Aa
Aa

"აზრის შეცვლას არ ვაპირებ" - ინიესტამ წასვლა დაადასტურა - ვინ შეცვლის კაპიტანს?

2008 წელს პეპ გუარდიოლა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იმ დღიდან მოყოლებული კატალონიური გუნდი ახალ საფეხურზე ავიდა.

გუარდიოლამ შექმნა გუნდი, რომელიც ყველა ტურნირზე დომინირებდა და ნებისმიერ მეტოქეს აიძულებდა, რომ თავიანთ სტილზე უარი ეთქვათ და მათ წინააღმდეგ ღრმა დაცვიდან ეთამაშათ.

"ბარსელონას" დომინირება მხოლოდ მწვრთნელის დამსახურება როდი იყო. "ლა მასიამ", ანუ "ბარსას" სკოლამ აღზარდა ეპოქალური ფეხბურთელები, რომლებმაც იმაზე მეტი ტიტული მოიგეს, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.

2012 წელს, გუარდიოლას გუნდიდან წასვლის შემდეგ "ბარსა" ეტაპობრივად იცვლებოდა და ფორმირდებოდა. მიდიოდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ახალი სახეები ანაცვლებდნენ და ნელ-ნელა ყველა ხედავდა, რომ გუნდი მესიზე სულ უფრო დამოკიდებული ხდებოდა.

ჯერ წავიდა ჩავი, ახლა კი ანდრეს ინიესტასთან დამშვიდობების დრო დადგა.

"ბარსას" ხერხემალიდან, რომელიც 4 კაცისგან შედგებოდა, მომდევნო სეზონში მხოლოდ 2 მათგანი დარჩება - მესი და ბუსკეტსი.

დღეს, "კამპ ნოუზე" "ვალენსიასთან" გამარჯვების (2:1) შემდეგ, სადაც "ბარსამ" ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა და 39 მატჩიანი წაუგებელი სერია დააფიქსირა, ანდრეს ინიესტამ დაადასტურა, რომ მისი კატალონიური კარიერა სრულდება.

"აქ მუდამ ჩემი სახლი იქნება. "კამპ ნოუს" მხარდაჭერა ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს. ქომაგბის თანადგომას სულ ვგრძნობდი და ეს მე ძალას მმატებდა.

ვხვდები რაც სურთ გულშემატკივრებს მაგრამ ისინი ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენენ და მას ვერ შეცვლიან. ჩემი მომავალი უკვე გადაწყვეტილია და აზრის შეცვლას არ ვაპირებ".

როგორც ესპანური პრესა იუწყება, ინიესტა კარიერას ჩინეთში გააგრძელებს და იქ რამდენიმე სეზონს გაატარებს, რის სანაცვლოდაც კოლოსალურ თანხას მიიღებს.

"ბარსელონას" სეზონის დასრულების შემდეგ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება მოუწევს.

უკვე ვიცით, რომ ახალი სეზონიდან "კამპ ნოუზე" 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური ითამაშებს, რომელიც ამჟამად "გრემიოში" თამაშობს.

კლუბმა ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყო და რამდენიმე სამიზნეც ჰყავს. დიდი შანსია იმის, რომ მოურინიოსთან უთანხმოების გამო "მანჩესტერი" პოლ პოგბამ დატოვოს, რომლის მსურველთა სიაში "ბარსაც" იმყოფება.

პოგბაზე მეტი ინფორმაცია არ გავრცელებულა, სამაგიეროდ ესპანური და ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ "ბლაუგრანა" ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველით კრისტიან ერიკსენით ინტერესდება.

RAC1-მა დღეს ერიკსენზე მორიგი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც "ბარსა" ლონდონელებს ანდრე გომეშსა და გარკვეულ თანხას შესთავაზებს, სანაცვლოდ კი დანიელ ნახევარმცველს მოითხოვენ.

თავად ერიკსენს "ბარსელონასადმი" სიმპათიები ახალგაზრდული ასაკიდანვე ჰქონდა. 2011 წელს, როცა ის "აიაქსის" რიგებში ასპარეზობდა, მან თავის მომავალზე ისაუბრა: "თუ, ინგლისის პრემიერლიგიდან შემოთავაზებას მივიღებ, მასზე სავარაუდოდ უარს ვიტყვი, რადგან თუ სადმე წასვლა მსურს ეს კლუბი ბარსელონაა".

საბოლოოდ, "ბარსა" ერიკსენით არ დაინტერესდა და დანიელიც "ტოტენჰემში" აღმოჩნდა.

წლების გასვლის შემდეგ, ფეხბურთელს კატალონიელებისადმი სიყვარული არ განელებია. მან, რამდენიმე თვის წინ მორიგი განცხადება გააკეთა და "კამპ ნოუზე" თამაშის სურვილი კვლავ გამოთქვა: "ჯერჯერობით ბარსელონასგან არანაირი წინადადება არ მიმიღია. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, რომ ესპანურ გრანდში ითამაშოს. შესაძლოა ფეხბურთელმა ამ წინადადების მიღების შემდეგ, მასზე უარიც განაცხადოს, როგორც ეს თავის დროზე დანიელ აგერმა გააკეთა, მაგრამ, თუ ამის შანსი მე მომეცემა, მას აუცილებლად გამოვიყენებ".

"ბარსელონაში" თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი დაიწყო და საინტერესოა, თუ როგორ გადაიტანს კლუბი ამას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები