ეკლსტოუნი: „რედ ბულის“ ფორმულა 1“-დან წასვლის საშიშროება არ არსებობს
Aa
Aa

ეკლსტოუნი: „რედ ბულის“ ფორმულა 1“-დან წასვლის საშიშროება არ არსებობს

ბერნი ეკლსტოუნი ირწმუნება, რომ „რედ ბულის“ ფორმულა ერთიდან წასვლის საშიშროება არ არსებობს, რადგან დარწმუნებულია, რომ გუნდმა ძრავებთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა. ოღონდ, ის დეტალებზე საუბრისგან თავის შეკავებას ამჯობინებს.

იმ დროს, როცა ავსტრიულ გუნდს ძრავების მიწოდებაზე „მერსედესმა“ უარი უთხრა, „ფერარი“ მხოლოდ წინა სეზონის აგრეგატებს სთავაზობს, „ჰონდა“ კი „მაკლარენის“ გარდა, სხვასთან საქმის დაჭერას ჯერჯერობით არ აპირებს, ბერნის განცხადება ნიშნავს, რომ „რედ ბული“ ისევ „რენოსთან“ გააგრძელებს ურთიერთობას, რომელიც მომავალი სეზონიდან საკუთარ გუნდს დააბრუნებს დიდი პრიზების ცირკში.

„ყველაფერი მოგვარებულია. ამიტომ, მე ამაზე არ ვშიშობ. ჩვენ არ გვინდა მათი დაკარგვა“, - ამბობს 84 წლის ეკლსტოუნი და დასძენს, რომ მსოფლიო ჩემპიონატში ამერიკულ გუნდ „ჰაას F1-ის“ ჩართვის შემდეგ, სტარტზე 22 მანქანა დადგება. ეს კი ნიშნავს, რომ სტარტზე კვლავ იქნებიან „რედ ბულის“ ორივე გუნდის - „რედ ბულის“ და „ტორო როსოს“ პილოტები.

„რედ ბულის“ ორივე გუნდი ამ სეზონში „რენოს“ ძრავებით ასპარეზობს და მათ მომავალ სეზონზეც აქვთ კონტრაქტი. მაგრამ ფრანგული ჰიბრიდული აგრეგატების არაკონკურენტუნარიანობის გამო, ხარებმა კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტეს, რაზეც „რენოსგან“ თანხმობა მიიღეს. არის ლაპარაკი იმაზეც, რომ „რედ ბული“ 2018 წლიდან „ფოლკსვაგენს“ შეეკვრება, მაგრამ გერმანულ ავტოგიგანტს ახლა ისეთი პრობლემები აქვს, ზედმეტ ხარჯებს აუცილებლად მოერიდება.

„მერსედესს“ არ სურს, რომ მისი საუკეთესო აგრეგატებით, მისმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა კონკურენტმა ისარგებლოს. იგივე საბაბი აქვს „ფერარისაც“, რომელიც თითქოს თანახმა იყო, „რედ ბულის“ საჭიროება დაეკმაყოფილებინა, თუმცა შემდეგ განაცხადა, მათ მხოლოდ ამ სეზონის აგრეგატებს მივცემთო. ამგვარად, „რედ ბული“ წინდაწინ დგებოდა წამგებიან მდგომარეობაში.

ეს კი მის პატრონს, ავსტრიელ მილიარდერ დიტრიხ მატეშიცს არ აწყობს და მან პირდაპირ განაცხადა, თუ კონკურენტული ძრავები არ გვექნება, ორივე გუნდს მოვხსნი ჩემპიონატიდანო. ასევე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ მატეშიცს აღარ აინტერესებს ფ1. მაგრამ ეკლსტოუნმა ესეც უარყო. უფრო მეტიც: „მე არასდროს დაუკარგავს ფ1-ისადმი ინტერესი. მას მხოლოდ ის სურს, რომ კონკურენციის უნარი ჰქონდეს. და მის გუნდებს ამის უნარი ექნებათ. ყველაფერი კარგად იქნება“.

ცხელი ამბები