ბეგლარიშვილის მორიგი გოლი - 8 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე პასი
Aa
Aa

ბეგლარიშვილის მორიგი გოლი - 8 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე პასი

ესტონეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ლიდერების დაპირისპირება შედგა. მერვე ტურში ტალინურ დერბიში ''ლევადიამ'' ''სპორტლანდ არენაზე'' 2:1 დაამარცხა ''ფლორა.''

37-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. 51-ე წუთზე ''ფლორას'' ქართველმა ლიდერმა ზაქარია ბეგლარიშვილმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა. ''ლევადიამ'' 61-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო.

 

მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატის 8 მატჩში 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 7 საგოლე პასი შეასრულა და 4 გოლი გაიტანა. სატურნირო ცხრილში ''ფლორა'' 16 ქულით მესამე ადგილზეა, 4 ქულით ჩამორჩება ''ლევადიასა'' და ''კალიუს.''

18 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა იტალიური ''ლუკეზეს'' ქართველმა ფორვარდმა ირაკლი შეყილაძემ.  სერია ც-ს ა ჯგუფის 35-ე ტურში ''ლუკეზემ'' სტუმრად 2:0 დაამარცხა ''ჯიანა ერმინიო.'' საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი 63-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, 65-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. გოლები შეყილაძის მოედანზე გამოსვლამდე გავიდა. 19-გუნდიან ლიგაში ''ლუკეზე'' 41 ქულით მე-13 ადგილზეა.

''ემპოლისა'' და ''სპეციას'' ყოფილი ფორვარდი მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა ''ლუკეზეს'' მოთამაშე. ''ლუკეზეს'' მაისურით ხუთი მატჩი ჩაატარა. მას მინდორზე გატარებულ 168 წუთში გოლი არ გაუტანია.

ჩეხეთის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში ''სლოვაცკომ'' შინ 1:0 დაამარცხა ''ბრნო.'' საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე ტრავმის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩში მოხვდა ''სლოვაცკოს'' თადარიგში, თუმცა მისი დებიუტი ამჯერადაც გადაიდო. 16-გუნდიან ლიგაში ''სლოვაცკო'' 24 ქულით მე-13 ადგილზეა. სიხარულიძის გუნდი მხოლოდ 2 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები