პრესინგი, აგრესია და ტექნიკა - რომა-ლივერპულის ტაქტიკური ასპექტები...
Aa
Aa

პრესინგი, აგრესია და ტექნიკა - რომა-ლივერპულის ტაქტიკური ასპექტები...

ნგლისში გამართული მატჩი „ლივერპულმა“ 5:2 მოიგო, რაც დიდი უპირატესობაა, თუმცა როცა საუბარი „ჩემპიონთა ლიგის“ 1/2 ფინალურ შეხვედრაზეა, გადაწყვეტილად მაინც ვერაფერს ჩავთვლით.

იტალიელთა თავკაცმა პრესკონფერენციისას „მორიგი სასწაული“ ახსენა, რაც „ჯალოროსის“ ტიფოზებს იმედიანად განაწყობს.

მიმდინარე ტურნირზე „რომას“ საშინაო შეხვედრაში გოლი არ გაუშვია, გუნდმა კი „ჩელსის“, „ატლეტიკოს“, „ყარაბაღის“, „შახტარისა“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშა.

სამაგიეროდ, „ლივერპულზე“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ ეგიდით უკვე 15 შეხვედრაა არ მარცხდება. მისი ბოლო მარცხი 2014 წლის 4 ნოემბრის თარიღდება, როცა „წითლებმა“ სტუმრად მადრიდის „რეალთან“ 0:1 წააგეს.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ „ჩემპიონთა ლიგაზე“ შემორჩენილ გუნდთაგან, ამ ტურნირის წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტი თამაში სწორედ „ლივერმა“ ჩაატარა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფიდან დაიძრა.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ისიც, რომ გუნდები ერთმანეთს „ჩემპიონთა თასის“ 1983-84 წლების სეზონის ფინალში შეხვდნენ და მაშინ ინგლისელებმა პენალტებით იმარჯვეს.

 

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

„რომა“ ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაშია და უკანასკნელი 6 ოფიციალური მატჩიდან 4-ის მოგება შეძლო. დი ფრანჩესკოს ბიჭებმა უქმეებზე „კიევოს“ წინააღმდეგ 4:1 იმარჯვეს. გოლები შიკმა და ელ შაარავიმ შეაგდეს, ჯეკომ კი დუბლი გაიფორმა.


 

„ჯალოროსი“ სერია A-ს ზედა ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და აღნიშნული გამარჯვებით საჭირო ფორა მოიპოვა. მას თანაქალაქელი „ლაციოს“ მსგავსად 70 ქულა მოუგროვდა, რაც მე-5 ადგილოსან „ინტერის“ მონაგარზე 4 ქულით მეტია.

მასპინძელთა შემადგენლობა ფაქტობრივად ოპტიმალურია, რადგან ტრავმირებულები - რიკ კარსდორპი და გრეგუარ დეფრელი ძირითადის წევრები არ არიან.

ცუდს ვერც „ლივერპულზე“ ვიტყვით, რადგან გუნდს 9 თამაშია არ წაუგია, მათგან 6 კი საერთოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა.

კლოპის ბიჭები შაბათს „სტოკს“ დაუპირისპირდნენ და დიდი უპირატესობის მიუხედავად, შეხვედრა გოლის გარეშე დაასრულეს.


 

მერსისაიდელებს 72 ქულა აქვთ, რაც პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე ყოფნის საშუალებას აძლევთ. „ლივერს“ სათამაშო კიდევ 2 ტური დარჩა, მის კონკურენტ „ჩელსის“ კი - 3, გუნდებს შორის სხვაობა 6 ქულაა, რაც ასეთ დროს მნიშვნელოვანი უპირატესობაა...

ინგლისელებს გაცილებით შესამჩნევი საკადრო პრობლემები აქვთ. მათგან ჩემბერლენი, მატიპი, ჯანი და გომესი ვერ ითამაშებენ. ტრავმების შემდეგ ბოლომდე მზად არ არიან ლალანა, მანე, ჰენდერსონი და არნოლდი.

ტაქტიკა და სავარაუდო სცენარი

„რომას“ სწრაფი გოლი სჭირდება, რაზეც აქცენტს გააკეთებს და ამისთვის „ლივერპული“ მზად უნდა იყოს. ასეთ მატჩებში სწრაფ გოლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან გუნდისთვის ფსიქოლოგიური მუხტის მიცემა შეუძლია, როგორც ეს მაგალითად „ბარსელონასთან“ საშინაო შეხვედრისას მოხდა.

იმ თამაშში რომაელებმა მაღალი პრესინგი ითამაშეს, რამაც ხშირ შემთხვევაში შედეგი გამოიღო და ესპანელებს შეცდომები დააშვებინა. აი როცა „ბარსა“ პრესინგისგან თავის დაღწევასა და ბურთის ამოტანას ახერხებდა, იტალიელები მეტოქის შესაჩერებლად წვრილ ჯარიმებს იღებდნენ, რაც ტაქტიკის ნაწილი იყო.

უნდა ითქვას ისიც, რომ „ბარსელონა“ ბურთთან ერთად საკმაოდ ნელა მოძრაობდა და კონტრშეტევაზე გადასვლა უჭირდა, „ლივერპულის“ შემთხვევაში კი საქმე აბსოლუტურად სხვაგვარადაა...

კლოპის გუნდის კოზირი სწრაფი ფეხბურთელები და სწრაფი თამაშია. ისინი კონტრშეტევებზე 2-3 პასით გადადიან, რასაც მაგალითად პირველ თამაშში „რომამ“ ვერაფერი დაუპირისპირა და ამაზე დანიელე დე როსიმ საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. დი ფრანჩესკოს უპირველესი საფიქრალი ისაა, როგორ შეაჩეროს მეტოქის შესაძლო კონტრშეტევები, რომელთაც რომაელთათვის ზურგში შუბის ჩაცემა შეუძლიათ. ასეთი მომენტები კი იქნება, რადგან „რომას“ გარისკვა მოუწევს და მას ასეთ დროს თავდაცვის კონტრგეგმაც უეჭველად დასჭირდება.

„ლივერპულის“ ამოცანა გასაგებია, მან საკუთარი საჯარიმოდან რაც შეიძლება შორს უნდა ითამაშოს და მეტოქეს აგრესიული შეტევების განხორციელების ან შტურმის მოწყობის საშუალება არ უნდა მისცეს.

„ლივერის“ სტილი ეფექტური დაცვა არასდროს ყოფილა, თუმცა წელს ამ კუთხით გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურება და ზოგადად, მნიშვნელოვან მატჩებში ძირითადად დადებით შედეგებს აღწევს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისელთათვის პასიური დაცვა კარგი ვარიანტი შეიძლება იყოს. პირიქით, მათ აქტიური თამაში სჭირდებათ და პირველი მიზანი ის უნდა იყოს, რომ „რომამ“ ისინი თავიანთ თამაშში არ ჩაითრიოს.

სავარაუდო განლაგებები

გავლენიანი იტალიური გამოცემები Gazzetta dello Sport-ი და Corriere dello Sport-ი იდენტურ თერთმეტეულებს ვარაუდობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკო პირველი მატჩისგან განსხვავებით, 4-3-3 სქემას გამოიყენებს.

მასპინძელთა კარს ალისონ ბეკერი დაიცავს, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს და არაერთი ევროპული გრანდის სამიზნეა. მის წინ ფლორენცი, მანოლასი, ფასიო და კოლაროვი განლაგდებიან. ფლანგის მცველები შეტევაში აქტიურად ჩაერთვებიან, ხოლო ცენტრალურებსაც ბევრი მოძრაობა მოუწევთ, რათა წინ წასული თანაგუნდელები დააზღვიონ. თანაც მანოლასმა და ფასიომ არ უნდა დაიგვიანონ, რადგან „ლივერპულისთვის“ თუნდაც ზედმეტი 1 წამის მიცემა, შესაძლოა, დამღუპველი გამოდგეს.

ნახევარდაცვას კაპიტანი დანიელე დე როსი უხელმძღვანელებს, რომელმაც პარტნიორები უნდა „დამუხტოს“ და ამასთანავე, თავისი გუნდის თამაში დაალაგოს. დე როსის გვერდით ლორენცო პელეგრინი გაირჯება, ხოლო შუა ხაზის ტრიოს რაჯა ნაინგოლანი შეკრავს. პელეგრინი საკმაოდ კრეატიული ფეხბურთელია, თუმცა ახალგაზრდაა და დახმარება დასჭირდება. ნაინგოლანი ყველგანმავალია, უაღრესად მოძრავი და ფიზიკურად ძლიერი, ისაა მოთამაშე, რომელსაც შეტევაც და ჩაშლაც ერთნაირად ევალება, რადგან საამისო ენერგიაც აქვს და სათამაშო არსენალიც.

ბოლო დროს კარგ ფორმაშია პატრიკ შიკი და მას სასტარტოში ველოდებით. ახალგაზრდა ჩეხმა „ბარსასთან“ ბევრი იშრომა და სასარგებლო იყო, თუმცა კიდევ მეტი შეუძლია და ვნახოთ დღეს რას იზამს. მის პარალელურ ფლანგზე სტეფან ელ შაარავი გაირჯება, ხოლო შეტევების მთავარი კაცი ედინ ჯეკო ადგილზეა და ის რომაელთა მთავარი იმედია. ბოსნიელმა რაც შეიძლება მეტი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს და პერიოდულად უკან დახევისასაც ბურთი ეფექტურად გაანაწილოს. ჯეკოს ოდნავ სიღრმიდან მწვავე პასების გაკეთებაც შეუძლია და საერთო ჯამში მისი როლი მართლაც განუზომელია.

თუკი იმავე Gazzetta dello Sport-სა და Corriere dello Sport-ს დავუჯერებთ, ლივერპულელებიც 4-3-3 სისტემით ითამაშებენ, რაც კლოპის ნაცადი და ტრადიციული საამსეზონო სათამაშო გეგმაა.

"ენფილდზე" გამართული მატჩისგან განსხვავებით ერთადერთი ცვლილება უნდა იყოს, რომელიც იძულებითი ხასიათისაა - ჩემბერლენის ნაცვლად ძირითადში ვაინალდუმი გამოჩნდება.

კარში კარიუსი დადგება, რომელიც კლოპის ფავორიტია და სიმონ მინოლე დიდი ხანია მყარი მეორე ნომერია. გერმანელი სტაბილურობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა კარგი მეკარეა და თუნდაც პირველ თამაშშზე რამდენიმე საჭირო სეივი შეასრულა. დაცვის ოთხეულს არნოლდი, ვან დიიკი, ლოვრენი და რობერტსონი შეადგენენ. ეს ოთხეული ბოლო პერიოდში თითქმის შეუცვლელია, შესაბამისად, კარგად შეთამაშდა, რაც "ლივერის" პლუსია. 

საყრდენებად მილნერი და ჰენდერსონი მოგვევლინებიან, რომლებიც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან და ამ ფორმაციის "ლივერპულის" ნახევარდაცვაში მთავარ ფეხბურთელებად უნდა ჩავთვალოთ. მათ შუა ხაზი უნდა გააკონტროლონ და იქ "რომას" დიდი უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცენ. ხსენებულ დუეტს ჯორჯინიო ვაინალდუმი დაეხმარება, რომელიც ჩემბერლენთან შედარებით ნაკლებად მოძრავია, სამაგიეროდ ჩაშლისას უკეთესია, რაც ამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი იქნება.

მო სალაჰზე ბევრი საუბარი საჭირო არაა, იგი იმ სტადიონზე ითამაშებს, სადაც გასული სეზონი გაატარა და ბრწყინვალე შთაბეჭდილებაც დატოვა. ეგვიპტელი ზღაპრულ ფორმაშია და "რომას" მთავარი თავსატეხია. მცირე ტრავმა აქვს სადიო მანეს, თუმცა ის ძირითადში მოიაზრება და სალაჰთან ერთად რობერტო ფირმინოს მიეხმარება. ინფორმაციისთვის ვთქვათ, რომ ფირმინომ "წითლებთან" ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსაჯი

შეხვედრას სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 41 წლის დამირ სკომინა უხელმძღვანელებს. სკომინა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული რეფერია, რის გამოც მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯთა სიაში დამსახურებულად მოხვდა.

მან "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე სეზონში "რომას" მონაწილეობით 1 მატჩი განსაჯა, როცა "ჯალოროსიმ" სტუმრად "ჩელსისთან" 3:3 ითამაშა.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები