ბუფონი გაბრაზებულ გულშემატკივრებს შეხვდა
Aa
Aa

ბუფონი გაბრაზებულ გულშემატკივრებს შეხვდა

სერია-ას მიმდინარე გათამაშება დასასრულს უახლოვდება და სატურნირო მდგომარეობის ზედა ცხრილში დაძაბულობა კულმინაციას უახლოვდება. გასულ უქმეებზე „იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და მატჩის მიწურულს კალიდუ კულიბალის გოლით საშინაო არენაზე მარცხი იწვნია. ამ შედეგით ტურინელები სერია-ას სათავეში 85 ქულით არიან და მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ მეორე ადგილზე მყოფ ნაპოლის. აღსანიშნავია რომ ალეგრის შეგირდებს შაბათს ძალიან მძიმე მატჩი ელით მილანში, სადაც ინტერს ესტუმრებიან.

მატჩის წინა დღეს იუვენტუსის ბაზა ვივონოში ულტრასები შეიკრიბნენ, რომლებიც ითხოვდნენ გაეგოთ თუ რატომ არ გაჩერდნენ გუნდის ფეხბურთელები „ნაპოლისთან“ დასრულებული მატჩის შემდეგ ტრიბუნებთან, და რატომ არ დაუკრეს ტაში ერთგულ ქომაგებს ბოლომდე გულშემატკივრობისთვის.

ამასთან ერთად ნაპოლისთან თამაშის დასრულების შემდეგ იუვეს კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა მეტოქე გუნდის თითოეულ ფეხბურთელს გამარჯვება მიულოცა, რამაც ულტრასების გაღიზიანება გამოიწვია.

ბაზაზე მისულ გაბრაზებულ გულშემატკივრებს გუნდის კაპიტანი შეხვდა და მომხდარზე კომენტარი გააკეთა:

 

„თქვენ სწორად მოიქეცით, რომ აქ მოხვედით. ამ სიტუაციაში იმიტომ ვართ, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. ჩვენ ყველას ძალიან გვინდა რომ მთელი გუნდით ამაყობდეთ.

თქვენს ტრიბუნებთან იმიტომ არ გავჩერდით, რომ ძალიან გაბრაზებულები ვიყავით, რაც შეეხება მეტოქე ფეხბურთელებთან მისვლას და მილოცვას ეს ჩვენი მოვალეობაა. იმდენად იმედგაცრუებულები ვიყავით წაგებით, რომ ვერც კი გავაცნობიერეთ, რომ თქვენთვის მადლობა გადაგვეხადა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ.“

კორიერე დელა სერას ინფორმაციით ულტრასებთან სალაპარაკოდ კლაუდიო მარკიზიო და პაულო დიბალაც იყვნენ მისულები.

ნაპოლისთან წაგებამდე, იუვემ კროტონესთან ფრედ ითამაშა. ამ შედეგის გათვალისწინებით კი დღევანდელი მდგომარეობით ნაპოლის სკუდეტოს მოპოვების უფრო მეტი შანსი აქვს. იუვე შაბათს ინტერს ეთამაშება, 13 მაისს კი მორიგი რთული მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე რომასთან ელის. რაც შეეხება ნაპოლის, გუნდის მომავალი მეტოქეები ფიორენტინა, ტორინო, სამპდორია და კროტონე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები