შეხვედრის პატივი არასდროს მქონია, თუმცა ბოლო დროს მედიაში ბევრს ვკითხულობ იმაზე, როგორ უყვარდა მას „დანბოინი“ და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თქვენი კლუბის ყოველდღიურობაში.

ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ შონი ოჯახს დაუბრუნდეს და იმ 2 კლუბის თანადგომა შეიგრძნოს, რომლებიც ძალიან უყვარს“.

შონ კოქსისთვის განზრახ მიყენებული დაზიანებებისთვის, 20 წლის ფილიპო ლომბარდი და 29 წლის დანიელე შიუსკო დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები