ჰაინკესი
Aa
Aa

ჰაინკესი "რეალთან" შეხვედრაზე: "ამ დონის მატჩებში მთავარი ფსიქოლოგიური მომზადებაა"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები კარსაა მომდგარი და ქომაგების უმრავლესობა რა თქმა უნდა, "ბაიერნისა" და "რეალის" მატჩს ელოდება.

გუნდები წინასამატჩოდ განსხვავებულ მდგომარეობაში არიან. "რეალს" ამ უქმეებზე არ უთამაშია, რადგან ლა ლიგაში მათი მეტოქე "სევილია" იყო, რომელმაც გუშინ სამეფო თასის ფინალი გამართა და "ბარსელონასთან" 0:5 დამარცხდა.

ამ მიზეზის გამო "რეალისა" და "სევილიას" შეხვედრა გადაიდო და "სამეფო კლუბმა" "ბაიერნთან" მატჩისთვის მთელი 7 დღით დაისვენა.

მიუნხენელებმა თავიანთი შეხვედრა გუშინ "ჰანოვერში" გამართეს და 3:0 მოიგეს. ვერ ვიტყვით, რომ ჰაინკესის გუნდმა დიდი ენერგია დახარჯა. იუპმა რამდენიმე ლიდერი დაასვენა და მინდორზე მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუშვა.

როცა "ბაიერნი" თავის შეხვედრას ატარებდა, კრიშტიანო რონალდუ თავისუფალი დროით ტკბებოდა და ისვენებდა. პორტუგალიელმა twitter-ზე ფოტოც კი განათავსა.

"რეკორდმაისტერის" თავკაცი იუპ ჰაინკესი ამ ფაქტს საგანგაშოდ არ მიიჩნევს და მადრიდელთა დასვენების დღეებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი თქმით, ასეთი დონის შეხვედრებში მთავარი ფსიქოლოგიური მომზადებაა.

"თქვენ არასდროს იცით, აქვს თუ არა მნიშვნელობა ზედმეტ დასვენებას. ამ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური მომზადება გახლავთ.

მთავარია, რომ მთელი გუნდი მადრიდელებთან მატჩზეა კონცენტრირებული. ახლა მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა.

ასევე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ "ჰანოვერთან" გაგვემარჯვა, რადგან ჩემპიონთა ლიგის წინ კარგი განწყობა აუცილებელია. ეს ყოველთვის ასეა.

სეზონი გრძელია და ჩვენ ყოველ სამ დღეში ერთხერ თამაში გვიწევს. მთავარია, რომ ფეხბურთელებს თამაში ყოველთვის სურთ და ისინი ამისთვის მუდამ სრულ მზადყოფნაში არიან.

მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მოედანზე გასვლა სურდათ. ბიჭებმა დამანახეს, რომ თამაშის სურვილი ყველა შეხვედრაში აქვთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები