ლევან მჭედლიძემ შესაძლოა ''ნოვარასთან'' ითამაშოს
Aa
Aa

ლევან მჭედლიძემ შესაძლოა ''ნოვარასთან'' ითამაშოს

იტალიური ''ემპოლის'' ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე მოედანს უბრუნდება. empolichannel-ის ცნობით სერია ბ-ს 38-ე ტურში ''ემპოლისა'' და ''ნოვარას'' შეხვედრაში მჭედლიძე სამატჩო განაცხადში მოხვდება, თუმცა რთული სათქმელია მოუწევს თუ არა თამაშში ჩართვა.

სერია ბ-ს გათამაშების მიმდინარე სეზონში ''ემპოლის'' ფორვარდებმა კაპუტო და დონარუმამ საერთო ჯამში 48 გოლი გაიტანეს. ამ ეტაპზე საუკეთესო ბომბარდირი კაპუტოა, რომელმაც 36 მატჩში 24 გოლი შეაგდო.

crystalsport-თან საუბარში ლევან მჭედლიძე აცხადებდა, რომ ''ფროზინონესთან'' თამაშს შეძლებდა, თუმცა 23 აპრილს გამართულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და არც სამატჩო განაცხადში იმყოფებოდა.

ლევან მჭედლიძემ ხანგრძლივ ტრავმამდე ბოლო მატჩი სერია ა-ს გასულ სეზონში ''მილანთან'' ჩაატარა, 33-ე ტურში ელ კადურის პასით ''მილანს'' ''სან სიროზე'' გაუტანა, შეხვედრა 2017 წლის 23 აპრილს გაიმართა.

მიმდინარე სეზონში ''ემპოლი'' სერია ბ-ს ერთპიროვნული ლიდერია და დიდი ალბათობით პირველ ადგილზე დაასრულებს გათამაშებას.

ხშირი ტრავმების გამო მჭედლიძემ 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებისთვის მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა ირლანდიისა და უელსის წინააღმდეგ. 2007 წლიდან მოყოლებული მჭედლიძემ ეროვნულ ნაკრებში 31 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, პირველად შოტლანდიას შეუგდო, შემდეგ კი - ლუქსემბურგს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები