ცუდი ინფორმაცია
Aa
Aa

ცუდი ინფორმაცია "რეალის" ქომაგებისთვის - პრობლემები არც "ბაიერნს" აკლია

მადრიდის "რეალის" ესპანელ ნახევარმცველს ისკო ალარკონს დღეს დილით მაგნიტური რეზონანსი ჩაუტარდა, რომლის შემდეგაც "ბლანკოსის" ქომაგებისთვის საკმაოდ ცუდი ინფორმაცია გავრცელდა.

"ბაიერნთან" მატჩის შემდეგ ისკოს მარცხენა ხელის მყესის დაჭიმულობა დაუდგინდა და მისი სარეაბილიტაციო პერიოდი 2-3 კვირას გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელი შემტევი 1 მაისს "ბაიერნთან" განმეორებით ნახევარფინალს გამოტოვვებს და ასევე, ვერც 6 მაისს "კამპ ნოუზე" გასამართ "ელ კლასიკოში" მიიღებს მონაწილეობას.

რა თქმა უნდა, ზიზუსთვის ეს უდიდესი დანაკლისია, თუმცა "რეალის" შემადგენლობა იმდენად დაბალანსებულია, რომ მადრიდელებს ამ პრობლემასთან გამკლავება არ გაუჭირდებათ.

ზიდანი ისკოს ნაცვლად ძირითადში სავარაუდოდ მარკოს ასენსიოს გაამწესებს.

ფრანგი სპეციალისტი პრინციპულ შეხვედრებში უკვე დიდი ხანია BBC-ის ტრიოს აღარ იყენებს.

მოსალოდნელია, რომ "სანიაგო ბერნაბეუზე" სამეფო კლუბის შემტევ ტრიოს ასენსიო-ვასკესი-რონალდუ დააკომპლექტებენ და ბეილი-ბენზემას წყვილი კვლავ თადარიგში დარჩება.

"რეალს" "ბაიერნთან" ისკოს გარდა ვერც დანი კარვახალი და ნაჩო ვერ დაეხმარებიან, რაც ზიდანს დამატებით თავსატკივარს უჩენს.

თავის მხრივ, დალხენილად არც მიუნხენელები არიან. იუპ ჰაინკესს პირველ შეხვედრაში არტურო ვიდალი, მანუელ ნოიერი, კინგსლი კომანი და დავიდ ალაბა არ ჰყავდა, ხოლო მატჩის სტარტზე დაშავდა არიენ რობენი, რომელსაც საბოლოო შემოწმება ორშაბათს ჩაუტარდება და გადაწყდება გაემგზავრება, თუ არა ჰოლანდიელი გარემარბი მადრიდში.

"ბაიერნს" კიდევ ერთი მოთამაშე ვერ დაეხმარება და ეს ჟერომ ბოატენგი გახლავთ, რომელიც "ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში დაშავდა. მის ადგილს ძირითადში ნიკლას ზულე დაიკავებს.

უახლოეს ორ დღეში დაშავებული ფეხბურთელების მდგომარეობა უფრო კონკრეტული გახდება და მათი უქმობის ვადა დაზუსტდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები