Aa
Aa

„ბაიერნი“ VS „რეალი“ - მატჩის წინა პრესკონფერენცია

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება. ალიანს არენაზე მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. "რეკორდმაისტერები" შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე ხვდებიან, გუნდმა ბუნდესლიგის ტიტული ვადაზე ადრე გაიფორმა და ამასთან ერთად გერმანიის თასის ფინალშიც იმყოფება. "სამეფო კლუბს" კი მთლიანი კონცენტრაცია სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე აქვს გადატანილი. ისინი ლიგის ზედიზედ მესამედ მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა და ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ისაუბრეს.

ტონი კროოსი - „მგონია, რომ ამ მომენტისთვის მათ წარმატება სწყურიათ. რა თქმა უნდა როდესაც რამდენჯერმე ჩემპიონატს ნახევარფინალური ეტაპიდან ეთიშები, გასულ წელს კი მეოთხედფინალში ვარდები, მხოლოდ ფინალში მოხვედრაზე ფიქრობ. ასე რომ ჩვენ მოედანზე გაცეცხლებულ და მშიერ „ბაიერნს“ ველოდებით. რა თქმა უნდა ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს, რადგან ეს ჩვენთვის ბოლო შანსია, რომ წელს ტიტული მოვიგოთ. ზუსტად ორი წლის წინ მსგავს სიტუაციაში ვიყავით და მოგება მაინც შევძელით. ამ ეტაპზე მოტივირებულები ვართ, რომ თასი ჩვენთან დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოუდგენელი ჩანს, მთელი ტურნირის მანძილზე ვამტკიცებთ რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ვიცით რომ ეს ძალიან რთული იქნება.“

ზინედინ ზიდანი - „ვფიქრობ გუნდი, როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად კარგ ფორმაშია. შეხვედრისთვის მზად ვართ. ფეხბურთელებს მსგავსი ხარისხის მატჩების თამაში ყველაზე მეტად სურთ. პირველ შეხვედრას გასვლაზე ვთამაშობთ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. მას შემდეგ რაც „ბაიერნის“ მწვრთნელად იუპ ჰაინკესი დაინიშნა ბევრი რამ შეიცვალა. ჰაინკესი მწვრთნელების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ. პატივსაცემია რასაც მან ზოგადად ფეხბურთში, „ბაიერნში“ და „რეალში“ მიაღწია."

ფრანგმა სპეციალისტმა გასული სეზონის დაპირისპირებაზეც ისაუბრა, როდესაც "სამეფო კლუბმა" მიუნხენის "ბაიერნის" ორი მატჩის ჯამში დამარცხება მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა.

"ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს. ეს ნახევარფინალია და დღეს ორივე გუნდი რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება. ეს ორი განსხვავებული მატჩი იყო და შედარებაც კი არ შეიძლება.”

ზიდანი ძალიან ახლოს არის, რომ გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. მეორეს მხრივ კი იმ შემთხვევაში თუ "რეალი" თასს ვერ აწევს არ არის გამორიცხული დამრიგებლის სკამი შეირყეს. ეს კი იმის ბრალია, რომ "სამეფო კლუბმა" ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ნაადრევად დაასრულა.

"სამწუხაროა, რომ ლა ლიგაში, სეზონის სტარტზე კონცენტრირება ვერ მოვახდინეთ და მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. ამჟამად მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ და მინდა გითხრათ რომ გუნდი მენტალურად 150 % ით მზად არის. ვიცით რომ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ გვახსოვდეს...ეს ფეხბურთია.“

 72 წლის ჰაინკესმა მიუნხენის "ბაიერნი" 2017 წლის ოქტომბერში ჩაიბარა, მას შემდეგ რაც კლუბის ხელმძღვანელობამ დაკავებული პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა. პრესკონფერენციაზე ვეტერანმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ის დავიდ ალაბასა და კორენტინ ტოლისოს საკითხს თამაშის წინა ვარჯიშზე გადაწყვიტავს. აღნიშნულ ფეხბურთელებს მცირე პრობლემები აქვთ, მათ გარდა კი "რეკორდმაისტერს" "რეალთან" შეხვედრაში არტურო ვიდალი დააკლდება, რომელმაც მუხლის ოპერაცია გაიკეთა და სეზონი დაასრულა.

 იუპ ჰაინკესი - "გუდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ეს ერთადერთი გზაა წარმატების მისაღწევად, როდესაც საუკეთესო გუნდს ეთამაშები. სწორედ ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. „ბაიერნი“ რობერტ ლევანდოვსკის თამაშით ძალიან ბედნიერია. მან, ბოლო წლებში ბევრი გოლის გატანა შეძლო და ამას ჯერ „დორტმუნდში“ ახერხებდა, ახლა კი „ბაიერნში“. ყველაფერთან ერთად ის საკმაოდ პოზიტიური მოთამაშეა, რომელიც ფეხბურთისთვის ყველაფერს აკეთებს. ის სქემაში იდეალურად ჯდება და ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ალაბასა და ტოლისოს საკითხი თამაშის წინ გადაწყდება, მას შემდეგ რაც ექიმებთან მათ საკითხს გავივლი. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მყოფ გუნდებს ასეთი პრობლემები ხშირად აქვთ და ეს ნორმალურია. არტურო ვიდალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ ამჯერად ვერაფერს გავაწყობთ. რაც შეეხება გასამართ თამაშს, იმედი მაქვს რომ ფეხბურთის გულშემატკივრის მოლოდინებს გავამათლებთ, რადგან ორივე გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. აქ ფავორიტი არ არსებობს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რეალმა ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა და მათი შეტევა ძალიან მრისხანეა, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენც ძალიან კარგ ფორმაში ვართ. ჩვენ მოვიგეთ ბუნდესლიგა, გერმანიის თასის ფინალში ვართ და რათქმაუნდა ლიგის ფინალისთვის ვიბრძვით. ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მეექვსედ მოგების შანსი აქვს.”

"რეკორდმაისტერის" გულშემატკივრებს კი იმედი აქვთ რომ მათი გუნდი 2013 წლის მიღწევას გაიმეორებს და ტრებლის მოგებას შეძლებს. მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა ჯოშუა კიმიხმა გერმანულ ბილდთან კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და პორტუგალიელი მესის შეადარა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "რეალი" და "ბაიერნი" ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ და ორმატჩიან დუელში რონალდუმ მიუნხენელების კარი ხუთჯერ დალაშრქა. პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონსაც უმაღლეს დონეზე ატარებს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 10 ჩატარებულ შეხვედრაში 15 ბურთი აქვს გატანილი.

 ჯოშუა კიმიხი - „როდესაც საქმე გოლების გატანას ეხება, ვფიქრობ რომ აქ რონალდუ ლიდერობს. განსაკუთრებით ეს ჩემპიონთა ლიგას ეხება. მესი რადიკალურად განსხვავებული მოთამაშეა. ცალკეულ საკითხებში რონადუ უფრო სრულყოფილია. მესი უფრო მეტად ინდივიდუალისტი და სრულყოფილი დრიბლინგის პატრონია, პორტუგალიელი კი დასკვნით მომენტშია საუკეთესო. მე არ შემიძლია, რომელიმე უფრო მაღლა დავაყენო. მოხარული ვარ, რომ ორივე მათგანის მეურვეობა მომიწია.

 გერმანელმა მცველმა გასამართ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის. "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და ნებისმიერი მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება შეუძლია.ჩვენ თითოეულ მომენტზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ, რადგან მეტოქის შეტევა ამას არ გვაპატიებს. ნახევარფინალური მატჩისთვის მზად ვართ და მის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

 „ბაიერნისა“ და „რეალის“ დაპირისპირება დღეს, „ალიანს არენაზე“ თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. შეხვედრას ჰოლანდიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი კი ბიორნ კუიპერსი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები