Aa
Aa

"მეფე ხანი" ჯუნგლებს დაუბრუნდა!

ამირ ხანი რინგს დაუბრუნდა! ბრიტანელმა მოკრივემ, რომელმაც ბოლოს თითქმის 2 წლის წინ იჩხუბა, ლივერპულში კანადელი მებრძოლი, ფილ ლო გრეკო 39 წამში დაამარცხა.

ამირმა უპირატესობა ორთაბრძოლის დასაწყისშივე მოიპოვა და ლო გრეკო ნოკდაუნში ჩააგდო, მალევე ბრიტანელმა ჩვეული ძლიერი დარტყმების სერია განახორციელა და შეხვედრის არბიტრი - ვიქტორ ლოუგლინი, იძულებული გახადა მატჩი შეეჩერებინა.

გამარჯვების შემდეგ ამირმა დაიყვირა:“ხანი დაბრუნდა!“ და იქვე მჯდომი კელ ბრუკი ბრძოლაში გამოიწვია.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბრიტანელმა მოკრივემ განაცხადა: “საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, ჩემი მწვრთნელი ჯო გუსენი მეუბნებოდა, რომ საწყისივე რაუნდებში მეტოქის ნოკაუტში ჩაგდება არ მეცადა, თუმცა რთულია უარი ხელსაყრელი მომენტის გამოყენებაზე თქვა, მოწინააღმდეგეს მარცხენა ჰუკით საკმაოდ ძლიერი დარტყმა მივაყენე და რამდენიმე წამში დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დავასრულე“.

„ორთაბრძოლამდე ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ ეს აბსოლუტურად გასაგებია, ორი წელია რინგზე არ გამოვსულვარ. ტრადიციულად ლივერპულელი გულშემატკივარი შეუდარებელი იყო, მათ ჩემს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ“.

„მინდა, რომ ელიტარულ კომპანიას დავუბრუნდე და კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე. მსურს საუკეთესო მოკრივეებთან ვიასპარეზო და საკუთარი სიძლიერე დავამტკიცო. აქვე აღვნიშნავ, რომ კელ ბრუკთან აუცილებლად ვიჩხუბებ და დარწმუნებული იყავით, რომ მას დავამარცხებ“.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება პრინციპულ ხასიათსაც ატარებდა, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კანადელმა მოკრივემ ხანს და მის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა და განაცხადა:“თავიდან კანელომ დაგამარცხა, შემდეგ ცოლი დაკარგე, ბოლოს კი სოციალურ ქსელში მსოფლიო ჩემპიონს (ენტონი ჯოშუა იგულისხმება) უთხარი, რომ მისი ნარჩენების ქონით ბედნიერი ხარ და იმ ქალს შეურიგდი, რომელსაც რამდენიმე კვირის ბრალს წინ ღალატში დებდი“. ამ სიტყვებმა ხანი აღაშფოთა და ლო გრეკოს წყალი შეასხა. საბოლოოდ ორივე მოკრივემ მოიბოდიშა.

ედი ჰირნს, რომელიც ორივე მებრძოლის პრომოუტერია, სურს რომ მათი დაპირისპირება წლის ბოლოს მანჩესტერში ან კარდიფში გაიმართოს. თუმცა ხანს ბრუკამდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა მოუწევს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება, მანამდე კი მას შეუძლია თავისი შესანიშნავი დაბრუნებით ისიამოვნოს და მსოფლიოს საკუთარი „ქამბექის“ შესახებ ამცნოს!!!

ცხელი ამბები