იტალიური პრესა: ანჩელოტი ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა...
Aa
Aa

იტალიური პრესა: ანჩელოტი ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა...

ჯამპიერო ვენტურას ნოემბერში დათხოვნის შემდეგ, იტალიის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა და მას ამხანაგურ შეხვედრებში ქვეყნის 21 წლამდელთა ნაკრების თავკაცი ლუიჯი დი ბიაჯო მოძღვრავდა.

წამყვანმა აპენინურმა გამოცემებმა დღეს დაწერეს, რომ "სკუადრა აძურას" ჩაბარების მთავარი კანდიდატი კარლო ანჩელოტია, რომელიც ამ პოსტთან საკმაოდ ახლოსაა. Corriere dello Sport-ის ცნობით, ანჩელოტიმ და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა - რობერტო ფაბრიჩინიმ და ალესანდრო კოსტაკურტამ, რომის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვედრა გამართეს.

კოსტაკურტამ ანჩელოტისთან შეხვედრა არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ იგი ყოფილ თანაგუნდელს შემთხვევით გადაეყარა: "კარლო რომში პერსონალური მიზეზებით იმყოფებოდა. მას შემთხვევით შევხვდი იმ სასტუმროში, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ. გულახდილად გეტყვით, რომ მისი მხრიდან ნაკრების გაწვრთნაზე არ გვისაუბრია, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ვიხუმრეთ, რეალურად კი სერიოზული არაფერი ყოფილა". 

პრესა ამტკიცებს, რომ მხარეებმა დაახლოებით საათ-ნახევარი ისაუბრეს და შესაძლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. არსებული ინფორმაციით, მთავარი დაბრკოლება ხელფასია. ანჩელოტი მიუნხენის "ბაიერნში" წლიურად 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ხოლო იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, ნაკრების მთლიანი სამწვრთნელო შტაბისთვის წლიურად 5 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი. 

მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა ანტონიო კონტე "სკუადრა აძურას" ავარჯიშებდა, პირადად ის წლიურ ხელფასად 4.1 მილიონ ევროს იღებდა, თუმცა პრესაში ამბობენ, რომ ამ თანხის ნაწილს ფედერაციის სპონსორი "პუმა" იხდიდა.

ფედერაციის წარმომადგენლებმა "პაპა კარლოს" ნაკრების სამწვრთნელო შტაბში თავისი ვაჟის, დავიდეს მიყვანა შესთავაზეს, რომელიც ანჩელოტის "ბაიერნში" მუშაობისასაც ეხმარებოდა. გარდა ამისა, ფაბრიჩინიმ და კოსტაკურტამ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ 28 წლის დავიდესთან ერთად, ასისტენტის პოზიციაზე, გამოცდილ მწვრთნელს ანდრეა პირლო ან მასიმო ამბროზინი შეუერთდეს. ანჩელოტი ორივე მათგანს "მილანში" ყოფნისას წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის ნაკრების გაწვრთნის მთავარ კანდიდატად რობერტო მანჩინი სახელდებოდა. ამასთანავე, ხშირად ისმოდა კლაუდიო რანიერის სახელიც. თავად ანჩელოტის კი "არსენალთან" ერთად, ყოფილ კლუბ "ჩელსისაც" უკავშირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები