დაბრუნება სასტარტოში - ხოჭოლავას ჩემპიონობამდე სამი ტური აშორებს
Aa
Aa

დაბრუნება სასტარტოში - ხოჭოლავას ჩემპიონობამდე სამი ტური აშორებს

უკრაინის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში დონეცკის ''შახტარმა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა ''მარიუპოლი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობას ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა დაუბრუნდა, რომელმაც 28-ე ტურში ''ვორსკლასთან'' შეხვედრა გამოტოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა და 78-ე წუთზე გააფრთხილეს.

მარიუპოლში გამართულ მატჩს 8 314 მაყურებელი დაესწრო. გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე ნიგერიელმა ფორვარდმა კაიოდემ გაიტანა. ამ გამარჯვებით პრემიერლიგის საუკეთესო ექვსეულს  დონეცკის ''შახტარი'' 69 ქულით ლიდერობს და 6 ქულით უსწრებს კიევის ''დინამოს,'' რომელიც 29 აპრილს მესამეადგილოსან პოლტავას ''ვორსკლას'' უმასპინძლებს. მიმდინარე ტურის გარდა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის დავით ხოჭოლავამ პრემიერლიგაში მე-13 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლია ''ვერესთან'' გატანილი. დონეცკის ''შახტარი'' შემდეგ ტურში 5 მაისს ''ზორიას'' უმასპინძლებს.

ბელარუსის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის მე-5 ტურში ''გომელი'' შინ 1:2 დამარცხდა მინსკის ''ისლოჩთან.'' 24 წლის ქართველმა მცველმა ოთარ ჯავაშვილმა ''გომელის'' სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში საწყის ხუთ ტურში ''გომელს'' გამარჯვება არ მოუპოვებია. ჯავაშვილის გუნდმა 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 3 მატჩში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები